აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსი სტივენ სანდი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას Nbcnews-ი ავრცელებს.
მანამდე გადადგომისკენ პოლიციის უფროსს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ მოუწოდა. სანდს უფლებამოსილება 16 იანვრიდან შეუწყდება.
ხელმძღვანელობის ცვლილების აუცილებლობის შესახებ კაპიტოლიუმის პოლიციის დეპარტამენტის კავშირის თავმჯდომარემ გას პაპათანასიუმაც ისაუბრა.
„კონგრესის არც ერთი წევრი და თანამშრომელი არ დაშავებულია. ჩვენმა ოფიცრებმა თავისი საქმე შეასრულეს. ჩვენმა ხელმძღვანელობამ კი არა“, – აღნიშნულია კავშირის თავმჯდომარის განცხადებაში.
ცნობისთვის, 6 იანვარს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის დროს ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.