საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირდაპირი პასუხი არ გასცა შეკითხვას, იყო თუ არა საქმის კურსში შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილსა და შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის გაიმართა. ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ შეერთებული შტატებთან და ევროპასთან ურთიერთობების გაძლიერებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
„მე როგორც პრემიერ-მინისტრი, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამერიკასთან და ევროპასთან ურთიერთობების გაძლიერებას, გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით მე მაქსიმუმს გავაკეთებ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რატომ დაიწყეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ანტიდასავლური კამპანია და ეთანხმება თუ არა „განდგომილების პოზიციას“, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ჩვენ დიდი განსაცდელი გამოვიარეთ მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში“.
„ჩვენმა გუნდმა მოვახერხეთ და ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც არის ომი, ავარიდეთ ქვეყანას მიუხედავად დიდი პროვოკაციებისა, პირდაპირი მოწოდებებისა“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაძლიერდეს ურთიერთობები მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკასთან. „ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, ეს არის შეუქცევადი გზა“, - დაამატა ღარიბაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ აშშ-ის ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.