ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბიჭის გარდაცვალებას გამოეხმაურა.
„21-ე საუკუნეში, ოპერაციამდე მსგავსი ტიპის მანიპულაციას მსგავსი შედეგი არ უნდა მოჰყვებოდეს და აუცილებლად, ძალიან ოპერატიულად დავადგენთ იმ მიზეზს თუ რამ გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება“, - ამის შესახებ აზარაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უროლოგიის ეროვნულ ცენტრში ბავშვის გარდაცვალების საქმის შესწავლა დაიწყო. „ძალიან სამწუხარო ფაქტია და ოჯახის მწუხარებას ვიზიარებ.
ერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ოპერაციამდე მსგავსი ტიპის მანიპულაციას, სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში მსგავსი შედეგი არ უნდა მოჰყვებოდეს და აუცილებლად, ძალიან ოპერატიულად დავადგენთ იმ მიზეზს თუ რამ გამოიწვია ეს. ჩვენი რეგულირების სააგენტოს უკვე აქვს ასეთი მითითება, რომ არ დაველოდოთ კონკრეტულ შეტყობინებას კლინიკიდან, გამვლელიდან, ტელევიზიიდან და ა.შ. და როგორც კი მსგავსი ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა, გავიდნენ და ადგილზე შესწავლა დაიწყეს.
ამასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ახდენს შესწავლას, ასევე ჩართულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და ვფიქრობ, ძალიან მალე გაირკვევა თუ რატომ მოხდა ბავშვის გარდაცვალება. არ ვიცი სამედიცინო შეცდომასთან არის თუ რასთან შეიძლება იყოს კავშირში, თუმცა ასეთი მასშტაბის კლინიკებში აუცილებლად არიან მაღალკვალიფიციური ექიმები და ის შესაბამისი სერვისებიც წესით უნდა არსებობდეს, რომ ასეთ საგანგებო მდგომარეობაში ანესთეზიის დროს ასეთი რამე არ მოხდეს“, - განაცხადა აზარაშვილმა.
ცნობისთვის, 7 წლის ბიჭი, 4 აგვისტოს უროლოგიის ეროვნულ ცენტრში გარდაიცვალა. ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.