ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ელენოვკაში, უკრაინელი ტყვეების მასობრივი მკვლელობის შემდეგ, მსოფლიომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ უნდა აღიაროს.
„არაა საკმარისი განხილვა, მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკის დონეზე. ეს მასობრივი მკვლელობაა. ამის შემდეგ რა ურთიერთობის დამყარებაა შესაძლებელი ტერორისტებთან? ამ რა ბიზნესურთიერთობებია შესაძლებელი ამ ქვეყანასთან? საჭიროა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნობა ფორმალურად და იურიდიულად. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, არ უნდა იყოს მხოლოდ პოლიტიკური ჟესტი, არამედ, ეს უნდა იყოს მთელი მსოფლიოს დაცვის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილება, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს არსებობას ართულებს და ავტომატურად ხდება სხვადასხვა ბიზნეს-ურთიერთობების გაწყვეტა. ეს 100% მოხდება. ეს უნდა გაკეთდეს. აქ მხოლოდ დროის ფაქტორი მოქმედებს ამ გადაწყვეტილების მიღებაზე. რაც უფრო სწრაფად მიიღებს მსოფლიო ამ გადაწყვეტილებას, მით უფრო ცოტა ბოროტების ჩადენას მოასწრებს რუსეთი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მანამდე, ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ „აზოვის“ მებრძოლები სიკვდილით დასჯას იმსახურებდნენ.
„აზოვის მებრძოლები სიკვდილით დასჯას იმსახურებენ, არა ათეულის ცეცხლით სიკვდილს, არამედ ჩამოხრჩობით, რადგან ისინი ნამდვილი ჯარისკაცები არ არიან. ისინი დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ,“ – დაწერა რუსეთის საელჩომ.
29 ივლისს რუსული მედია წერდა, რომ ელენოვკაში, სადაც უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, უკრაინის ჯარმა კოლონა დაცხრილა და სულ ცოტა 53 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის გენშტაბმა ეს ბრალდება უარყო. თავის მხრივ უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთმა ამ აქტით ტყვეების წამებისა და გარდაცვალების ფაქტები დამალეს.
უკრაინის დაზვერვა თვლის, რომ დონეცკის ოლქში, ელენოვკაში უკრაინელი პატიმრების მკვლელობა „ვაგნერის“ დაქირავებულებმა ევგენი პრიგოჟინის პირადი ბრძანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან კოორდინაციის გარეშე მოაწყვეს.
უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ „ჩაჭრეს“ სატელეფონო საუბრები, რომლებშიც დამპყრობლები ადასტურებენ, რომ სწორედ რუსი ჯარები იყვნენ პასუხისმგებელი ოკუპირებული ელენოვკას კოლონიაში მომხდარ აფეთქებაზე, სადაც სულ მცირე 53 უკრაინელი პატიმარი დაიღუპა.