„დღეს სისტემაში გვაქვს გაცილებით მეტი კლინიკა და საწოლფონდი, ვიდრე საჭიროა ქვეყნისთვის. ამ სიჭარბის ფონზე კი შეგვიძლია, კლინიკების მოვთხოვოთ მაღალი ხარისხის მომსახურება ჩვენი მოქალაქეებისთვის და სამართლიანი ტარიფებით მოვახდინოთ ბიუჯეტიდან ამ თანხების ანაზღაურება“ , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, უწყებას მნიშვნელოვანი რეფორმები და სისტემური ცვლილებები აქვს დაწყებული. ერთ-ერთი ასეთი კი კლინიკებისთვის იმ სამართლიანი ტარიფების დაწესებაა, რომელსაც სახელმწიფო მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისის გაწევის შემდეგ გადაიხდის.
„ეს რამდენიმეწლიანი პროცესია და ჩვენ უკვე ვართ იმ ეტაპზე, როცა შემოვიღებთ იმ სამართლიან და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში აპრობირებულ მეთოდს, რაც არის DRG მეთოდი და ამ მეთოდით ჩვენ უკვე სამედიცინო სექტორს შევთავაზებთ ტარიფებს, რომლითაც ისინი მოახდენენ ოპერირებას. რაც შეეხება იმას, რომ აღნიშნული ტარიფები, ბიზნესის თვალსაზრისით, შეიძლება რომელიმე კლინიკისთვის არ იყოს საინტერესო და მოუწიოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოთიშვა, გეტყვით იმას, რომ დღეს, სისტემაში გვაქვს გაცილებით მეტი კლინიკა და საწოლფონდი, ვიდრე საჭიროა ქვეყნისთვის. ასევე, რეანიმაციული საწოლების რაოდენობა არის მნიშვნელოვნად მეტი, საერთაშორისოდ მიღებულ სტანდარტებთან შედარებით.
ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე ვაკეთებთ შედარებას, თუ რა არის მოცემულობა ყოველ 100 000 მოსახლეზე და ამ ნაწილში ვართ გაცილებით წინ. ვგულისხმობ იმას, რომ ზედმეტია კლინიკები და საწოლები ქვეყანაში. სწორედ აქედან გამომდინარე, დღეს არის ზუსტად ის მომენტი და შესაძლებლობა, როცა ამ სიჭარბის ფონზე, შეგვიძლია, კლინიკების მოვთხოვოთ მაღალი ხარისხის მომსახურება და სამართლიანი ტარიფებით მოვახდინოთ ბიუჯეტიდან ამ თანხების ანაზღაურება.
თუ კლინიკებისთვის ბიზნესის კუთხით არ იქნება საინტერესო ის ტარიფები და სტანდარტები რასაც ჩვენ მოვთხოვთ, შეიძლება, ზოგიერთმა თქვას, რომ დამატებით ინვესტიციებს საჭიროებს და ა.შ. ჩვენ ამ ხარჯების დაზოგვის მიზნით, ნამდვილად ვერ წავალთ იმ რისკზე, რაც საბოლოოდ პაციენტის მომსახურებაზე ახდენს გავლენას და დაკავშირებულია მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით.