შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრთან, სამაშველო ღონისძიებების დასრულებამდე, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით, გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
„ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები. მომხდარის შესახებ ყველა დეტალი ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის“, - აცხადებს შსს.