მივესალმებით ტურისტების შემოდინებას, ესენი შეიძლება იყვნენ რუსები, უკრაინელები, ბელარუსები, სხვადასხვა ქვეყნიდან, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას ეხებოდა.
„მივესალმებით ტურისტების შემოდინებას. ესენი შეიძლება იყვნენ რუსები, უკრაინელები, ბელარუსები, სხვადასხვა ქვეყნიდან, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. რაც უფრო მეტი ტურისტი იქნება, ჩვენი ქვეყნისთვის, ბიუჯეტისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება კონკურენციას, რა თქმა უნდა, ბიზნესს კონკურენცია სჭირდება იმისთვის, რომ განვითარდეს და წინ წავიდეს“, - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საქართველოში შემოსული რუსების რაოდენობა მოსახლეობის შვიდ პროცენტზე ნაკლებია.