საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაავრცელა, რომელიც დღეს სამების საკათედრო ტაძარში წაიკითხეს.
„დიდია ჩვენი გულისტკივილი ამა წლის, 29 ივლისს გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც 8 პიროვნება იმსხვერპლა და ქვეყანაში დიდი მწუხარება გამოიწვია. ამ ადამიანების ყოველდღიური საქმიანობა სხვაზე ზრუნვასთან იყო დაკავშირებული. მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამქვეყნიური ცხოვრებაც ასევე დაასრულეს. ვერტმფრენში მყოფნი ფაქტობრივად მოყვასის გადარჩენისთვის ზრუნვას შეეწირნენ და სიცოცხლე გაიღეს გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად, რაც ღვთის წინაშე უდიდესი მადლია“, -ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
გუდაურთან, 29 ივლისს ტრაგიკულად დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ, თბილისსა და ბოლნისში მდებარე სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.