გულითადად მივულოცოთ პატრიარქს მისი ანგელოზის დღე, მადლობა ვუთხრათ დიდი ღვაწლისთვის და ვუსურვოთ, რომ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვითა და მეოხებით, დღეგრძელი ყოფილიყოს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღესთან დაკავშირებული ქადაგებისას განაცხადა.
"დღეს აღვნიშნავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღეს. გილოცავთ ამ დღეს ყოველ თქვენგანს.
მინდა, სახარებიდან გავიხსენო ერთი-ორი მონაკვეთი, რომლებიც ეხება ილია წინასწარმეტყველს, როდესაც მთავარანგელოზი გაბრიელი ამბობს წმინდა იოანე ნათლისმცემელზე, რომ იგი მოვა და ივლის წინაშე ღვთისა ილიას სულითა და ძალით. თქვენ გახსოვთ ეს ცნობილი სიტყვები – „ურჩ ადამიანებს მოიყვანს ღმერთისკენ და მრავალ ისრაიტელს მოაქცევს ღმერთისკენ“. ასევე სხვა ადგილას უფალ იესო ქრისტეს ფერისცვალების შემდეგ ჰკითხავენ მოციქულები, როგორღა ამბობენ მწიგნობრები, რომ ჯერ ილია უნდა მოვიდესო? უფალი უპასუხებს, რომ „ილია მოვა და აღადგენს ყოველივეს“. ძველ ქართულად არის „კუალად აგებს“, ანუ აღადგენს, გამართავს, მოაწესრიგებს. ასეთი საოცარი სიტყვებია.
რა თქმა უნდა, ეს სიტყვები, რომ ილიას სულითა და ძალით მოვა იოანე ნათლისმცემელი, საკუთრივ წმინდა იოანე ნათლისმცემელს ეხება, მაგრამ ჩვენ გადატანითი მნიშვნელობით შეიძლება განვუკუთვნოთ ეს სიტყვები ყველა დიდ მოღვაწეს, რომლებმაც დიდი კვალი დააჩინეს ქვეყნის, ხალხის, საეკლესიო, სასულიერო და საერო ცხოვრებას.
დღეს ჩვენ რომ ვიკითხოთ, ვინ არის ის მოღვაწე, რომელიც დღეს, ამ საუკუნეში, ამჟამად მოღვაწეობს ილიას სულითა და ძალით, ვინ შეძლო, მოექცია განდგომილი ერი ღვთისკენ და ვინ შეძლო, აღედგინა ყოველივე, როგორც სახარებაშია ნათქვამი? ვინ არის ასეთი მოღვაწე? ეს არის კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომლის ანგელოზის დღესაც ჩვენ დღეს აღვნიშნავთ. რაც მან აღასრულა, ეს მართლაც შეიძლება აიხსნას მხოლოდ აი, ამ სულითა და ძალით, რომელიც ჰქონდა ილია წინასწარმეტყველს, რომელიც ჰქონდათ დიდ მოღვაწეებსა და წმინდანებს. ეს არის მადლი ღვთისა და მადლი სულისა წმინდისა.
მართლაც, საოცარი სიტყვებია, ვიმეორებ, რომლებიც შეიძლება გადატანითი მნიშვნელობით აღვიქვათ, რომ მართლაც აღადგინა ყოველივე მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ყველა სფერო საეკლესიო ცხოვრებისა იმ უდიდესი დევნისა და ნგრევის შემდეგ, რომელიც ჩვენ ყველამ გამოვიარეთ და არა მხოლოდ აღადგინა, ძვირფას ძმებო და დებო, არამედ მრავალი რამ თავიდან აღაშენა კიდეც, რომლის დიდი დასტურიც არის ეს შესანიშნავი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით და რომელიც, სხვათა შორის, ელიას მთაზე დგას. ესეც არ არის შემთხვევითი.
დღეს ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ჩამოვთვლით ყველა იმ დიდ მიღწევას, იმ ნაყოფს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობისა, მაგრამ ყველამ ერთად გულითადად მივულოცოთ მას მისი ანგელოზის დღე, ქედი მოვიხაროთ, მადლობა ვუთხრათ ამ დიდი ღვაწლისთვის და ვუსურვოთ, რომ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვითა და მეოხებით, დღეგრძელი ყოფილიყოს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომ კიდევ დიდხანს შეძლოს მისი მაღალი მსახურების აღსრულება ჩვენი ეკლესიის გასაძლიერებლად და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს წმინდა და საღვთო სახელის სადიდებლად, ამინ!“ – განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.