აშშ-ის საელჩო საქართველოში, გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სამძიმარს უცხადებს ტრაგიკულად დაღუპული მესაზღვრეების, საგანგებო სიტუაციების მართვის და პირველადი რეაგირების პერსონალის ოჯახებს და მეგობრებს მათი ტრაგიკული დაღუპვის გამო. ამერიკის შეერთებული შტატების მთელი გუნდი პატივს მიაგებს მათ მიერ აღებული ვალდებულებისადმი ერთგულებას, დაიცვან საქართველოს უსაფრთხოება“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
დღეს 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა და დაშავდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შსს-ს ინფორმაციით ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.