მოუტანს რაიმე კარგს ქართველ ხალხს ე.წ. პრაგმატული პოლიტიკა, რომლის გატარებასაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ცდილობს, შეძლებს საქართველო ამით რაიმე სარგებელი ნახოს? რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა ეს თემა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განიხილა.
„მე მჯერა, რომ თუ ეცდები, მიუახლოვდე რუსეთს, აუცილებლად დაიწვები. შეხედეთ მაგალითისთვის ჩვენს მეგობრებს გერმანიაში. მათ იფიქრეს, რომ შეეძლოთ პრაგმატული პოლიტიკა ჰქონოდათ რუსეთთან მიმართებით და "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის აშენება გადაწყვიტეს. საბოლოოდ, გაცილებით უარეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ.
როდესაც უკრაინაში ეს ომი დასრულდება, არავინ ამბობს, რომ საქართველოს არ შეუძლია დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთთან. ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. განსხვავება ისაა, რომ თუ გჯერა, რომ დათვის შეკავება შეგიძლია, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, და ფიქრობ, რომ ტორი არ მოგხვდება, უნდა იცოდე, რომ ეს ტყუილია, ტორი აუცილებლად მოგხვდება.
ამერიკა არ ცდილობს, რომ საქართველო ჩართოს რაიმე ტიპის ომში უკრაინაში. ამერიკას სურს, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა. ნებისმიერი კომენტარი, რომელიც საწინააღმდეგოს ამბობს, ან ამტკიცებს, რომ შეგიძლია, დაუახლოვდე რუსეთს და არ მოგიწიოს ამასთან თანხმლებ პრობლემებთან გამკლავება, უბრალოდ არარეალისტურია“, - ამბობს საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე.
_HIMARS-ები უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისინი ომის აქტიურ ფაზაში არიან. რისი მომტანი იქნება ეს ამბავი საქართველოსთვის თუ ეს მოხდება და რამდენად რეალურია სარაკეტო სისტემების გადაცემა?
არ ვიცი ეს რამდენად რეალურია, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმაზე, სად გვინდა, რომ ამ ურთიერთობებში წავიდეთ.
მე ყოველთვის ვცდილობ, რომ შევახსენო ქართველებს, უფრო მეტად კი ამერიკელებს, რომ საქართველო ავღანეთში ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იყო და მხოლოდ ამერიკას ჩამორჩებოდა ამ მაჩვენებლით. მათ [ქართველებმა] ნამდვილად აჩვენეს, რომ მზად არიან დაიცვან საკუთარი ქვეყანა, ამისი უნარი აქვთ. მათ სჭირდებათ პარტნიორებთან თანამშრომლობა.
იმის მიხედვით, რაც უკრაინაში რუსების იქ ყოფნისას ვნახეთ, ისაა, რომ რუსეთი რეაგირებს არა ძალაზე, არამედ, ის რეაგირებს სისუსტის აღქმაზე. რუსეთი თავდასხმას დაიწყებს, თუ იფიქრებს, რომ მოგება შეუძლია. ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მივცეთ იარაღი არა იმისთვის, რომ რუსეთს თავს დაესხას, არამედ იმისთვის, რომ მათ ნათლად უთხრან: შენ უკანონოდ გაქვს ოკუპირებული ჩემი ქვეყნის 1/3 და შენ მეტის ოკუპირება აღარ შეგიძლია, ჩვენ თავს დავიცავთ. ვფიქრობ, უნდა დავუბრუნდეთ იმის გააზრებას, რომ ძალა თავიდან იცილებს ომს და სისუსტე მხოლოდ კარს უღებს მას“, - მიიჩნევს კინზინგერი.
_ფიქრობთ თუ არა, რომ რეგიონში არსებული სიტუაციის გამო, საქართველო განსაკუთრებული საფრთხის ქვეშაა და აქედან გამომდინარე, სჭირდება დამატებითი სამხედრო დახმარება იქნება ეს ამერიკისგან, ევროკავშირისგან თუ NATO-სგან?
მჯერა, რომ საქართველოსთვის რისკები გამწვავებულია და ვფიქრობ, რომ ახლაა დრო შევაფასოთ რა სჭირდება ქართულ ჯარს. ჩვენი ურთიერთობები უკვე საკმაოდ მყარია - როდესაც ბოლოს საქართველოში ვიყავი, ქართველი ჯარისკაცების სარეაბილიტაციო ცენტრი მოვინახულე, ვნახე ასევე ერთობლივი წვრთნებიც. ასე რომ, ახლა ძლიერი პარტნიორობა გვაქვს. თუმცა, ვფიქრობ რომ უნდა გავაანალიზოთ თავდაცვის, ან ზოგიერთ შემთხვევაში თავდასხმის დასავლური რა იარაღი სჭირდება საქართველოს და როგორ უნდა მიიღონ მათ ისინი, ვინაიდან მიწოდებისთვის, თავისთავად გარკვეული დროა საჭირო.
ეს იარაღი შესაძლოა არ იყოს თავიდანვე "ჰაიმარსები", მაგრამ მჯერა, რომ "ჰაიმარსებს" მომავალში შეუძლიათ შემაკავებელი იარაღის როლი ითამაშონ.
საჭიროა საქართველოს საჰაერო ძალების მოდერნიზებაც. მე მჯერა, რომ საქართველოს მთავრობისთვის მჭიდრო საჰაერო მხარდაჭერის გარკვეული შესაძლებლობა უნდა არსებობდეს.
მთელ ამ პროცესს წლები დასჭირდება, მაგრამ მგონია, რომ ახლა საუკეთესოა დროა მუშაობის დასაწყებად. როდესაც ძლიერი საბრძოლო ნება გაქვს, არა სურვილი, არამედ ნება, ეს თითქმის არ ტოვებს შანსს, რომ ომი დაიწყება.