ჰამბურგში დააკავეს გერმანიის 31 წლის მოქალაქე, რომელიც პრორუსულ ტელეგრამ არხს მართავდა. კაცს ბრალად ედება ლათინური ასო - Z-ს გამოყენება, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის სიმბოლოდ იქცა, იუწყება სხვადასხვა წყარო პროკურატურაზე დაყრდნობით.
გამოძიების თანახმად, გერმანელი მინსკში გამგზავრებას ორ კვირაში გეგმავდა. კაცი ერთ-ერთ ფოტოზე რუსული AK-47 ტიპის ავტომატით პოზირებდა, რის გამოც იარაღის შესახებ კანონის დარღვევაშია ეჭვმიტანილი. ის ასევე ეჭვმიტანილია უკრაინაში საბრძოლველად ხალხის გადაბირებაში. საგამოძიებო უწყების ცნობით, ამით მან გერმანიის კანონმდებლობა დაარღვია. პროკურატურის განცხადებით, გერმანიის 31 წლის მოქალაქე იყო ტელეგრამ არხის მფლობელი, რომელიც ღიად უჭერდა მხარს უკრაინაში რუსეთის შეჭრას.
საუბარია ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე, რომელსაც პროკურატურამ „პრორუსული ეროვნულ-ბოლშევიკური პლატფორმა“ უწოდა. ბრალდებულის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა, რომლის დროსაც, მედიის ცნობით, AK-47 ვერ იპოვეს, თუმცა სხვა ნივთებთან ერთად, რამდენიმე დანა ამოიღეს.
მარტის ბოლოს, გერმანიის რამდენიმე მხარეში, მათ შორის ბავარიაში, ბერლინში, ქვემო საქსონიასა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ლათინური Z-ს გამოყენება აკრძალა.