აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამა - ჯილდო სამართლიანობისთვის (RFJ), რომელსაც დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახური უწევს ადმინისტრირებას, აშშ-ის არჩევნებში უცხოური ჩარევის შესახებ ინფორმაციისთვის 10 მილიონ დოლარამდე ჯილდოს აწესებს.
დეპარტამენტი ეძებს ინფორმაციას შპს ინტერნეტ კვლევითი სააგენტოსა (“IRA”) და რუს ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის შესახებ, ასევე, მასთან დაკავშირებულ რუსულ ორგანიზაციებსა და ასოცირებულ პირებზე აშშ-ის არჩევნებში მათი ჩართულობის შესახებ.
„IRA რუსული ერთეულია, რომელიც ჩართულია პოლიტიკურ და საარჩევნო ჩარევის შესახებ ოპერაციებში. ჯერ კიდევ 2014 წლიდან, IRA-მ დაიწყო ოპერაციები აშშ-ის პოლიტიკურ სისტემაში ჩარევის მიზნით, მათ შორის 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ჩათვლით, სტრატეგიული მიზნით, რათა განხეთქილების გავრცელებას შეუწყოს ხელი. IRA ფუნქციონირებდა რამდენიმე რუსული სუბიექტის მეშვეობით, მათ შორის არიან: Internet Research LLC, MediaSintez LLC, GlavSet LLC, MixInfo LLC, Azimut LLC და NovInfo LLC.
ევგენი პრიგოჟინი რუსეთის მოქალაქეა, რომელიც აფინანსებდა IRA-ს მის მიერ კონტროლირებადი კომპანიების, Concord Management and Consulting LLC-ისა და Concord Catering-ის (კოლექტიური „Concord“) მეშვეობი“, - იუწყება სახელმწიფო დეპარტამენტი.
The Washington Post-ის თანახმად, პრიგოჟინი, რომელიც მოთხილამურის კარიერის მოწყობას ცდილობდა, ოცნება 1981 წელს დაემსხვრა, როდესაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ყაჩაღობის, თაღლითობისა და არასრულწლოვანთა პროსტიტუციაში ჩართვისთვის. პრიგოჟინმა ციხეში 9 წელი გაატარა და გაათავისუფლეს 1990 წელს, სწორედ მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა. დასავლურ მედიაში პრიგოჟინი პუტინის „შეფ მზარეულად“ არის მოხსენიებული. როგორც იტყობინებიან, პუტინი აღფრთოვანებილი იყო რუსი ოლიგარქის მიერ გემზე გახსნილი რესტორნით, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ცნობილ ლიდერებთან ერთად უსადილია.
ცნობისათვის, ჯილდოები სამართლიანობისთვის არის ეროვნული უსაფრთხოების მთავარი პროგრამა, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს. 1984 წელს დაარსების დღიდან, პროგრამამ 250 მილიონ დოლარზე მეტი გასცა 125-ზე მეტი ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში, რომლებმაც საჭირო ინფორმაცია მიაწოდა ამერიკულ მხარეს, რაც თავის მხრივ, აშშ-ს, ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეების გადაჭრაში დაეხმარა.