საქართველოს ეროვნული არქივი ახალი, მნიშვნელოვანი მასალებით შეივსო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტებს 2022 წლის ექვსი თვეში 23 085 საქმეში გაერთიანებული წერილობითი დოკუმენტი, 766 ფოტო, 23 კინოდოკუმენტი, 10 ფონოჩანაწერი, 55 წიგნი და 300-ზე მეტი გაზეთი და ჟურნალი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას ეროვნული არქივის პრესსამსახური ავრცელებს.

დოკუმენტებს შორისაა როგორც სახელმწიფო დაწესებულებების მასალა, ისე კერძო არქივებში დაცული დოკუმენტები.

"2022 წლის პირველ ნახევარში ეროვნული არქივის კინოარქივის მდიდარ კოლექციას რეჟისორ გია ჭუბაბრიას დოკუმენტური ფილმი „ქართული ჯვრის მონასტერი იერუსალიმში“ (კინოფირი) და რეჟისორ ლანა ღოღობერიძის მხატვრული ფილმები: „მე ვხედავ მზეს“ და „ფერისცვალება“ (ელექტრონული ვერსია) დაემატა. გარდა ამისა, ეროვნულმა არქივმა კერძო კოლექციონერისგან შეიძინა ქართული კინოფილმების გადასაღები მოედნების ამსახველი 140-მდე ფოტო, მოქალაქე ირაკლი ებრალიძისგან კი საჩუქრად მიიღო კომპოზიტორების – სულხან და გურამ ნასიძეების – ოჯახური ფოტოები. აუდიოარქივი გამდიდრდა ანსამბლების – „რუსთავი“ და „ადიღეა” – ჩანაწერებით, ასევე, კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის საავტორო სიმღერებით. ფონოარქივს შეემატა მელიტონ ბალანჩივაძის ოპერა „დარეჯან ცბიერის“ აუდიოჩანაწერი.

ამავე პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა საარქივო დოკუმენტების ციფრულ მატარებელზე გადატანა: შეიქმნა წერილობითი დოკუმენტების 466 209 ფურცლის, 150 კინოდოკუმენტის, 3 520 ფოტოს და 220 აუდიოდოკუმენტის ელექტრონული ვერსია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.