თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი და ანა ბუჩუკური კელი დეგნანის მისამართით „ორგანიზებულ შეტევას“ ეხმაურებიან

პარლამენტის დეპუტატები: თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი და ანა ბუჩუკური ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ეხმაურებიან „ორგანიზებულ შეტევას აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის მისამართით და დეზინფორმაციულ ნარატივს, თითქოს ამერიკას სურს საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა“.

დეპუტატები ერთობლივ განცხადებაში საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ დროულად და ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება დეზინფორმაციულ კამპანიაზე.

„ამ ერთობლივი წერილით გვსურს გამოვეხმაუროთ "ქართული ოცნების" რიგი წევრების, თუ მისგან „გადგომილების“ ორგანიზებულ შეტევას აშშ-ს ელჩის ქალბატონ კელი დეგნანის მისამართით და მათ ღიად დეზინფორმაციულ ნარატივს, თითქოს ამერიკას სურს საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა, რაც აძლიერებს საქართველოში ანტიდასავლურ კამპანიას და ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

მიგვაჩნია, რომ მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია, რომელშიც ჩვენი კოლეგები ჩართნენ, საფრთხის შემცველია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისათვის. სწორედ ამიტომ, გვსურს მათ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ავუხსნათ, რომ ომი არა დასავლეთის, არამედ რუსეთის პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა ხერხებით.

თუ რატომ არის კრემლისთვის სასარგებლო დეზინფორმაციული განცხადებები აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით, ამის მარტივად ახსნა შემდეგია: ომი დაიწყო რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ, რისი შედეგიცაა განგრძობითი ოკუპაცია, ასიათასობით დევნილი საკუთარ სამშობლოში, რუსეთის მიერ ჩვენი რეგიონების მილიტარიზაცია და ანექსიური პროცესები.

რუსეთის მიერ დაწყებული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღემდე მიმდინარეობს რუსული ჰიბრიდული ომის ტაქტიკის გამოყენებით, რამდენადაც რუსეთის ინტერესია საქართველოს საკუთარი გავლენის სფეროში დაბრუნება და საგარეო და საშინაო პოლიტიკის დღის წესრიგის რუსეთის ინტერესების შესაბამისად გატარება. რუსეთი ჰიბრიდული ომის ტაქტიკის გამოყენებით უპირისპირდება საქართველოს საერთო ღირებულებას დასავლეთთან, რაც მდგომარეობს ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპის პატივისცემაში, დემოკრატიზაციაში, კეთილდღეობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ისევე როგორც ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაში, რაც შექმნის უსაფრთხოების და კეთილდღეობის ქოლგას საქართველოს ინტერესების დასაცავად“,-აღნიშნულია განცხადებაში.

დეპუტატები ასახელებენ არგუმენტებს, თუ რატომ არის დეზინფორმაცია, თითქოს ამერიკას საქართველოს რუსეთთან ომში ჩაბმა სურს.

„აშშ არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელზეც ძირითადად დგას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და შესაბამისად, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფის ინტერესი, ისევე როგორც ქვეყნის დემოკრატიის და კეთილდღეობის განვითარება და ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა. წლების მანძილზე აშშ-ს კანონმდებელთა ორპარტიულად მხარდაჭერილი „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, ასევე საქართველოს მოქალაქეების უფლებას თავად განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი და ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევისა თუ იძულების გარეშე.

აშშ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის მიწურულიდან მხარს უჭერს საქართველოს გეოპოლიტიკურ როლს იყოს რეგიონში ალტერნატიული ენერგორესურსების გამტარი და მიმწოდებელი ენერგოდერეფანი კასპიის ზღვის ენერგო რესურსების დასავლეთისთვის. უკრაინაში ომის ფონზე, ახლახან ევროპისთვის აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაორმაგების შეთანხმებაც, რომელიც საქართველოზე გადის მოწმობს იმას, რომ დასავლეთი და აშშ არის დაინტერესებული საქართველოში მშვიდობით.

საქართველო არის არამხოლოდ მნიშვნელოვანი ენერგოდერეფანი, არამედ ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციის მატარებელი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოს გავლით გაზრდილი ტვირთბრუნვა და ახალი ლოგისტიკური შესაძლებლობები არის კიდევ ერთი არგუმენტი იმისა, რომ დასავლეთის ინტერესია რეგიონში და საქართველოში მშვიდობა.

აშშ-ს დახმარებით გაიზარდა საქართველოს, როგორც მედიატორის როლი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდგომ გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის მისაღწევად. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს შუამავლობით სამხედრო ტყვეების გაცვლა, ისევე როგორც მეზობელი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატი თბილისში მოწმობს იმ ფაქტს, რომ აშშ-ს და დასავლეთის ინტერესია გრძელვადიანი მშვიდობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფა რეგიონში და არა ომი.

რუსეთის მზარდი სამხედრო აგრესიის ფონზე, 2022 წლის 12 ივლისს აშშ-ის კონგრესში ინიცირებულ იქნა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მზარდ ინტერესსა და მტკიცე მხარდაჭერას რეგიონისა და საქართველოს მიმართ. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად საქართველოს სამხედრო მხარდაჭერის ზრდას, ისევე როგორც ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას.

რუსეთის სასარგებლოდ შავ ზღვაზე დარღვეული სტრატეგიული ძალთა ბალანსის ფონზე ( რუსეთის მიერ 1993 წელს აფხაზეთის და მისი სანაპირო ზოლის დაკავებით, 2014 წელს კი უკრაინის ყირიმის ანექსიით) საქართველო განსაკუთრებული მნიშვნელობის ხდება ნატო-ს მიერ შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივაში დასავლეთისთვის. როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, საქართველო ალიანსის შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივაში მრავალი კუთხით მონაწილეობს. მათ შორის არის ნატო-სთან ინფორმაციის ორმხრივად მიმოცვლა, ნატო-ს ქვეყნების სამხედრო გემების ჩვენს საზღვაო აკვატოტრიაში საპორტო ვიზიტები და ერთობლივი სამხედრო წვრთები და თავსებადობის ამაღლება. ეს თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევა აძლიერებს უსაფრთხოებას როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად შავი ზღვის ფართე რეგიონის.

აშშ ეხმარება საქართველოს რუსული საინფორმაციო ომის და დეზინფორმაციული კამპანიის წინააღმდეგ სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებასა და რუსული ჰიბრიდული ომის და ეროვნული მედეგობის გაძლიერებაში, რაც საფრთხედ არის საქართველოს მიერ შეფასებული.

აშშ წლების მანძილზე ეხმარება ჩვენს თავდაცვის ძალებს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის და ნატო-სთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად, იმისთვის, რომ ნატო-ში წევრობამდე საქართველოზე გარე სამხედრო აგრესიის შემთხვევაში შეწევდეს ძალა სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად წინააღმდეგობის გაწევის. ცალკე აღნიშვნის ღირსია აშშ-ს უდიდესი როლი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებაში და ის პრაქტიული დახმარება, რაც რუსეთთან ომით დაზარალებულმა ქვეყანამ აშშ-სგან მიიღო.

აშშ-სთან საერთო ღირებულების და საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აშშ-მ საქართველოს 30 წლის მანძილზე კონკრეტული პრაქტიკული პროგრამების მეშვეობით 6 მილიარდი დოლარი გამოუყო. რუსეთთან ომში ჩართვით კი უდიდესი საფრთხის ქვეშ დადგება ჩვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთო ინტერესები.

და ბოლოს, ზემოთ მოყვანილი არგუმენტებით ვფიქრობთ, ცხადი ხდება, რომ დეზინფორმაციული განცხადებები და ანტიდასავლური კამპანია ასუსტებს ერთი მხრივ, საქართველოს დეკლარირებულ ეროვნულ ინტერესებს და აძლიერებს რუსეთს და მის საინფორმაციო ომის მიზანს.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს პარლამენტში იმოქმედონ ქვეყნის დეკლარირებული ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების შესაბამისად. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დროულად და ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომელიც მიზანმიმართულია ანტიდასავლური განწყობებების გასაძლიერებლად, საერთო დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ და ასუსტებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნულია პარლამენტის დეპუტატების: თეონა აქუბარდიასს, ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას, ანა ნაცვლიშვილისა და ანა ბუჩუკურის ერთობლივ განცხადებაში.


ცნობისთვის, 25 ივლისს, კელი დეგნანს სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივი წერილით მიმართეს.

უფრო ადრე კი, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, ნედ პრაისს მიმართეს.