თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ე.წ. 3+3 ფორმატთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ცხადია საქართველოს პოზიცია აღნიშნულ ფორმატთან დაკავშირებით და ამ ეტაპზე ფორმატში მონაწილე ქვეყნები „3+2“ ფორმატში აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
„მოგეხსენებათ, ჩვენი დიდი ძალისხმევა, რომ რეგიონში დამყარდეს საბოლოო მშვიდობა და განმტკიცდეს სტაბილურობა, არის ძალიან დიდი და საქართველოც ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული. ჩვენ ვახორციელებთ ძალზედ მნიშვნელოვან მექანიზმებს.
ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მექანიზმები. მოგეხსენებათ, რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ცხადია საქართველოს პოზიცია „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე ვაგრძელებთ „3+2“ ფორმატში რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.