„არაერთხელ განვაცხადეთ მზაობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციაში დავეხმაროთ კონკრეტული გზებით, მათ შორის ვერტმფრენით“ - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ხანძრის ქრობაში რამდენიმე მიმართულებით დახმარება შესთავაზა. მისი სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლება არ იმყოფება მოლოდინის რეჟიმში და მოქმედებს.
„ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ ეცნობა დე ფაქტო ხელისუფლებას სრული მზადყოფნის თაობაზე, ჩავრთულიყავით და დავხმარებოთ ხანძრის კერების ლიკვიდაციაში“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა ბრიფინგზე.
მინისტრის თქმით, 5 იანვრიდან რამდენჯერმე ამოქმედდა ცხელი ხაზი, ოკუპირებულ გალის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართვაში მზადყოფნის დადასტურების მიზნით.
„ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის, გაგრაში ხანძრის კერების გაჩენასთან დაკავშირებით, არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი სრული მზაობა, დავეხმაროთ კონკრეტული გზებით, მათ შორის, ხანძრის ვერტმფრენით ჩაქრობის საჭიროების შემთხვევაში ხელშეწყობის მიზნით“, - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.
თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ხერხისა და მექანიზმის საშუალებით კავშირი აქვთ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე მზად არიან, ჩაერთონ ამ პროცესში.
"ამ ეტაპზე დეფაქტო ხელისუფლებასთან ჩვენს ხელთ არსებული ყველა არხისა და მექანიზმის გამოყენებით, ვიმყოფებით რეგულარულ და ინტენსიურ კომუნიკაციაში და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე მზად ვართ ჩავერთოთ ამ პროცესში. სამწუხაროდ, ჩვენ მიმდინარე ოკუპაციის რეჟიმში ვიმყოფებით და აქედან გამომდინარე, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს ეფექტური წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზე.ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია უწყვეტ რეჟიმში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კომუნიკაცია არის ორმხრივი, თუმცა ვერ გავასაჯაროვებთ ამ დიალოგის დეტალებს." - განაცხადა მინისტრმა.