საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის პარლამენტისათვის არწარდგენა განპირობებულია იმით, რომ მისმა კანდიდატურამ ორჯერ უკვე ვერ მოიპოვა პარლამენტის წევრთა 2/3-ის უმრავლესობა, რაც 5 წლის ვადით ასარჩევადაა საჭირო.
„2022 წლის 5 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრის თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატურების წარდგენასთან დაკავშირებით, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული კომენტარები და ყოვლად უსაფუძვლო დასკვნები სხვა არაფერია თუ არა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და პოლიტიკური პოლარიზაციის მეტად გაღრმავების მცდელობა.
ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის პარლამენტისთვის არწარდგენა კატეგორიულად გამორიცხავს ბატონი გიორგი კალანდარიშვილის პროფესიონალიზმის, მისი გამოცდილებისა და საქმიანობის პრეზიდენტის მიერ არაჯეროვნად შეფასებას. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, პრეზიდენტმა გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ორჯერ უკვე წარუდგინა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად. თუმცა, მისმა კანდიდატურამ ორჯერვე ვერ მოიპოვა საჭირო ხმების რაოდენობა, შედეგად ორჯერვე მხოლოდ ექვსი თვის ვადით იქნა არჩეული.
ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარისა და მოქმედი წევრების პარლამენტისთვის არწარდგენა განპირობებულია იმით, რომ მათმა კანდიდატურებმა ორჯერ უკვე ვერ მოიპოვეს პარლამენტის წევრთა 2/3-ის უმრავლესობა, რაც საჭიროა ხუთი წლის ვადით ასარჩევად.
ცესკო-ს თავმჯდომარედ და წევრად მუდმივად ერთი და იგივე კანდიდატურების წარდგენა და მათი მხოლოდ ექვსი თვის ვადით არჩევა ხელს არ უწყობს ცესკო-ს, ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებას და დემოკრატიულ განვითარებას.
5 აგვისტოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარედ და წევრად ასარჩევად ის კანდიდატურები წარუდგინა, რომლებიც ღია კონკურსის წესით შეარჩია შესაბამისმა საკონკურსო კომისიამ. კანდიდატთა შერჩევით კომისიამ დაადასტურა მათი პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია. შესაბამისად, კანდიდატების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვაა განცხადებები, რომლების მათი არჩევის პროცესში მონაწილეობის არმიღებას ეხება.
პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს პროცესში ახალი პროფესიონალების ჩართულობის ხელშეწყობას, ცესკო-ს დემოკრატიულ და ინსტიტუციურ გაძლიერებას, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ასარჩევად ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კანდიდატურების გამოვლენას. ცესკო-ს ინსტიტუციური გაძლიერება და საარჩევნო კანონმდებლობის ამ მიმართულებით დახვეწა ასევე გათვალისწინებულია ევროკავშირის რეკომენდაციებში, რომელთა შესრულებაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად არის საჭირო“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.