გუდაურთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულ მფრინავებს, მაშველებსა და ექიმებს დღეს დაკრძალავენ

გუდაურთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულ მფრინავებს, მაშველებსა და ექიმებს დღეს დაკრძალავენ.  

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გუდაურთან დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება, პანაშვიდის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს სხვადასხვა ადგილზე, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გუდაურთან დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება. სამოქალაქო პანაშვიდი სამშაბათს, 2 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება. პანაშვიდის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს სხვადასხვა ლოკაციაზე, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ", - აცხადებენ უწყებაში.

29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.  გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.