თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მშობლების მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მშობლების მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ბეროზაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება.

სხდომაზე დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. ამასთან, ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილს მისი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვა შეეთავაზა, რასთან დაკავშირებითაც, მან თანხმობა განაცხადა. 

ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე წლის 27 აპრილს ხანძარი მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღვოდა. პროკურატურის ვერსიით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.

"ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.