თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ანკარის სურვილია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში მშვიდობიანი გზით გადაწყდეს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტის საკითხი. მისივე თქმით, შეხვედრისას, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ისაუბრეს მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობაზე.
„ამ კონტექსტში ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან მექანიზმზე, როგორიც არის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომა და შევთანხმდით, რომ რიგით მესამე სხდომა უნდა გაიმართოს უახლოეს მომავალში. ასევე, ვისაუბრეთ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტზე საქართველოში, არსებობს ასეთი გეგმა. ასევე, ვისაუბრეთ შერეული ეკონომიკური კომისიების მორიგი სხდომის ჩატარების აუცილებლობაზე. მე ვფიქრობ, როგორც კი ცნობილი გახდება ბატონი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტის თარიღი საქართველოში, მეც ასევე, ჩემს გუნდთან ერთად, დიდი სიამოვნებით ვეწვევი საქართველოს. დღეს ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა და კოლეგამ, ილია დარჩიაშვილმა მიმიწვია საქართველოში და დიდი სიამოვნებით განვახორციელებ ამ ვიზიტს“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
მისივე თქმით, შეხვედრისას ისაუბრეს ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან უსაფრთხოების საკითხებზეც.
„ჩვენი კეთილი მეზობლისა და მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს, ჩემს ძვირფას მეგობარს, ილია დარჩიაშვილს გულწრფელად გავუზიარე ამ მხრივ ჩვენი მოსაზრებები და მოლოდინები, რაც კონკრეტულად ეხება ფეთჰულა გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მოგეხსენებათ, თურქეთი არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი. ასევე, თურქეთი მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და NATO-ში ინტეგრაციის პროცესს. ჩვენი ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოვხატეთ აღნიშნულ შეხვედრებზე და ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი სურვილია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში მშვიდობიანი გზით გადაწყდეს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის საკითხი“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული უსაფრთხოების დღის წესრიგის საკითხებზე.
„ვისაუბრეთ უკრაინისა და ყარაბაღის საკითხებზე, ერთმანეთს გავუზიარეთ მნიშვნელოვანი მოსაზრებები ამ საკითხებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ჩვენი დიდი ძალისხმევა, რომ რეგიონში დამყარდეს საბოლოო მშვიდობა და განმტკიცდეს სტაბილურობა, არის ძალიან დიდი და საქართველოც ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული. ჩვენ ვახორციელებთ ძალზედ მნიშვნელოვან მექანიზმებს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მექანიზმები“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.