აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ხელისუფლების მშვიდი, ორგანიზებული და შეუფერხებელი გადაბარების უზრუნველყოფაზეა ფოკუსირებული. ამის შესახებ მან Twitter-ში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ვიდეო მისი Twitter-ის გვერდზე 12-საათიანი შეზღუდვის გაუქმების შემდეგ განთავსდა.
მოქმედმა პრეზიდენტმა ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხდარით აღშფოთებულია.
„ისევე როგორც თითოეული ამერიკელი, ძალადობითა და უკანონო ქმედებით აღშფოთებული ვარ. შეერთებული შტატები იყო და ყოველთვის უნდა იყოს კანონისა და წესრიგის ქვეყანა. კაპიტოლიუმში შეჭრილმა დემონსტრანტებმა შებღალეს ამერიკული დემოკრატიის ადგილსამყოფელი. მივმართავ მათ, ვინც ძალადობასა და ნგრევაში მონაწილეობდა : თქვენ არ წარმოადგენთ ჩვენს ქვეყანას და მათ, ვინც კანონი დაარღვია: თქვენ ამისთვის გაზღვევინებენ.
ჩვენ ახლახანს გავიარეთ დაძაბული არჩევნები და ემოციები მძაფრია. თუმცა ახლა დროა, რომ ტემპერატურამ დაიწიოს და სიმშვიდე აღდგეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ახლა კონგრესმა დაამტკიცა შედეგები და ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაცია შედგება 20 იანვარს. მე ფოკუსირებული ვარ ახლა ხელისუფლების მშვიდი, ორგანიზებული და შეუფერხებელი გადაბარების უზრუნველყოფაზე. ეს მომენტი საჭიროებს განკურნებასა და შერიგებას“, – განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის საარჩევნო კანონმდებლობა რეფორმირებას საჭიროებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნდობა მომავალი არჩევნებისადმი. ტრამპის თქმით, მისთვის პატივი იყო, ემსახურა აშშ-ის მოქალაქეებისთვის. მან ასევე თავის მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ „საოცარი მოგზაურობა ჯერ მხოლოდ იწყება“.