„როდესაც ამერიკის ელჩს არალეგიტიმური მიზეზით, ტყუილზე დამყარებული ინფორმაციის გამო თავს ესხმი, ამით არ აჩვენებ შენს ნებას, რომ დასავლეთისკენ იარო, ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აცხადებს.
„ყველა ქვეყანაში, რომელიც თავისუფალია და სიტყვის თავისუფლებას პატივს სცემს, იქნება დეზინფორმაცია. ეს ამერიკაშიც გვაქვს. აქ გვყავს ხალხი, რომლებიც ვლადიმერ პუტინის მომხრეები არიან, დეზინფორმაცია აქაცაა. განსხვავება ისაა, რომ ხელისუფლება აქტიურად არ ავრცელებს დეზინფორმაციას.
მე არ ვიცი ყველა დეტალი იმისა, რაც საქართველოში ხდება, თუმცა მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ ელჩი დეგნანი დიდ საქმეს აკეთებს შეერთებული შტატების სახელით, სრული განზრახვით, დაეხმაროს ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან. როდესაც მისნაირ ადამიანს დეზინფომაციით ესხმი თავს, მაშინ შესაძლოა, რომ გარკვეული ინფორმაციის გაჟონვაც ხდებოდეს სამთავრობო ძალებიდან. ეს კი ძალიან ცუდ გზავნილს უგზავნის შეერთებულ შტატებს - რომ შესაძლოა, არ გინდათ ჩვენთან მეგობრობა.
თუ თქვენ სამთავრობო ლიდერი ხართ, ან უბრალოდ, საქართველოს მოქალაქე და გსურთ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყნის მომავალს შეხედოთ, ქვეყნის, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს აწარმოებს, თუ ამ ქვეყნის მომავალს უყურებთ და ხედავთ რუსეთის ცივ შენობებს, რუსეთის უგულობას და ასევე ხედავთ, რომ ყველა სიცოცხლე დასავლეთში მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს უკეთესი ცხოვრება აქვთ, მე გეტყოდით, რომ ეს უკანასკნელი აირჩიოთ. როდესაც ამერიკის ელჩს არალეგიტიმური მიზეზით, ტყუილზე დამყარებული ინფორმაციის გამო თავს ესხმი, ამით არ აჩვენებ შენს ნებას, რომ დასავლეთისკენ იარო“, - აცხადებს ადამ კინზინგერი.
იქონიებს თუ არა ბოლოდროინდელი მოვლენები გავლენას საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე, ამ შეკითხვის საპასუხოდ, კინზინგერი იმედოვნებს, რომ ურთიერთობები არ დაზიანებულა.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას ჩვენს ურთიერთობებზე გავლენა არ ექნება. ვფიქრობ მომავალი განისაზღვრება იმით, დღეიდან როგორ და სად წავალთ. კიდევ ერთხელ, არავინ ამბობს, რომ საქართველო კრიტიკული არ შეიძლება იყოს ამერიკის ელჩის მიმართ, თუ ეს მიზეზები ლეგიტიმურია.
ჩვენ, როგორც ქვეყნებს, შეიძლება დიდი განსხვავებები გვქონდეს, მაგრამ მაინც მოკავშირეები ვიყოთ. ჩვენ შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ რომელიმე ელჩს, მაგრამ მაინც მოკავშირეები ვიყოთ. მაგრამ არ შეიძლება, რომ ვიტყუებოდეთ იმაზე, რაც ხდება და ვცდილობდეთ, რომ ყალბი სურათი შევქმნათ.
კიდევ ერთხელ, ამერიკა და საქართველო ყველაფერში არ ეთანხმებიან ერთმანეთს, ელჩი დეგნანი კი სუპერგმირია, რომელიც ცდილობს, რომ ძლიერი ურთიერთობები დაამყაროს [საქართველო-ამერიკას შორის]. ვიმედოვნებ, რომ ურთიერთობები არ დაზიანებულა, თუმცა ეს საბოლოოდ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“, - ამბობს კონგრესმენი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე.