„ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ჩემ მიერ მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა“, - ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდის, მირიან კუკავას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა დავით ჯიჯეიშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა.
დაკავებულ რვავე პირს ბრალი ოფიციალურად 30 ივლისს წარუდგინეს. ბრალდებული 7 პირიდან 5 პირს ბრალი ჯგუფური ხულიგნობით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 2 პირს ბრალდება ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება დავით ჯიჯეიშვილს, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე დაკავებული სხვა 7 პირი ბრალს არ აღიარებს.
ცნობისათვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის, ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, როდესაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მომხდარს მოგვიანებით ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც ის ადგილზე გარდაიცვალა. თავად ჯიჯეიშვილი მიმალვაში თითქმის ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.