დავით ზალკალიანი: უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა გუდაურში - მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ამ მძიმე დროს სოლიდარობისთვის

აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ზალკალიანი, გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა გუდაურში. ჩვენი გმირი მაშველები, მედიკოსები და მფრინავები, საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს, სიცოცხლის გადასარჩენად, ტრაგიკულად დაიღუპნენ. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების, ახლობლების მწუხარებას და ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს!“, - აღნიშნავს ზალკალიანი.

ზალკალიანმა სოლიდარობის გამოხატვისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ამ მძიმე დროს სოლიდარობისთვის“, - წერს ზალკალიანი.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში მომხდარ ტრაგედიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელ​ი ნედ პრაისი გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.  გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. 


ასევე წაიკითხეთ: