- ჩემი საფიქრალია ის, რომ თითქოს, არსებობს მცდელობა, გარკვეული მტრობა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ამერიკას შორის, რაც სამომავლო საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებს უფრო გააადვილებდა.
ელჩი დეგნანის წინააღმდეგ კამპანია, განსაკუთრებით აქტიური გასულ კვირებში გახდა, თუმცა ის გრძელდება. ღია წერილები „ქართული ოცნების“ პარტიის ახლა უკვე ყოფილი წევრებისგან, მთავრობის წარმომადგენლების განცხადებები, არ შემწყდარა. როგორ ფიქრობთ, საით მიდის ეს კამპანია - ვერ ხვდებიან, რამდენად დამაზიანებელი შეიძლება, იყოს ასეთი განცხადებები, თუ ამას მიზანმიმართულად აკეთებენ? რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმის“ ამ შეკითხვას უპასუხა.
„ჩემთვის რთულია მოტივაციის გამოცნობა, მაგრამ ვიტყვი, რის გამო ვიქნებოდი შეშფოთებული. მე არავის ვუყენებ ბრალდებას, მაგრამ ჩემი საფიქრალია ის, რომ თითქოს, არსებობს მცდელობა, გარკვეული მტრობა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ამერიკას შორის, რაც სამომავლო საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებს უფრო გააადვილებდა.
ახლა მთავრობას არჩევანი არ აქვს, ისინი სიმპათიებით უნდა იყვნენ განწყობილნი დასავლეთისა და ამერიკის მიმართ, რადგან ესაა ის, რაც ქართველ ხალხს სურს. ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი საკუთარ თავს დასავლეთად აღიქვამს და ჩვენც, საქართველოს დასავლეთად აღვიქვამთ. ასე რომ შეშფოთების საგანი ისაა, რომ არსებობს მოძრაობა, ან მცდელობა იმისა, რომ შეიქმნას დისტანცია ამერიკასა და ქართველ ხალხს შორის.
ნება მომეცით, ეს პირადად ვუთხრა ქართველ ხალხს: ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოს უკიდურესად მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს - იქნება ეს ეკონომიკური, რეგიონული თუ სხვა მიმართულებით.
ჩვენი ურთიერთობებისადმი არსებობს მტკიცე, ორპარტიული მხარდაჭერა ამერიკის კონგრესსა და საპრეზიდენტო ოფისში. ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ჩვენ შორის დისტანციის შექმნას ემსახურება, ჩემი აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს არ წაადგება“, - ამბობს ადამ კინზინგერი.