საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას თავად გააკეთებს. პარტიის ლიდერებთან ბოლო პერიოდის განმავლობაში არ კონტაქტობს. მისი სიცოცხლე არის საფრთხეში, ამიტომ მას არ ეპოლიტიკება ამ წუთში, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა კლინიკა „ვივა-მედში“ მისვლისას განაცხადა.
- მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი: სააკაშვილი ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ქართულ პოლიტიკასაც მთლიანად
„მისი სიცოცხლე არის საფრთხეში, ამიტომ მას არ ეპოლიტიკება ამ წუთში. უნდა, რომ გადაარჩინოს საკუთარი სიცოცხლე. მან ისედაც ბევრი აიღო საკუთარ თავზე, როცა გარისკა იცოდა, რომ დაიჭერდნენ და მაინც ჩამოვიდა, მაგრამ სიცოცხლე ისეთი რამეა, აქ რისკები გამორიცხულია. უნდა ნახოთ სააკაშვილი როგორ არის, ნახავთ აჩრდილს იმისას რაც იყო. სახელი და გვარი ის არის, მაგრამ ფიზიკურად სხვა ადამიანია. თუ შეძლებს დაესწრება სასამართლო პროცესს“, - განაცხადა გელბახიანმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ.
9 მაისს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება.
ოჯახი და ექსპრეზიდენტის გუნდის წევრები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 24 მაისს განაცხადა, რომ „ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი“.
შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა.
მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.