ირაკლი კობახიძე: მუდმივად საცხოვრებლად რუსეთიდან ჩამოსული შეიძლება, იყოს მაქსიმუმ 20 ათასი მოქალაქე, საიდანაც უამრავი ეთნიკურად ქართველია

31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში იმყოფება რუსეთის 110 ათასზე ნაკლები  მოქალაქე, მათ შორის მუდმივად საცხოვრებლად ჩამოსული შეიძლება, იყოს მაქსიმუმ 20 ათასი, საიდანაც უამრავი ეთნიკურად ქართველია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ მუდმივად ან ხანგრძლივი ვადით ცხოვრების განზრახვით, არის უკიდურესად მცირე.

„31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში იმყოფება რუსეთის 110 ათასზე ნაკლები მოქალაქე, მათ შორის არის რამდენიმე დღით ჩამოსული ტურისტი, ერთი დღით შემოსული ადამიანი, მძღოლი და ა.შ. სულ ჯამში არის 110 ათასი. შესაბამისად, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შეიძლება საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად იყვნენ ჩამოსული, შეიძლება იყოს მაქსიმუმ 20 ათასი, საიდანაც შეგახსენებთ, რომ უამრავი ეთნიკურად ქართველია.

მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომელიც არის რუსეთის მოქალაქე, სავსებით ლოგიკურია, რომ ომის დაწყების შემდეგ, ეს ადამიანები, ეროვნებით ქართველები, სამშობლოში დაბრუნდნენ. აქედან რამდენია ქართველი, დაზუსტება სჭირდება, მაგრამ ასეც და ისეც, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ, მუდმივად ან ხანგრძლივი ვადით ცხოვრების განზრახვით, არის უკიდურესად მცირე. შესაბამისად, ყველაფერი, რასაც ამ ქსენოფობიური კამპანიის ფარგლებში ავრცელებენ, არის ცარიელი სიცრუე, სპეკულაცია და მანიპულაცია“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში რუსეთიდან 90 239 ვიზიტორი შემოვიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი 61 974 ვიზიტორით, მესამე კი 15 373 ვიზიტორით უკრაინაა.


ასევე წაიკითხეთ: