ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი. მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მარტიდან ხუთი თვე გავიდა და ყველა დარწმუნდა, რომ რუსების უპრეცედენტო რაოდენობით შემოსვლა ომისა და ღალატის პარტიის მოგონილია.
„აღნიშნული კამპანიით ომისა და ღალატის პარტიამ რამდენიმე დღის მანძილზე დააჯერეს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომ რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით შემოდიოდნენ, რაც, მათივე მტკიცებით, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავდა. თუმცა, მარტიდან ხუთი თვე გავიდა და ყველა დარწმუნდა, რომ რუსების უპრეცედენტო რაოდენობით შემოსვლა ომისა და ღალატის პარტიის მიერ მოგონილი ისეთივე სიცრუე იყო, როგორც მათივე მოგონილი უსაფრთხოების რისკები. რამდენიმე დღეა, ომისა და ღალატის პარტია იგივე შემადგენლობით ცდილობს ააგოროს ქსენოფობიური კამპანიის მეორე ტალღა", - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში რუსეთიდან 90 239 ვიზიტორი შემოვიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი 61 974 ვიზიტორით, მესამე კი 15 373 ვიზიტორით უკრაინაა.
ასევე წაიკითხეთ:
- შალვა პაპუაშვილი: საქართველოში შემოსული რუსების მიმართ აგორებული კამპანია ქსენოფობიურ განწყობებს აღვიღებს
- კახა კალაძე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე: მივესალმებით ტურისტების შემოდინებას