თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს

დამწუხრებული ვართ საქართველოში, გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს ვერტმფრენის ჩამოვარდნის და ბორტზე მყოფი ეკიპაჟის რვა წევრის გარდაცვალების გამო, - თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

„დამწუხრებული ვართ საქართველოში, გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს ვერტმფრენის ჩამოვარდნის და ბორტზე მყოფი ეკიპაჟის რვა წევრის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ჩვენი მეზობელი საქართველოს მეგობარ მთავრობას და ხალხს”, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.  გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. 

ამასთან, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.