მედია: რუსეთის საზღვაო ძალების დღისადმი მიძღვნილ აღლუმში აზერბაიჯანისა და ირანის სამხედრო ხომალდები მონაწილეობდნენ

რუსეთში ვიზიტის შემდგეგ, აზერბაიჯანის საზღვაო ძალების საპატრულო გემები და სამხედრო მოსამსახურეები აზერბაიჯანში დაბრუნდნენ. იუწყება Trend აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის საზღვაო ძალების დელეგაციასა და რუსეთის საზღვაო ძალების კასპიის ფლოტილის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა გაიმართა.

„შეხვედრაზე განიხილეს აზერბაიჯანის საზღვაო ძალებსა და რუსეთის საზღვაო ძალების კასპიის ფლოტილას შორის მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი ინტერესის საკითხები. გარდა ამისა, აზერბაიჯანელმა მეზღვაურებმა მონაწილეობა მიიღეს რუსეთის ფედერაციაში გამართულ რამდენიმე ღონისძიებაში“, - წერს აზერბაიჯანული მედია.

რუსეთის საზღვაო ძალების დღისადმი მიძღვნილ აღლუმში მონაწილეობის მისაღებად კასპიისკში აზერბაიჯანისა და ირანის საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდები ჩავიდნენ, ამის შესახებ Azernews რუსულ მედიაზე დაყრდნობით პირველ აგვისტოს იუწყებოდა. 

„სამხედრო ხომალდების ეკიპაჟის მონაწილეობა აღლუმში რუს სამხედრო მეზღვაურებსა და აზერბაიჯანისა და ირანის მეზღვაურებს შორის ურთიერთგაგების განმტკიცებას ემსახურება." ნათქვამი იყო ინფორმაციაში.