პოლონეთის პრემიერმა მატეუშ მორავეცკიმ დაადასტურა, რომ უკრაინაში ომთან მიმართებით, განსხვავებული პოზიციების გამო, პოლონეთისა და უნგრეთის გზები გაიყო.
„მე ვეთანხმები პრემიერ-მინისტრ ორბანის პოზიციას, რომ პოლონეთისა და უნგრეთის გზები გაიყო“, - განაცხადა მორავეცკიმ.
მისი თქმით, პოლონეთი არ მონაწილეობს რუსეთ-უკრაინის ომში. „ომს აწარმოებენ უკრაინელები“, - აღნიშნა მორავეცკიმ. მისი თქმით, უკრაინელების გმირული ბრძოლა, მხარდაჭერილია „აშშ-ის იარაღით. ასევე უკრაინელებს ეხმარება ბრიტანეთი, პოლონეთი და ბევრი სხვა ქვეყანა. პრაქტიკულად მთელი ევროპა, რომლის მიზანიცაა საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა“.
„ჩვენ გვსურს, რომ უკრაინა გადარჩეს და შეინარჩუნოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა, თავისი სუვერენიტეტი“, - აღნიშნა მორავეცკიმ.
მანამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, პოლონეთისა და უნგრეთის ურთიერთობები „თავდაყირა დადგა“, რადგან უნგრეთი ამ ომს აფასებს, როგორც „ორი სლავი ერის კონფრონტაციას“, პოლონეთს კი სხვა პოზიცია აქვს და ამიტომ მათი გზები გაიყო.