„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ამ დეფინიციის ქვეშ არ ხვდება, თუმცა მისივე თქმით, „ოპოზიციასთან დაკავშირებული პირები, მათ შორის, „ე.წ. მედიამფლობელები“, კეზერაშვილი, სააკაშვილი და ასე შემდეგ, ცალსახად ხვდებიან ოლიგარქის მცნების ქვეშ“.
„წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ვნახოთ, რა სახით მიიღება ეს კანონი. ჯერჯერობით, ჩვენ ვემხრობით უკრაინულ მოდელს. უკრაინული მოდელის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და კეზერაშვილი არის“, - განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
- უფრო დეტალურად ევროკომისიის რეკომენდაციებს ამ ბმულზე გაეცანით
დოკუმენტში დეოლიგარქიზაციაზეც არის ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.