"ყველაფერი კარგად ჰქონდა, ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო. ნარკოზის გაკეთებისთანავე ცუდად გახდა ბავშვი, მითხრა ვიხრჩობიო. არანაირი ქირურგიული ჩარევა არ მომხდარა, ნარკოზის გაკეთების დროს დაიღუპა ჩემი შვილი", - უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბავშვის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს.
როგორც გარდაცვლილი ბავშვის დედამ მაია ინჯგიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, უნდა გაიგოს მის შვილს რა დაემართა.
"ყველა ანალიზი ჩაუტარდა, ყველაფერი კარგად ჰქონდა. დილის 9:00 საათზე ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო. ნარკოზის გაკეთებისთანავე ცუდად გახდა ბავშვი, მითხრა ვიხრჩობიო. მე გარეთ გამომიშვეს, ასე იცის ნარკოზმაო. ექიმს დავაბარე ჩემი შვილი. შემდეგ დამიბარეს და მითხრეს, ქირურგიული ჩარევა მოხდა და გართულდაო. არანაირი ქირურგიული ჩარევა არ მომხდარა, ნარკოზის გაკეთების დროს დამიღუპეს შვილი. მე უნდა ვიცოდე რა დაემართა ჩემს შვილს",- განაცხადა ინჯგიამ.
ცნობისთვის, 7 წლის ბიჭი, გუშინ უროლოგიის ეროვნულ ცენტრში გარდაიცვალა. ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.