ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ცნობით, „კოვაქს“ პლატფორმიდან თებერვალში ვაქცინის გარკვეულ მოცულობას ელოდებიან.
მინისტრის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია მოწყვლად ჯგუფებზე გადანაწილდება.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ „კოვაქს“ პლატფორმასთან, რომელიც ქვეყნის მხრიდან აუცილებლად მოითხოვს ვაქცინასთან დაკავშირებით გეგმის წარდგენას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და „კოვაქს“ პლატფორმისთვის ჩვენ წარდგენილი გვაქვს გეგმა. დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები, რაც გულისხმობს იმას, რომ თებერვლის თვეში „კოვაქს“ პლატფორმიდან საქართველოსთვის ველოდებით ვაქცინის გარკვეულ მოცულობას, რომელიც შესაბამისად იქნება გადანაწილებული იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლისთვისაც ვირუსის გავრცელება ყველაზე მეტად არის რისკის შემცველი“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე გამოეხმაურა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ინფიცირებას.
„ამ კომპონენტში მნიშვნელოვანი არის, რომ დაცული იყოს უსაფრთხოების ყველა ზომა, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება გეგმა, რომ აუცილებლად ჩატარდეს ინტენსიური ტესტირება, რათა უზრუნველვყოთ პატრიარქის უააფრთხოება. ჯერჯერობით დამატებითი ცნობები არ არის მიღებული, მაგრამ როგორც კი გვექნება ინფორმაცია, მოსახლეობისთვის გავხდით საჯაროს“, – განაცხადა მინისტრმა.
ის ასევე გამოეხმაურა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენას.
„ის, რომ დღემდე საპატიმროში არ იყო დაფიქსირებული კორონავირუსი, არის სწორედ იმ ეფექტური მართვის შედეგი, რომელსაც ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო და მის ქვეშ დაქვემდებარებული სსიპები. გვაქვს რეკომენდაციები, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ინფიცირებული პატიმრების იზოლირება. ასევე მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება, რათა ინფიცირების შემთხვევებს არ ჰქონდეს ფართო გავრცელება საპატიმროში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.