მთავრობამ ტურიზმის სექტორს საშემოსავლო გადასახადი ჩამოაწერა, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
ივანე მაჭავარიანის განმარტებით, ეს არის საშემოსავლო გადასახადი, რომლის გადახდაც ტურიზმის სექტორს 2020 წლის თებერვალ–მაისში გადაუვადეს. შეღავათის საერთო მოცულობა 20 მილიონი ლარია და ამ პროგრამით თავის დროზე დაახლოებით 1000–მდე კომპანიამ ისარგებლა.
საკოორდინაციო საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის ნოემბრისა და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადი გადაუვადონ სასტუმროებს, რომლებსაც ზამთრის სეზონზე ოპერირება სრულად აეკრძალათ, ესენია ის დაწესებულებები, რომლებიც სასრიალო კურორტებზე მდებარეობენ: მესტიაში, გუდაურში, ბაკურიანსა და გოდერძიზე.
„ეს არის საკასო მეთოდი. ფიზიკურად გადახდილი თანხის მიხედვით მოხდება დღგ-ს დაბეგვრა და დეკლარირება. ეს სფერო ითხოვდა ამ შეღავათს და ამ გადავედებას, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ეს შეღავათი ექვსი თვით დაწესდეს. 2021 წლის ქონების გადასახადი ტურისტულ სექტორში, ეს არის სასტუმროებიც და რესტორნებიც, ამ შეღავათით ჩვენი ვვარაუდობთ, ისარგებლებს ათასზე მეტი კომპანია, სადაც დასაქმებულია 30 ათასზე მეტი კომპანია. ჯამურად ეს შეღავათი იქნება 45 მილიონი ლარის ოდენობის.
2020 წლის თებერვალ-მაისის თვეებში გადავუვადეთ საშემოსავლო გადასახადი ტურისტულ სექტორს, ამის საფუძველზე ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს ჩამოვაწეროთ და აქაც ოდენობა არის დაახლოებით 20 მილიონი ლარი, აქაც დაახლოებით ათას კომპანიამდე ისარგებლა ამ გადავადებით.
შემდეგ ეს არის საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომლის თანახმად, ბაკურიანში, სოფელ გუდაურში, კურორტ გოდერძიზე და დაბა მესტიაში განლაგებულ სასტუმროებს საურავის დარიცხვის გარეშე გადაუვადდათ 2020 წლის ნოემბრის და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადი 2021 წლის პირველ ივლისამდე. რატომ არის ეს მუნიციპალიტეტები შერჩეული – ჩვენ ამ მუნიციპალიტეტებში შევზღუდეთ სასტუმროების მუშაობა. დანარჩენ საქართველოში ის შეზღუდული არ არის. პანდემიის გათვალისწინებით, პრევენციის მიზნით, მოხდა ტურისტული ზამთრის კურორტების გამოყოფა და იქ შეიზღუდა ეს საქმიანობა. დაახლოებით ასზე მეტი კომპანია იქნება ამის ბენეფიციარი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.