თეგი: ცესკო

საქართველოს პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად მომავალ კვირას დაიწყებს და საგაზაფხულო სესიას პირველ თებერვალს გახსნის

საქართველოს პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად მომავალ კვირას დაიწყებს და საგაზაფხულო სესიას პირველ თებერვალს გახსნის. საგაზაფხულო სესიის გახსნა პლენარული სხდომით მოხდება. თავის მხრივ, პლენარული სხდომა პოლიტიკური დებატებით გაიხსნება. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილების მიღება ცესკო-ს თავმჯდომარის თაობაზე მოხდება. ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევანის გაკეთება მოხდება მოქმედ თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილსა და კანდიდატ თენგიზ თევზაძეს შორის. საკადრო გადაწყვეტილების გარდა, საგაზაფხულო სესიაზე, საკანონმდებლო ორგანოს მოუწევს სახელმწიფო უწყებების ანგარიშების მოსმენა, მათ შორის უწყებას უნდა წარედგინოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახალხო დამცველის, ეროვნული ბანკისა და სახელწიფო აუდიტის სამსახურის წლიური ანგარიშები. ასევე პარლამენტის წინაშე ანგარიშით უნდა წარდგეს პრემიერ-მინისტრი.

ცესკო „პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელი დირექტორის ლაშა ფარულავას ბრალდებებს პასუხობს

ცესკო „პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელი დირექტორის ლაშა ფარულავას ბრალდებებს პასუხობს. როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია კონკრეტული პირების მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების და შეურაცხყოფის ტირაჟირება სხვადასხვა წყაროებით. „მაგალითად, აქვთ მცდელობა საზოგადოების თვალში 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესი დააზიანონ, რასაც უკვე აქვს კამპანიური ხასიათი. საარჩევნო ადმინისტრაციისა და მისი კონკრეტული თანამშრომლების მიმართ დეზინფორმაციისა და ცილისწამების კამპანია დღეს ორკესტრირებულად გაგრძელდა ზოგიერთ მედიასაშუალებაში თითქმის იდენტური სიუჟეტებით. „პლატფორმა 20/20-ის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ფარულავამ დღეს გაავრცელა დეზინფორმაცია ხსენებული პროცესის მიმართ (მისი პოზიციები კი საეჭვოდ ემთხვევა ცალკეული ძალების დაუფარავ საქმიანობას საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკურად მოტივირებული დისკრედიტაციისთვის), მაშინ როცა, შუალედური არჩევნების გამოცხადების მომენტიდან, საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეული ნაბიჯი გამოირჩეოდა მაღალი გამჭვირვალობით და საჯაროობით, როდესაც ცესკოს თითოეული წევრი - პროფესიული ნიშნით არჩეული თუ პარტიების მიერ დანიშნული, აქტიურად იყო ჩართული საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევისას გასაუბრების პროცესში. გასაუბრება კანდიდატებთან წარიმართა ცესკოს სოციალურ ქსელებში პირდაპირი ტრანსლირებით (კონკურსანტების თანხმობით); ცესკოს წევრების უმრავლესობამ გამოიყენა მათთან გასაუბრების შესაძლებლობა. პირდაპირი ეთერით წარიმართა ცესკოს სხდომაც, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩიეს", - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის აღმასრულებელი დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომ შუალედური არჩევნებისთვის ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევის კონკურსი ფორმალური იყო და მიუკერძოებლობის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

ცესკომ პოლიტიკური პარტიებისთვის რიგითი ნომრის არჩევის საკითხი გაამარტივა

ცესკომ პოლიტიკური პარტიებისთვის რიგითი ნომრის არჩევის საკითხი გაამარტივა. ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი გადაწყვეტილებებით კი კომისია პარტიების საქმიანობის ხელშეწყობას აგრძელებს. „თუ გასულ არჩევნებში პოლიტიკური სუბიექტი განსხვავებული ნომრებით იყო წარმოდგენილი (მაგალითად, - 2020 წლის პარლამენტის არჩევნებზე სხვა ნომრით, ხოლო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე სხვა ნომრით), არსებული ცვლილებით, მათ შესაძლებლობა ექნებათ ერთი რიგითი ნომერი აირჩიონ ორი სხვადასხვა სახის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ პარტია მონაწილეობდა ორივე საერთო არჩევნებში, მაგრამ ამჯერად მაგალითისთვის, მხოლოდ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, მისთვის შესაძლებელია აირჩიოს ან პარლამენტის ბოლო არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, ან თვითმმართველობის ბოლო არჩევნებზე მინიჭებული რიგითი ნომერი“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, სასურველი რიგითი ნომრის მისაღებად, პარტიამ წერილით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და აცნობოს საკუთარი გადაწყვეტილება 2022 წლის 10 თებერვლის ჩათვლით. მათივე ინფორმაციით, სამართლებრივი აქტი ზემოაღნიშნულის თაობაზე ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო; ამ გადაწყვეტილების მიზანი კი პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის გამარტივების უზრუნველყოფას წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს ამომრჩეველი ბათუმში საკრებულოს დეპუტატს, რუსთავში კი პარლამენტის დეპუტატს აირჩევს.

ცესკო: საუბნო საარჩევნო კომისიებში გამოცხადებულ კონკურსში საბუთების მიღება დასრულდა

2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველთა განაცხადების წარდგენის ვადა ამოიწურა. ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოცხადებულ 1048 ვაკანტურ ადგილზე სულ 1206 განაცხადი დარეგისტრირდა. მათ შორის, რუსთავის საარჩევნო ოლქში 672 ვაკანტურ ადგილზე 766, გარდაბანში 264 ვაკანტურ ადგილზე - 270, ხოლო ბათუმში 112 ადგილზე 170 განაცხადი შევიდა. „კონკურსანტებს წელს პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა განაცხადები ცესკოს ახალი პლატფორმის გამოყენებით წარედგინათ. ელექტრონული პლატფორმა სწორედ საუბნო საარჩევნო კომისიებში გამოცხადებული კონკურსისთვის გააქტიურდა. ამ ტექნოლოგიური სიახლით, ცესკოს კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად ისარგებლებენ როგორც საოლქო, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატები და ცესკოს საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესებული პირები. როგორც სტატისტიკა გვაჩვენებს, პლატფორმის გამოყენებით კონკურსანტების საკმაოდ დიდმა რაოდენობამ წარადგინა განაცხადი 2 აპრილის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობისთვის გამოცხადებულ კონკურსში, - ცესკოს ტექნოლოგიური სიახლით 478-მა კონკურსანტმა ისარგებლა. 275-მა კონკურსანტმა კი დოკუმენტაცია შესაბამისი ოლქის ელექტრონულ მისამართზე გააგზავნა; 453-მა მონაწილემ კი მატერიალური სახით წარადგინა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. კონკურსანტთა 85.49% ქალია, ხოლო 14.51% - კაცი. შეგახსენებთ, რომ 2 აპრილის საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის სულ 131 საარჩევნო უბანი დაკომპლექტდება, მათ შორის 117 რუსთავსა და გარდაბანში, ხოლო 14 ბათუმში. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში 12-15 თებერვალს გაიმართება. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიაა უფლებამოსილი პირებისთვის. გვინდა შევახსენოთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს და მედიის წარმომადგენლებს, რომ, სხვა უფლებამოსილ პირებთან ერთად, შესაბამის სხდომებზე დასწრების უფლება მიენიჭებათ მხოლოდ აკრედიტაცია/რეგისტრაციის გავლის შემდგომ. ამ დროისათვის ცესკოში რეგისტრირებულია 4 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დროულად გაიარონ რეგისტრაცია, აქტიურად დააკვირდნენ საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევას, რაც მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობისათვის", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩიეს

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის ორი წევრი აირჩია. პირველადი კენჭისყრით, ცესკოს თავმჯდომარეობის თანამდებობაზე წარმოდგენილმა ორმა კანდიდატმა: თენგიზ თევზაძემ და გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედი (100) ხმა ვერ მიიღო. კანონმდებლობის შესაბამისად, განმეორებით კენჭისყრაზე 84 ხმით, 2-ის წინააღმდეგ პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ, 6 თვის ვადით, გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. რაც შეეხება ცესკოს პროფესიული წევრების არჩევას - 2 ვაკანტურ თანამდებობაზე დეპუტატებმა კენჭი ოთხ კანდიდატს - ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძეს, მაია ზარიძეს და გია ცაცაშვილს უყარეს. ცესკოს თავმჯდომარის არჩევის მსგავსად, აქაც ვერც ერთმა კანდიდატურამ პირველადი კენჭისყრით ხმათა 2/3 ვერ მოაგროვა. განმეორებითი კენჭისყრის შედეგად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებად 79 ხმით, 2-ის წინააღმდე - მაია ზარიძე და 77 ხმით, 2-ის წინააღმდეგ გია ცაცაშვილი, ასევე 6 თვით აირჩიეს.

შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩიეს

რუსთავისა და ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩიეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 131 საუბნო საარჩევნო კომისიაში არსებულ 1 048 ვაკანტურ ადგილზე სულ დარეგისტრირდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის 1 206 მსურველის განაცხადი. მათგან 54-მა კონკურსანტმა არჩევის პროცესში ვერ მიიღო მონაწილეობა, რადგან ბოლო საერთო არჩევნებზე ისინი იყვნენ პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრები, რაც საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით აკრძალულია. „მნიშვნელოვანია, რომ  საუბნო საარჩევნო კომისიების არჩეული წევრებიდან: 13 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის ერთი წევრი; 12 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის 108 წევრი; 11 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის ორი წევრი; 10 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის 69 წევრი; ცხრა ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის 867 წევრი. საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები და არჩევის პროცესი საჯაროობის პრინციპის დაცვით ჩატარდა და ღია იყო ყველა უფლებამოსილი პირისთვის. №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომას, ასევე ესწრებოდა ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დამკვირვებელი.

2 აპრილის შუალედური არჩევნების შესახებ, ცესკო შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს

ხვალ, 2 აპრილს, საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ცესკო-ს ცნობით, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრს №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც მოიცავს, როგორც რუსთავს, ასევე გარდაბნის ნაწილს. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარს კი, №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც გონიოს, კვარიათსა და აეროპორტის დასახლებას მოიცავს. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, შუალედური არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 135 საარჩევნო უბანი, მათ შორის რუსთავსა და გარდაბანში 121 (პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი სამი უბანი და ერთი ე.წ. კოვიდუბანი), ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს გავლილი აქვთ ტრენინგები და მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად. „აღსანიშნავია, რომ ბათუმში, საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. კენჭისყრის დღეს გამოყენებული იქნება ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები, ცესკოს გადაწყვეტილებით 14-ივე საარჩევნო უბანზე პირველად იქნება გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში – 139 989-ს შეადგენს,საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის კი №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 20 635 ამომრჩეველია რეგისტრირებული“, – აცხადებენ ცესკო-ში. უწყების ცნობით, პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია სამი, ხოლო საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ორი საარჩევნო სუბიექტი. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ. ცესკო-ს ცნობით, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 278 წარმომადგენელი, 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1 590 დამკვირვებელი და ოთხ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 16 მედიაორგანიზაციის 679 წარმომადგენელი. პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ყველა საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები, განხორციელდება ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოგადაღება, ვიდეომასალა აიტვირთება GOOGLE DRIVE-ის პლატფორმაზე, ასევე საარჩევნო უბნების შედეგების ხელახალი გადათვლის მიზნით წინასწარ შერჩეულია გადათვლის ცენტრები რუსთავსა და გარდაბანში. „ყველა საარჩევნო უბანზე დაცული იქნება პანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციები, საარჩევნო უბნები აღჭურვილია სანიტარიულ-ჰიგიენური საშუალებებით და უზრუნველყოფილია ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საარჩევნო გარემო. ამასთან, ხვალ დილიდან ცესკო-სა და საოლქო საარჩევნო კომისიებში განხორციელდება „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფი ტესტით შემოწმება“, – აცხადებენ ცესკო-ში. უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანულენოვანი ამომრჩევლებისთვის ნათარგმნია საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო ბიულეტენი, ბიულეტენის შევსების წესი, ამომრჩეველთა ერთიანი სია, (სამაგიდო და კედელზე გასაკრავი) და ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი. საარჩევნო უბნები რუსთავსა და გარდაბანში 07:00 საათზე, ბათუმში კი 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. 07:00 საათიდან იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი – 2 51 00 51 და ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს საშუალება ექნება ინფორმაცია მიიღოს ვიდეოზარის მეშვეობით. ასევე, მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. 2 აპრილს, 20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მიეწოდება ცესკო-ს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე  results.cec.gov.ge. ამასთან, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება. „ასევე, მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნებისმაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებაში, როგორც ბათუმში, სადაც შუალედური არჩევნები საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება, ისე გარდაბანსა და რუსთავში“, – აცხადებენ ცესკო-ში.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა 69% მიიღო, „ენმ“-ს კანდიდატმა – 31%

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბათუმში საკრებულოს წევრის შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. საპილოტე სისტემის მიერ 14-ვე უბანზე დათვლილი შედეგებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, მათე ფუტკარაძემ ხმების 31% მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ – 69%.  20:00 საათის მონაცემებით, ბათუმში საარჩევნო ოლქებზე სულ 10 578 ამომრჩეველი მივიდა, აქტივობამ 51.3% შეადგინა. ასევე წაიკითხეთ  დღეს რუსთავსა და ბათუმში შუალედური არჩევნები გაიმართება

ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადებისა და შესაბამისი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ, განკარგულება დღეს გამოსცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  კონკურსი ცხადდება 2022 წლის აგვისტოში ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით. „ზემოაღნიშნული პოზიციებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 2022 წლის 26 ივლისის ჩათვლით საბუთები წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25 (საფოსტო ყუთის მეშვეობით) ან გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: info@president.gov.ge    ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ"-,,ვ" ქვეპუნქტებისა  და ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.   

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის, კერძოდ: რევაზ ეგაძე, გიორგი კალანდარიშვილი, გიორგი შაიშმელაშვილი, ნანული ბებია და თამარ ალფაიძე. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს, კონკურსში მონაწილეობის სურვილი 7-მა კანდიდატმა გამოთქვა: ქრისტინე ქაჯაიამ, სიმონ პარუნაშვილი, ლევან ისაკაძემ , თამაზ ფოლადაშვილმა, მაია ზარიძემ, გია ციცაშვილმა რუსუდან ქურდიანმა. ცნობისთვის, პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 13 ივლისს გამოაცხადა. ცესკოს თავმჯდომარეს და ცესკოს ორი წევრს უფლებამოსილების 6-თვიანი ვადა მიმდინარე წლის აგვისტოში ეწურებათ. შეგახსენებთ იმასაც, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას მესამედ იღებს. წინა ორ შემთხვევაში ის აღნიშნულ პოზიციაზე პარლამენტმა მხოლოდ 6-6 თვიანი ვადით აირჩია, რადგან მისი კანდიდატურის გარშემო პოლიტიკური სპექტრის კონსენსუსი არ არსებობდა.  

საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები წარუდგინა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია და საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის მიზნით, წარუდგინა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან: რევაზ ეგაძე, გიორგი კალანდარიშვილი, გიორგი შაიშმელაშვილი, ნანული ბებია, თამარ ალფაიძე, ხოლო ცესკო-ს წევრობის კანდიდატები კი, ქრისტინე ქაჯაია, სიმონ პარუნაშვილი, ლევან ისაკაძე, თამაზ ფოლადაშვილი, მაია, ზარიძე, გია ცაცაშვილი, რუსუდან ქურდიანი. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების შერჩევიდან არაუგვიანეს შვიდი დღისა საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების შერჩევისა და ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომის შემაჯამებელი ოქმი.  

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ერთი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა

დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები წარადგინა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  რაც შეეხება ცესკოს მეორე წევრის თანამდებობას, ჩატარებული ღია კონკურსის შედეგად პრეზიდენტის მიერ ვერ შეირჩა შესაბამისი კანდიდატურები. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 5 აგვისტოს N05/08/01 განკარგულებით ცხადდება ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი ხელახალი კონკურსი და იქმნება საკონკურსო კომისია. ზემოაღნიშნული პოზიციით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 2022 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით საბუთები წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25 (საფოსტო ყუთის მეშვეობით) ან გამოაგზავნონ ელფოსტაზე: info@president.gov.ge. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.  

რატომ არ წარადგინა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი კალანდარიშვილი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის პარლამენტისათვის არწარდგენა განპირობებულია იმით, რომ მისმა კანდიდატურამ ორჯერ უკვე ვერ მოიპოვა პარლამენტის წევრთა 2/3-ის უმრავლესობა, რაც 5 წლის ვადით ასარჩევადაა საჭირო.  „2022 წლის 5 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრის თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატურების წარდგენასთან დაკავშირებით, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული კომენტარები და ყოვლად უსაფუძვლო დასკვნები სხვა არაფერია თუ არა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და პოლიტიკური პოლარიზაციის მეტად გაღრმავების მცდელობა. ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის პარლამენტისთვის არწარდგენა კატეგორიულად გამორიცხავს ბატონი გიორგი კალანდარიშვილის პროფესიონალიზმის, მისი გამოცდილებისა და საქმიანობის პრეზიდენტის მიერ არაჯეროვნად შეფასებას. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, პრეზიდენტმა გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ორჯერ უკვე წარუდგინა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად. თუმცა, მისმა კანდიდატურამ ორჯერვე ვერ მოიპოვა საჭირო ხმების რაოდენობა, შედეგად ორჯერვე მხოლოდ ექვსი თვის ვადით იქნა არჩეული. ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარისა და მოქმედი წევრების პარლამენტისთვის არწარდგენა განპირობებულია იმით, რომ მათმა კანდიდატურებმა ორჯერ უკვე ვერ მოიპოვეს პარლამენტის წევრთა 2/3-ის უმრავლესობა, რაც საჭიროა ხუთი წლის ვადით ასარჩევად. ცესკო-ს თავმჯდომარედ და წევრად მუდმივად ერთი და იგივე კანდიდატურების წარდგენა და მათი მხოლოდ ექვსი თვის ვადით არჩევა ხელს არ უწყობს ცესკო-ს, ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებას და დემოკრატიულ განვითარებას. 5 აგვისტოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარედ და წევრად ასარჩევად ის კანდიდატურები წარუდგინა, რომლებიც ღია კონკურსის წესით შეარჩია შესაბამისმა საკონკურსო კომისიამ. კანდიდატთა შერჩევით კომისიამ დაადასტურა მათი პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია. შესაბამისად, კანდიდატების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვაა განცხადებები, რომლების მათი არჩევის პროცესში მონაწილეობის არმიღებას ეხება. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს პროცესში ახალი პროფესიონალების ჩართულობის ხელშეწყობას, ცესკო-ს დემოკრატიულ და ინსტიტუციურ გაძლიერებას, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ასარჩევად ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კანდიდატურების გამოვლენას. ცესკო-ს ინსტიტუციური გაძლიერება და საარჩევნო კანონმდებლობის ამ მიმართულებით დახვეწა ასევე გათვალისწინებულია ევროკავშირის რეკომენდაციებში, რომელთა შესრულებაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად არის საჭირო“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პ​ირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება

პ​ირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება. „შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. დღესვე ცესკომ არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა. ასევე განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცედურა. მათ შორის გამოცხადდა კონკურსი №64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. ასევე განისაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები, ვადები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ შუალედური არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, მათ შორის ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით. უზრუნველყოფილი იქნება ხმის დათვლის პროცესის აუდიოვიდეოფიქსაცია. საარჩევნო უბნებზე გამოყენებული იქნება ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები. შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნები სენაკის საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად ტარდება. ვახტანგ წურწუმიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე, 31 მაისს შეუწყდა“, – აცხადებენ ცესკო-ში.  

პირველ ოქტომბერს სენაკში შუალედური არჩევნები გაიმართება

პირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავცელებს.  „არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება. შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. დღესვე ცესკომ არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა. ასევე  განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცედურა. მათ შორის გამოცხადდა კონკურსი №64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. ასევე განისაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები, ვადები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ შუალედური არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, მათ შორის ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით. უზრუნველყოფილი იქნება ხმის დათვლის პროცესის აუდიოვიდეოფიქსაცია. საარჩევნო უბნებზე გამოყენებული იქნება ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები“, - ნათქვამია ცესკოს განცახდებაში. შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნები სენაკის საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად ტარდება. ვახტანგ წურწუმიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე, 31 მაისს შეუწყდა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს. როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2022 წლის 14 აგვისტოს, საია-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და გაასაჩივრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 12 აგვისტოს განკარგულება, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ სენაკის მუნიციპალიტეტის 64.04 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები დანიშნა.[1] საია ცესკოს განკარგულების ბათილობას ითხოვს. სასამართლო სხდომა 15 აგვისტოს, 16:00 საათზე გაიმართება. „გასაჩივრებულ განკარგულებაში ცესკო-მ არჩევნების დანიშვნის საფუძვლად მიუთითა ის ფაქტი, რომ საკრებულოს მაჟორიტარ წევრს, ვახტანგ წურწუმიას (პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) 2022 წლის 31 მაისიდან შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე. საია მიიჩნევს, რომ სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება, ვინაიდან ეს საკრებულო უკვე 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა, რის გამოც მისი უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობები არსებობს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ ის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება.[2] საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა არის მუნიციპალიტეტში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების საფუძველი,[3] რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.[4] პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას ამ შემთხვევაში განახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი”, - ნათქვამია ინფორმაციაში. ინფორმაცია დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე.  

ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს პირველი ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს

ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს პირველი ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს. პირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება. „საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, პერიოდულად იგეგმება ცესკო-სა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომების გამართვა არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა კი, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის როგორც ყოველთვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მოგმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, როგორც მედიას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს, დროულად გაიაროთ კანონმდებლობით გაწერილი პროცედურები ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისა და აკრედიტაციის მისაღებად. აღნიშნული მოგცემთ შესაძლებლობას, რომ გქონდეთ სრული ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ, შეუფერხებლად შეძლოთ ცესკო-სა და საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრება, საარჩევნო პროცესებზე დაკვირვება და გაშუქება. ინფორმაცია შუალედური არჩევნების აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადების და წესების შესახებ იხილეთ ბმულზე. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ცესკო-ს ვებგვერდს – cesko.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე – 2 51-00-51“, – აღნიშნულია ცესკოს ინფორმაციაში.  

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შესარჩევ ხელახალ ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 3 განაცხადია წარდგენილი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შესარჩევ ხელახალ ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 3 განაცხადია წარდგენილი. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კანდიდატთა სიას აქვეყნებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა სიაში არიან: დავით ფეტვიაშვილი, გიორგი მარსაგიშვილი და ნათია წიპტაური. შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები.  

გიორგი კალანდარიშვილი: საარჩევნო ადმინისტრაციას შეუძლია, 2024 წლისთვის ტექნოლოგიური ინტერვენციის მეშვეობით ადმინისტრირება 1 200-მდე უბანზე უზრუნველყოს

ცესკო-ს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, თუ 2024 წლისთვის შესაბამისი მზაობა და ფინანსები იქნება, საარჩევნო ადმინისტრაციას შეუძლია, დაახლოებით 1200 საარჩევნო უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიები დანერგოს. ამის შესახებ კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, დღეს სამუშაო ჯგუფის წევრების მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაზე გაკეთდა. „საარჩევნო ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს, რათა ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ რაც შეიძლება მეტი პილოტირება განვახორციელოთ, რომ 2024 წელს ადმინისტრაცია უფრო მეტად მომზადებული და კვალიფიციური შეხვდეს ტექნოლოგიების გამოყენების მასშტაბების შესაძლო ზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ განვლილმა პილოტირებამ აჩვენა და წინ სენაკის მუნიციპალიტეტის სამივე საარჩევნო უბანზე მოვახდენთ ორივე ტიპის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას, რაც იმის ხმამაღლა თქმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ჩვენს ქვეყანაში ტექნოლოგიების გამოყენებას დიდი პერსპექტივა აქვს, რადგან მას შეუძლია, მნიშვნელოვნად გადააზღვეიოს ყველა ის საკითხი, რაშიც გარკვეული წუხილები სხვადასხვა არჩევნებზე ისმოდა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.    

გიორგი კალანდარიშვილი: ცესკოს თავმჯდომარედ თუ არცერთი წარდგენილი კანდიდატი არ იქნება არჩეული, კონკურსში მონაწილეობაზე გადაწყვეტილებას გარემოებების ანალიზის შედეგად მივიღებ

"ცესკოს თავმჯდომარედ თუ არც ერთი წარდგენილი კანდიდატი არ იქნება არჩეული, კონკურსში მონაწილეობაზე გადაწყვეტილებას გარემოებების ანალიზის შედეგად მივიღებ", - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა. “ამ ინსტიტუტის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ კანდიდატს, შესაძლოა, ფართო პოლიტიკური კონსენსუსი არ ჰქონოდა იმ ფონზე, როდესაც საუბარი იყო ასევე, ჩემს პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციაზე, რა თქმა უნდა, ლოგიკური არაა, გამომდინარე იქიდან, რომ კონსენსუსის საკითხი წყდება საკანონმდებლო ორგანოში. ბოლო ორი კონკურსის პირობებში მხარდამჭერთა მზარდი დინამიკის ფონზე სწორი იქნებოდა, კვლავ მქონოდა ამის შესაძლებლობა საკანონმდებლო ორგანოში. ეს შესაძლებლობა, სამწუხაროდ, არ მომეცა. ჯერ კიდევ მიმდინარეობს კონკურსი, საკომიტეტო მოსმენები და სესიაზე კენჭისყრა უნდა გაიმართოს. ბუნებრივია, სანამ კონკრეტული რეზულტატი არ იქნება, სწორი არაა რაიმე შეფასების გაკეთება. თუ კონკურსი იმგვარად დასრულდა, რომ არცერთი კანდიდატი არ იქნება არჩეული, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, პრეზიდენტის მხრიდან შესაბამის განცხადებას და ამ გარემოებების ანალიზის შედეგად მივიღებ გადაწყვეტილებას”,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა.  

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს ნათია წიპტაურისა და გიორგი მარსაგიშვილის კანდიდატურები წარუდგინა.  

პრეზიდენტმა განმარტა, რატომ არ წარადგინა გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე

რატომ არ წარადგინა მესამედ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კვლავ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა, ეს საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე  განმარტა.  პრეზიდენტი ევროკავშირის მოთხოვნებზეც მიუთითებს. „არანაირი პერსონალური რამე შეფასება არ მაქვს ადამიანებზე, მაქვს პროფესიონალური შეფასება და ეს შეფასება სხვათა შორის ცესკოს თავმჯდომარეზე იყო და არის ძალიან პოზიტიური, მისი პროფესიონალიზმის. ეს საჯაროდაც ვთქვი, ამას დაეთანხმნენ ჩვენი უცხოელი დამკვირვებლებიც, რომ არჩევნები, რაც მან ჩაატარა, იყო სრულყოფილად ჩატარებული და მან ამ კუთხით სრულიად შეასრულა თავის ვალდებულება. ამდენად, მე ეს ადამიანი წარვადგინე ცესკოს თავმჯდომარის ადგილზე და ამით 6 თვით გაგრძელდა ვადა. რადგანაც ვერ მიიღო ორი მესამედი ხმებისა, ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ მესამედ არ წარმედგინა და წარმედგინა ის კანდიდატები, რომლებიც იყვნენ კომისიის მიერ კონკურსის ფორმით შერჩეული. ისინი წარმედგინა როგორც ახალი კანდიდატები იმ იმედით, რომ რომელიმე მოაგროვებს ორ მესამედს ხმების, რაც არის მოთხოვნა, მოთხოვნა სწორედ ევროკავშირის, ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობებზე, ეს ეხება საარჩევნო გარემოს. რას გვთხოვს ევროკავშირი? რომ მაქსიმალურად ეცადეთ, მონახოთ კანდიდატები, რომლებიც იქნებიან მაღალი ლეგიტიმაციის მქონე და რაღაც ფორმით კონსენსუსის მატარებელი. დეპოლარიზაცია სწორედ ეს არის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის კანდიდატიც კონსენსუსის გზით უნდა შეირჩეს. „ეს ეხება ცესკოს თავმჯდომარეს, მაგრამ ასევე ეხება სხვა თანამდებობებს, მაგალითად სახალხო დამცველს. მე არ მაქვს არანაირი როლი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში, მაგრამ აქაც შემიძლია ვთქვა, რომ ევროპის სულისკვეთებას და მისი მოთხოვნების სულისკვეთებას თუ მივყვებით, თუ ეს გვაინტერესებს და სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხებს, უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გვთხოვენ მეტ სოლიდარობას, მეტ კონსენსუსს, მეტ ერთად შერჩევას იმ ადამიანების, რომლებიც შეიძლება დაინიშნონ ამ ძალიან საპასუხისმგებლო ადგილებზე. ეს იყო და მხოლოდ ეს, არანაირი პოლიტიკური ხედვა, არც რამე პერსონალური, რამაც განაპირობა, რომ კომისიის შერჩეული კანდიდატები წარვადგინე ამჯერად და არა მესამეჯერ არსებული თავმჯდომარე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სენაკის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ხმების 96,68% მიიღო -ცესკო

სენაკის №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, წინასწარი პირველადი შედეგებით, ხმების 3,32 პროცენტი მიიღო მამუკა ტუსკაძემ („მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისთვის“), 96,68 პროცენტი კი – ზაზა ყურაშვილმა („ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“). ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე პირველადი შედეგები მედიას, ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა გააცნო. „შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნებზე საპილოტე რეჟიმში გამოყენებული იყო  ელექტრონული ტექნოლოგიები - ვერიფიკაციის აპარატები, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები. აღსანიშნავია, რომ პირველად იყო გამოყენებული სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატები, რის შედეგადაც ამომრჩეველს ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან შეეძლო მისვლა და რეგისტრაციის (ვერიფიკაციის) პროცედურის გავლა. ახალმა ტექნოლოგიებმა ამომრჩევლების მოწონება დაიმსახურა. საარჩევნო უბნებზე ახლა მიმდინარეობს ტრადიციული მეთოდით  ხმის დათვლის პროცესი და ამ პროცესის ვიდეოგადაღება. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიას, დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს, რის შემდეგაც აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ხმის დათვლის პროცესის ამსახველი ვიდეომასალა კი აიტვირთება GOOGLE DRIVE-ის პლატფორმაზე. კენჭისყრის დღე კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართა. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი არჩევანი გაეკეთებინათ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში. საარჩევნო მოხელეები უბნებზე მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურებოდნენ ამომრჩევლებს. გვინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს აქტიურობისათვის. ასევე მადლობას ვუხდით ყველა დონის საარჩევნო კომისიების წევრებს და თანამშრომლებს კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის“,-განაცხადა ნათია იოსელიანმა.  

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს თამარ ალფაიძესა და რევაზ ეგაძეს მხარი არ დაუჭირა. ამასთან, იურიდიულმა კომიტეტმა არც ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილ გიორგი მარსაგიშვილის, ნათია წიპტაურის, ლევან ისაკაძისა და ქრისტინე ქაჯაიას კანდიდატურებს დაუჭირა მხარი. „მაშინ, როდესაც ეს ადამიანები ერთმანეთთან კონკურენციაში იყვნენ, საუკეთესოებზე გავაკეთეთ არჩევანი და ისინი არიან დღეს არჩეულნი. ამ კანდიდატებში არიან კვალიფიციური, გამორჩეული გამოცდილებისა და ღირსეული კანდიდატები, შესაბამისად ის, რომ მათ მხარდაჭერა არ აქვთ, არ ნიშნავს და არ უსვამს ხაზს მათთან მიმართებით კვალიფიციურობის დეფიციტს ან გამოცდილების დეფიციტს. თუმცა როდესაც ეს ადამიანები თავის დროზე კონკურენციაში იყვნენ, საუკეთესოებზე გავაკეთეთ არჩევანი და ამ ადამიანებმა პარლამენტის ნდობა გაამართლეს და თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებისას მათი კვალიფიკაცია კიდევ ერთხელ აისახა შესაბამის საერთაშორისო ანგარიშებში“,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.  

პარლამენტმა ცესკოს ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩია

პარლამენტმა ვერც ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს პროფესიული წევრები აირჩია. მათ ასარჩევად 100-ხმიანი კვორუმი იყო საჭირო, თუმცა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულმა კანდიდატებმა პარლამენტისგან ნულოვანი მხარდაჭერა მიიღეს. პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა. თავმჯდომარის ასარჩევად მინიმუმ 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. 150-წევრიან პარლამენტში, დღევანდელი მოცემულობით, 141 დეპუტატია დარჩენილი. 22 დეკემბერს ჩატარებული კენჭისყრის შედეგები: თამარ ალფაიძე: მომხრე - 0, წინააღმდეგი - 0. რევაზ ეგაძე: მომხრე - 1, წინააღმდეგი - 0. საქართველოს კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს გიორგი კალანდარიშვილი, რომლის კანდიდატურაც საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს აღარ წარუდგინა.  

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე: პროცესი თავიდან იწყება

მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაიწყოს კონსულტაციები ცესკოს თავმჯდომარეობის რეალური კანდიდატის შესარჩევად, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ, გიორგი სიორიძემ განაცხადა. პარლამენტმა ცესკოს ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩია "როგორც ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე, მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, პოლიტიკურ პარტიებს, მესამე სექტორს, სპეციალისტებს, სასწრაფოდ დავიწყოთ კონსულტაციები და გადავდგათ აუცილებელი ნაბიჯები, რათა პროცესმა რეალური შინაარსი შეიძინოს. 4 თვეა ცესკოში არის ლეგიტიმაციის კრიზისი და კანონგარეშე მდგომარეობა, რაც დიდ ზიანს აყენებს ევროინტეგრაციის იმ ეტაპს, რომელსაც ახლა ჩვენი ქვეყანა გადის. ცესკოს მოქმედ თავმჯდომარესა და ორ წევრს უფლებამოსილების 6 თვიანი ვადა 15 აგვისტოს გაუვიდათ. არალეგიტიმური და დემოკრატიულ სტანდარტთან შეუსაბამო საკანონმდებლო ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნულ პირებს უფლებამოსილების ვადა მათი შემცვლელის არჩევამდე უხანგრძლივდებათ. ჯერ კიდევ აგვისტოში, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ასარჩევად ცესკოს მოქმედი თავმჯდომარისა და ორი წევრის კანდიდატურები არ წარუდგინა, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ პროცესის ხელოვნურად, კანონდარღვევით გაწელვით უპასუხა,“ - აცხადებს სიორიძე.  

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად 4 კანდიდატურა წარუდგინა

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად 4 კანდიდატურა წარუდგინა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები წარედგინა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - რუსუდან ქურდიანისა და თამაზი ფოლადაშვილის კანდიდატურები. შესაბამის ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს. „2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის არცერთ კანდიდატს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი 3 დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან ცესკოს ასარჩევ წევრთა დარჩენილ რაოდენობაზე ორჯერ მეტ კანდიდატურას, აღნიშნული მოთხოვნის გათვალისწინებით, დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარედგინა კონკურსში მონაწილე გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - რუსუდან ქურდიანისა და თამაზი ფოლადაშვილის კანდიდატურები.  რაც შეეხება ცესკოს მეორე წევრის თანამდებობას, კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 5 აგვისტოს N 05/08/01 განკარგულებით ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე გამოცხადებულ კანდიდატთა შესარჩევ ხელახალ კონკურსში მონაწილეობდა სულ 3 კანდიდატი, რომელთაგან 2 კანდიდატს საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 22 დეკემბერს მხარი არ დაუჭირა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან ცესკოს ასარჩევ წევრთა დარჩენილ რაოდენობაზე ორჯერ მეტი კანდიდატურა სახეზე არ არის, საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 27 დეკემბრის N 27/12/03 განკარგულებით, ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე ცხადდება კონკურსი და იქმნება საკონკურსო კომისია. ზემოაღნიშნული პოზიციით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2023 წლის 10 იანვრის ჩათვლით საბუთები წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25 (საფოსტო ყუთის მეშვეობით) ან გამოაგზავნონ ელფოსტაზე: info@president.gov.ge. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება, იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცესკო-ს თავმჯდომარემ და USAID-ის მისიის დირექტორმა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ იმსჯელეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს ჯონ პენელს, მის მოადგილეს ლისა კოვაკსა და ორგანიზაციის პოლიტიკურ ოფიცერს გივი ტიბანელს შეხვდა. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური ავრცელებს. საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა საარჩევნო პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციის გამოწვევები და საჭიროებები, ასევე 2023 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნები – ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომლის შესახებაც ცესკო-ს თავმჯდომარემ საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა იმ აქტივობების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებით ახორციელებს. „საარჩევნო ადმინისტრაციას მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID). დღევანდელ შეხვედრაზე მათ დეტალური ინფორმაცია მივაწოდე საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე არსებული საჭიროებების და გამოწვევების შესახებ, ასევე ვისაუბრეთ ელექტრონული ტექნოლოგიების მიმართულებით არსებულ გამოცდილებასა და პერსპექტივებზე. ვფიქრობ, საარჩევნო რეფორმის აღსრულების ჭრილში მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენთვის პრიორიტეტულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება და განვითარება. ჩართული მხარეებისა და განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციების როლი 2023 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარების პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვიმედოვნებ, თანამშრომლობა, რომელიც ამ ეტაპზე ჩვენს ორგანიზაციებს შორის არსებობს, კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც თავისთავად სასიკეთოდ აისახება საარჩევნო პროცესზე“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.  

2024 წლის პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს - ცესკო

2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, იმ საარჩევნო უბნებზე კი, სადაც ტექნოლოგიები არ იქნება გამოყენებული, გაციფრულდება ბიულეტენები. შესაბამისი გადაწყვეტილება ცესკო-მ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო და განკარგულებით განსაზღვრა ის საარჩევნო უბნები, სადაც 2024 წელს არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება. „დღეს ცესკომ ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, 2024 წელს გასამართი პარლამენტის არჩევნებისას, ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს. დარჩენილ საარჩევნო უბნებზე კი განხორციელდება ბიულეტენების გაციფრულება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ღიაობის და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დადგენას საარჩევნო უბნებზე. აღსანიშნავია, რომ ეს მოცემულობა ხელს შეუწყობს ყველა ჩართულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ გაერთიანებებს, თავის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ წელიწადნახევრით ადრე მოემზადონ, დაგეგმონ და განახორციელონ აქტივობები 2024 წლის არჩევნებისთვის“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ. გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძემ. „ეს იყო ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ამისთვის ვიბრძოდი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არ ვიყავი საარჩევნო ადმინისტრაციის წევრი. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი სხდომა იმითაც, რომ პოლიტიკურ პარტიებს წელიწადნახევრით ადრე უკვე ეცოდინებათ ახალი საარჩევნო გეოგრაფია, რაც მისცემს მათ საშუალებას ადეკვატურად დაგეგმონ ყველა ის ღონისძიება, რომელიც აუცილებელია 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის“, – განაცხადა სიორიძემ. ცესკო-ს წევრის, ივანე ნორაკიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესის მიმართ ამომრჩეველთა ნდობის ამაღლებას. „განსხვავებით საკანონმდებლო ჩანაწერისგან, გვაქვს პროგრესი. საკანონმდებლო ჩანაწერის მიხედვით ელექტრონული არჩევნები საქართველოში ჩატარდებოდა ამომრჩევლის მინიმუმ 70 პროცენტისთვის, ცესკო-ს დღევანდელი განკარგულებით კი დადგინდა, რომ ელექტრონული არჩევნები საქართველოში ჩატარდება ამომრჩევლის თითქმის 90 პროცენტისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რადგან ელექტრონული არჩევნები ზოგადად ამარტივებს არჩევნების ადმინისტრირებას, უფრო მეტ სიზუსტეს სძენს მას და აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში იზრდება ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ ამომრჩეველთა მხრიდან“,- აღნიშნა ნორაკიძემ. ამასთან, ცესკო-ს ცნობით, 2024 წლის არჩევნები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველი თემების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე. „ასევე ზემოხსენებული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრებისა) არსებულ იმ საარჩევნო უბნებში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 300 ამომრჩეველს და ამავდროულად შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართსა და საოლქო საარჩევნო კომისიის მისამართს შორის მანძილი არ აღემატება 20 კმ-ს. იმ საარჩევნო უბნებში კი, სადაც არ იქნება განთავსებული საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი, საუბნო საარჩევნო კომისია ცესკო-ს დადგენილებით განსაზღვრული წესით საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში განახორციელებს საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანას შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ვერსია განთავსდება ინტერნეტ სივრცეში საარჩევნო უბნების მიხედვით და მათი გაცნობა შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. აღნიშნული სამართლებრივი აქტის მიღებას წინ უძღოდა მთელი რიგი სამუშაოები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საოლქო საარჩევნო კომისიების აქტიური ჩართულობით და მონაწილეობით გასწია, ასევე, ჩართულ მხარეებთან სხვადასხვა სამუშაო ფორმატში გამართული სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც განხორციელდა დოკუმენტის ძირითადი პრინციპების განხილვა და მოსაზრებების მოსმენა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნებიც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და იმავე კრიტერიუმების მიხედვით ჩატარდება, რომელიც 2024 წლის პარლამენტის არჩევნებზე იმოქმედებს“,- აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.  

მერების რიგგარეშე არჩევნები 29 აპრილს გაიმართება - ცესკო

საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები 29 აპრილს გაიმართება. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულებები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, ამომრჩევლები 29 აპრილს აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი – სენაკი – ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს. შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის 164 საარჩევნო უბანი გაიხსნება. როგორც ცესკო-ში აცხადებენ, ამ არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს დიდი მასშტაბით გამოიყენებს. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 117 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 91% მიიღებს. დანარჩენ, 47 საარჩევნო უბანზე კი კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის. „ეს არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ამ მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიები პირველად იქნება გამოყენებული. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება ტესტი მომავალი საერთო 2024 წლის არჩევნებისთვის. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება 29 აპრილის არჩევნებს. ეს არის საქართველოს არჩევნების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი და ყველა ჩართულ მხარეს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს საარჩევნო პროცესის წარმატებით წარმართვაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის პასუხისმგებლობაა საარჩევნო რეფორმის წარმატებით განხორციელება. ჩვენ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ტექნოლოგიების მიმართულებით ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას. სწორედ ამიტომ, გვინდა მოვუწოდოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს – პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას – ყველას, ვინც გამოთქვამს სურვილს, რომ მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის დემოკრატიზაციის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში, ჩვენთან ერთად ჩაერთონ ელექტრონული არჩევნების დანერგვაში“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა  

საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს ბრიფინგი გაიმართა. ცესკო-ს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციაში 29 აპრილის არჩევნებისთვის მზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. „ჩვენთვის პრიორიტეტულია შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის ყველა საარჩევნო პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართოს. ამ პროცესის ერთ- ერთ პირველ და მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევა. სწორედ დღეს დაიწყო განაცხადების მიღება ვაკანტური ადგილების შესავსებად 10-ვე საარჩევნო ოლქში. საარჩევნო ადმინისტრაციაში ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ამჯერადაც უზრუნველყოფილი იქნება კანდიდატების შერჩევის პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა, კომისიის წევრობის მსურველებთან გასაუბრება ღიად, ლაივ რეჟიმში განხორციელდება. ჩართულ მხარეებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გასაუბრებას უშუალოდ დააკვირდნენ ცესკოს ოფიციალური სოციალური ქსელების მეშვეობით. მოვუწოდებთ მათ აქტიურად ჩაერთონ პროცესში. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობა როგორც ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ისე საარჩევნო პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, რადგან 29 აპრილის არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოს არჩევნების ისტორიაში. რაც შეეხება კონკურსის დეტალებს – კონკურსი გამოცხადებულია №12 გურჯაანის, №19 თიანეთის, №37 ახალციხის, №45ცაგერის, №49 თერჯოლის, №57 ტყიბულის, №59 ქუთაისის, №64 სენაკის, №66 ხობისა და №70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილია. მივმართავთ დაინტერესებულ პირებს, იაქტიურონ და დროულად შემოიტანონ საკონკურსო დოკუმენტაცია. აქვე შეგახსენებთ, რომ საბუთები მიიღება დღეს და ხვალ 18:00 საათის ჩათვლით როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე, საკონკურსო სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, ინფორმაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ, მიმართოთ კონტაქტ-ჰაბს – 2 51 00 51“, – განაცხადა პრესსპიკერმა.  

ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია. როგორც ცესკო-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, 30 დროებითი წევრი ათ საოლქო საარჩევნო კომისიაში აირჩა. „არჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა. ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო, დაკვირვებოდა სხდომას ცესკო-ს ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში „Facebook“ პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით. ცესკო-ს წევრებმა ათ საოლქო საარჩევნო კომისიაში 30 დროებითი წევრი სახელობითი კენჭისყრით აირჩიეს. ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო იყო კონკურსანტებთან გასაუბრებაც. არჩევამდე საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრობის კანდიდატებმა გასაუბრება ცესკო-ს წევრებთან ლაივრეჟიმში გაიარეს. ჩართულ მხარეებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასაუბრების პროცესს უშუალოდ დაკვირვებოდნენ ცესკო-ს სოციალური ქსელის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება და კონკურსის ღიად წარმართვა საარჩევნო ადმინისტრაციაში 2021 წლიდან დამკვიდრდა, რაც ხელს უწყობს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას და ასახავს რეალურ სურათს, თუ რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს საარჩევნო ადმინისტრაცია დროებითი წევრების არჩევისას. რაც შეეხება ცესკო-ს მიერ არჩეულ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს, არჩეული 30 პირიდან ბოლოს გამართულ ექვს საერთო არჩევნებზე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობის გამოცდილება აქვს 28 პირს, მათ შორის საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ თანამდებობებზე – 12-ს. ცესკო-ს საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა მიღებული აქვს 14 პირს, მათ შორის ერთს გავლილი აქვს „საარჩევნო განვითარების სკოლა“, ერთს – „ახალგაზრდული ბანაკები“ და 12-ს – „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“. 29 აპრილის არჩევნებისათვის №12 გურჯაანის, №19 თიანეთის, №37 ახალციხის, №45 ცაგერის, №49 თერჯოლის, №57 ტყიბულის, №59 ქუთაისის, №64 სენაკის, №66 ხობისა და №70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში სულ 35 განაცხადი შემოვიდა (18 ქალი და 17 კაცი). გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო 29 კონკურსანტმა, ლაივ რეჟიმში გასაუბრება მხოლოდ იმ პირებთან წარიმართა, ვინც აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

საარჩევნო ადმინისტრაცია 29 აპრილს არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს მოუწოდებს, დროულად გაიარონ სარეგისტრაციო პროცედურები

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს სრული დატვირთვით მუშაობას იმისთვის, რომ 29 აპრილს ამომრჩევლებს მაღალ დონეზე ადმინისტრირებული არჩევნები შესთავაზოს,- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესების ღიად, გამჭვირვალედ წარმართვა და ჩართული მხარეების ინფორმირება. „შეგახსენებთ, რომ შუალედური და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემდეგ ცესკო-სა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი – არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულია სამი საარჩევნო სუბიექტი. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობისა და კანდიდატების წარდგენის წესი და ვადები განსხვავებულია. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია და შესაბამისი საკანონმდებლო აქტები განთავსებულია ცესკო-ს ვებგვერდზე. დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება შეუძლიათ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში, ასევე ცესკოს კონტაქტჰაბის მეშვეობით ნომერზე – 2 51 00 51. 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები, ასევე მერის რიგგარეშე არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს, დროულად გაიარონ შესაბამისი სარეგისტრაციო პროცედურები და საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვას. საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიები ასეთი მასშტაბით 29 აპრილს პირველად იქნება გამოყენებული და მნიშვნელოვანია, ყველა ჩართულმა მხარემ შეიტანოს საკუთარი წვლილი საქართველოს არჩევნების ისტორიის ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით განხორციელებაში“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრაში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 91% მიიღებს, დანარჩენ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.  

დღეიდან 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

29 აპრილის არჩევნებამდე ზუსტად 60 დღე რჩება და დღეს შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. როგორც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, დღეიდან, საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში მთელი რიგი რეგულაციები ამოქმედდა, რომელთა დაცვაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვისთვის. „საარჩევნო ადმინისტრაციისთვის 29 აპრილის შუალედური და რიგგარეშე არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ამ არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული. საარჩევნო ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, მზად არის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე წარიმართოს, თუმცა მიგვაჩნია, რომ საარჩევნო რეფორმის განხორციელება და ელექტრონული ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვა არჩევნებში ჩართული ყველა მხარის პასუხისმგებლობაა. სწორედ საარჩევნო კანონმდებლობის, წინასაარჩევნო აგიტაციის წესების დაცვა, ამომრჩეველთა ზუსტი, სწორი ინფორმირება იქნება განმსაზღვრელი საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად ჩატარებისა და ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვისა. ამ პროცესს ჩვენ, საარჩევნო ადმინისტრაციამ, საარჩევნო სუბიექტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი, რადგან ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს საარჩევნო გარემოს და გაამარტივებს საარჩევნო პროცესს, რაც შექმნის მყარ საფუძველს 2024 წლის არჩევნებისთვის ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით დასანერგად. კიდევ ერთხელ, გვინდა მოვუწოდოთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, დაიცვან წინასაარჩევნო აგიტაციის წესები, რათა ჩვენ ყველამ ერთად უზრუნველვყოთ 29 აპრილის არჩევნების მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარება“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.  

ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

29 აპრილს გასამართი შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს. როგორც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, ათივე საოლქო საარჩევნო კომისიამ საერთო ჯამში უნდა აირჩიოს საუბნო საარჩევნო კომისიების 1 312 წევრი, მათ შორის 492 ხელმძღვანელი პირი. ცესკო-ს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოცხადებულ კონკურსებში კანდიდატთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 9 მარტს დასრულდება. საკონკურსო დოკუმენტაციის შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალური სახით, ასევე, სპეციალური ელექტრონული პლატფორმის საშუალებით – konkursi.cec.gov.ge. „საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მათ, ვინც აკმაყოფილებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საქართველოს არჩევნების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი რეფორმის განხორციელების საწყის ეტაპზევე ჩაერთონ პროცესში, დროულად გაიარონ შესაბამისი სარეგისტრაციო პროცედურები და საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვას. კონკურსის პირობების, ვადებისა და არჩევის წესის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საოლქო საარჩევნო კომისიებს, ასევე კონტაქტ-ჰაბს ტელეფონის ნომერზე – 2 51 00 51. მივმართავთ საოლქო საარჩევნო კომისიებს, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების და წევრების არჩევის პროცესი წარმართონ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ახალი მოთხოვნებისა და კრიტერიუმების შესაბამისად და ხელი შეუწყონ შესარჩევი კონკურსის გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით წარმართვას“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.  

ცესკოს თავმჯდომარემ და ევროკავშირის ელჩმა მიმდინარე საარჩევნო საკითხებზე იმსჯელეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათი ცნობით, 29 აპრილს დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნები, აღნიშნულ არჩევნებზე ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება, საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებები და გამოწვევები, სადამკვირვებლო მისიების როლი ტექნოლოგიების ინტერვენციის პროცესში, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთო/ ოდირის რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის - ეს ის თემებია, რომლებზეც გიორგი კალანდარიშვილმა ევროკავშირის ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მან ყურადღება იმ აქტივობებზეც გაამახვილა, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებით ახორციელებს. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო პროცესებში დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა და მათი დაკვირვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის , გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 29 აპრილს დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნები საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კარგ საშუალებას წარმოადგენს ჩართულ მხარეებთან ერთად, კიდევ ერთხელ მოსინჯოს ყველა ახალი პროცედურა ტექნოლოგიური ინტერვენციის მიმართულებით. „რადგან 2024 წლის არჩევნებზე ჩვენი მოსახლეობის თითქმის 90% ტექნოლოგიების გამოყენებით გააკეთებს არჩევანს კენჭისყრის დღეს. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ საარჩევნო პროცესზე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა და მათი დაკვირვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბატონ ელჩს დეტალური ინფორმაცია მივაწოდე იმ საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ, რის წინაშეც ადმინისტრაცია ახლა დგას. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც თავისთავად პოზიტიურად აისახება საარჩევნო პროცესზე, რადგან ევროპული არჩევნები და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტი არის ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი, საითაც მივდივართ“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილის და საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის შეხვედრა დღეს გაიმართა.  

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში საბუთების მიღება დასრულდა

29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველთა განაცხადების წარდგენის ვადა ამოიწურა. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოცხადებულ 1 312 ვაკანტურ ადგილზე სულ, 1347განაცხადი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო-ს პრესსამსახური ავრცელებს. „კონკურსანტებს საშუალება ჰქონდათ განაცხადები ელექტრონული პლატფორმის konkursi.cec.gov.ge გამოყენებით წარედგინათ. ამ საშუალებით 171-მა კონკურსანტმა ისარგებლა. 1 176-მა მონაწილემ კი განაცხადი მატერიალური სახით წარადგინა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. კონკურსანტთა 77.13 % ქალია, ხოლო -22.87% კაცი. 29 აპრილის საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 164 საარჩევნო უბანი დაკომპლექტდება. თითოეულ უბანზე არის რვა ვაკანსია. საარჩევნო უბნების 83.54%-ზე (137 უბანი) შემოვიდა რვა კონკურსანტის განაცხადი. 21 საარჩევნო უბანზე – 9 კონკურსანტის; ოთხ საარჩევნო უბანზე – 10 კონკურსანტის; ორ საარჩევნო უბანზე კი შემოვიდა 11 კონკურსანტის განცხადება. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში 11-14მარტს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო რეფორმის შესაბამისად წელს პირველად საოლქო საარჩევნო კომისიები აირჩევენ საუბნო საარჩევნო კომისიებისხელმძღვანელ პირებსაც. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიაა უფლებამოსილი პირებისთვის. გვინდა შევახსენოთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებს, რომ შესაბამის სხდომებზე დასწრების უფლება მოგეცემათ, მხოლოდ აკრედიტაცია/რეგისტრაციის გავლის შემდგომ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დროულად გაიარონ რეგისტრაცია და აქტიურად დააკვირდნენ როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევას, ასევე სხვა საარჩევნო პროცედურებს, რაც მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობისათვის. მივმართავთ საოლქო საარჩევნო კომისიებს, ხელი შეუწყონ შესარჩევი კონკურსის კანონმდებლობის შესაბამისად და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით წარმართვას. ყველა უფლებამოსილ პირს მისცენ შესაძლებლობა გაეცნონ საკონკურსო დოკუმენტაციას, დაესწრონ და თვალი ადევნონ აღნიშნულ პროცესს. ასევე, კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმების გარდა, საოლქო საარჩევნო კომისიებმა, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ცესკოს მიერ შემუშავებული სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმებიც, როგორიცაა: პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა“, – აღნიშნულია ცესკო-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩიეს

საოლქო საარჩევნო კომისიებმა 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები და ხელმძღვანელი პირები აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, 164 საუბნო საარჩევნო კომისიაში არსებულ 1 312 ვაკანტურ ადგილზე სულ დარეგისტრირდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის 1 347 მსურველის განაცხადი. „მნიშვნელოვანია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების არჩეული ხელმძღვანელი პირებიდან და წევრებიდან: 878 პირი არჩეულია 12 ხმით; 336 - 14 ხმით; 72 – 13 ხმით; 10 – 11 ხმით; 8 - 10 ხმით; ხოლო 8 - 9 ხმით; საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების და ხელმძღვანელი პირების შერჩევისას, იხელმძღვანელეს საარჩევნო რეფორმის შედეგად დაწესებული ახალი რეგულაციებით. მათ შორის, კანდიდატთა მიმართ დაწესებული იმ შეზღუდვებით, რომელიც გამორიცხავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად ისეთი პირის არჩევას, რომელიც: ა) ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი; ბ) ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი. გარდა კანონით განსაზღვრული მოთხოვნებისა საოლქო საარჩევნო კომისიებმა ასევე გაითვალისწინეს ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. მათ შორის, კონკურსანტთა პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში მიუკერძოებელი საქმიანობა, ასევე ჩართულობა საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში. არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება აქვს და 2012 წლიდან, ბოლო 8 საერთო არჩევნებზე ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია -1 111 პირს, რაც საერთო რაოდენობის 84.67%-ია. ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დიდი ნაწილი ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილეა. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის ახლად არჩეული წევრებიდან 595 „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილეა, 7 – „საარჩევნო განვითარების სკოლების“, ხოლო 1 - „ახალგაზრდული ბანაკების“ კურსდამთავრებული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ცესკოს თავმჯდომარე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა და მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს. „გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესებში დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა, მათი მოსაზრებების და რეკომენდაციების გაცნობა არსებითად მნიშვნელოვანია. ასევე, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ცესკოს თავმჯდომარემ ისაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებებისა და გამოწვევების, ასევე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. განხილვის ერთ-ერთი ძირითადი თემა საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხები იყო. გიორგი კალანდარიშვილმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს დეტალურად გააცნო ინფორმაცია, როგორც 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის, ისე 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების შესახებ. მან აღნიშნა, რომ 29 აპრილის არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული და შესაძლებელი იქნება ამ მიმართულებით დადებითი მხარეებისა თუ გამოწვევების გამოვლენა და შესწავლა. მისივე თქმით, წელს მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის 2024 წლის არჩევნების კიდევ უფრო მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადმინისტრირებისთვის. დღევანდელ შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარემ ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის ახალი პლატფორმების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე წარიმართოს“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.  

ცესკომ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი

2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. დოკუმენტზე ხელისმოწერით ცენტრალური საარჩევნო კომისია და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ 29 აპრილს შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე იხელმძღვანელებენ საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებითა და ხელს შეუწყობენ არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის პრინციპების დაცვით. ღონისძიება დღეს ცესკოს თავმჯდომარემ გახსნა. "არჩევნები საერთო საქმეა და შესაბამისად, არჩევნებში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის გაძლიერება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის. სწორედ ამ მიდგომებიდან გამომდინარე, დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ეთიკის კოდექსს, რომელიც ცესკოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდა. კოდექსის მიზანია გავაუმჯობესოთ საარჩევნო გარემო, ხელი შევუწყოთ არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში, საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად ჩატარებას“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ეთიკის კოდექსის პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს დოკუმენტზე ხელმომწერი ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც. მათი თქმით, ამ ტიპის შეთანხმება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს და ხელს შეუწყობს არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებას. "არჩევნები ძალიან კომპლექსური საკითხია და ის, მართლაც ყველას საქმეა. კანონი ხშირ შემთხვევაში ყველაფერს ვერ არეგულირებს და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საერთო წესებზე შეთანხმება. მიუკერძოებლობის, პროფესიონალიზმის და თანამშრომლობის კომპონენტის კიდევ უფრო გაძლიერება აუცილებელია იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ“, - განაცხადა კოდექსზე ხელმოწერის შემდეგ ,,განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD) თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავამ. ეთიკის კოდექსის კიდევ ერთი ხელმომწერი ორგანიზაციის, „ღია სივრცე კავკასიის“(COS) თავმჯდომარე ირმა პავლიაშვილის განცხადებით, ,,არსებითი და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ვალდებულებები და პრინციპები ერთი საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში იყოს ასახული, ხოლო შემდეგ პრაქტიკაში განხორციელებული. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია მსგავსი ტიპის შეთანხმება, რათა ხელი შევუწყოთ, როგორც თანამშრომლობის, ასევე დეკლარირებული მიზნების აღიარებას.“ ეთიკის კოდექსის შემუშავების პროცესზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) წარმომადგენელმა. „დღეს ხელი მოეწერა ეთიკის კოდექსს, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტია იმ მხრივ, რომ ზოგადად, საარჩევნო გარემო გააუმჯობესოს, აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც ჩართულნი იყვნენ პროცესში. ზოგადად, მნიშვნელოვანია ამ ტიპის დოკუმენტები საარჩევნო გარემოსთვის, როგორც 29 აპრილის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე, ასევე მორიგ არჩევნებზეც“, - განაცხადა გიორგი მონიავამ. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) წარმომადგენლის ნანუკა ყრუაშვილის შეფასებით კი ,,შუალედური/რიგგარეშე არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ელექტრონული ტექნოლოგიები მასშტაბურად იქნება გამოყენებული. აქედან გამომდინარე, ეთიკის კოდექსით შემუშავებული საერთო წესების ზედმიწევნით დაცვა და შესრულება, როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის, ასევე ცესკოსთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.“ ქცევის (ეთიკის) კოდექსს ხელი დღეს 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა 11-მა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ მოაწერა. აღსანიშნავია რომ კოდექსზე ხელის მოწერა შეუძლია ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ამ არჩევნებზე დაკვირვებისთვის შესაბამის ვადებში დარეგისტრირდება.  

ცესკო ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს მიმართავს

29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებამდე ზუსტად ორი კვირა რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისათვის, რომ არჩევნები მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. ინფორმაციას ცესკო-ს პრესსამსახური ავრცელებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრეს-სპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, 29 აპრილის არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან წელს ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული და საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს აქტიურად ჩაერთონ პროცესში. „საარჩევნო ადმინისტრაცია არსებული პრაქტიკის შესაბამისად ამომრჩეველს ამ არჩევნებისთვისაც არაერთ სერვისს სთავაზობს. დღეს მინდა, შეგახსენოთ ინფორმაცია იმ სერვისებისა და ვადების შესახებ, რომელიც გადასატანი ყუთისა და ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნას უკავშირდება. 29 აპრილის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ შუალედურ არჩევნებში, შეუძლიათ, მოითხოვონ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი ადაპტირებულ/მისაწვდომი საარჩევნო უბანი. ამისათვის მათ არაუგვიანეს 21 აპრილის 18:00 საათამდე, უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას, ან დაუკავშირდნენ ცესკო-ს კონტაქტ-ჰაბს ტელეფონის ნომერზე – 2 51 00 51 და მოითხოვონ მათთვის სასურველი ადაპტირებული საარჩევნო უბანი. იგივე პროცედურა, იგივე ვადებში უნდა გაიაროს იმ ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებმა, რომლებიც მონაწილეობას იღებენ რიგგარეშე არჩევნებში. მათ შესაძლებლობა აქვთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მოითხოვონ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბანი. აღსანიშნავია, რომ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს ცესკო-ს ვებგვერდზე განთავსებულ „საარჩევნო რუკაზე“ შეუძლია ნახოს დეტალური ინფორმაცია და ფოტოები კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესახებ. ცესკო-ს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც მარტივი ადაპტაციის, ისე პანდუსის მქონე 69 საარჩევნო უბნის შესახებ, რომელიც 29 აპრილის არჩევნებისთვის იფუნქციონირებს. მივმართავთ ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს, სურვილის და საჭიროების შემთხვევაში, შეარჩიონ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი ადაპტირებული საარჩევნო უბანი და ინფორმაცია დროულად მიაწოდონ შესაბამის საარჩევნო კომისიას. რაც შეეხება გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნას. ამომრჩეველს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლადა იმყოფება ამავე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, შესაძლებლობა აქვს მოითხოვოს გადასატანი საარჩევნო ყუთი. ამისათვის მან უნდა მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას21 აპრილის 18:00 საათამდე. აღსანიშნავია, რომ ამ არჩევნებზე პირველად მოხდება იმ ამომრჩევლების მარკირება, რომლებიც ხმას მისცემენ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა. შეგახსენებთ, 29 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.  

29 აპრილს, საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე, მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

29 აპრილს, საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე, მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ცესკოში ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, ეს პირველი არჩევნებია, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს. „სწორედ ამიტომ, შეიძლება ითქვას ეს არის საქართველოს არჩევნების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება 29 აპრილის არჩევნებს. მიგვაჩნია, რომ ყველა ჩართულ მხარეს შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა საარჩევნო პროცესის წარმატებით წარმართვაში. სწორედ ამიტომ, უპირველესად, მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, მოვიდნენ არჩევნებზე, გააკეთონ არჩევანი და ნახონ, როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. ასევე მივმართავთ ჩართულ მხარეებს – პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას – მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიზაციის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში, დააკვირდნენ არჩევნებს და ჩვენთან ერთად ჩაერთონ ელექტრონული არჩევნების დანერგვაში. საარჩევნო რეფორმის წარმატებით განხორციელება ხომ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის პასუხისმგებლობაა. ჩვენ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას, რადგან არჩევნები საერთო საქმეა. შუალედური და რიგგარეშე არჩევნები 10 მუნიციპალიტეტში გაიმართება. ამომრჩევლები აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი – სენაკი – ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს. სულ გაიხსნება 165 საარჩევნო უბანი“, – აღნიშნა ცესკოს პრესსპიკერმა. მისი თქმით, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 117 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 91% მიიღებს. „აქვე მინდა, ამომრჩევლებს შევახსენო, რომ განსხვავებული იქნება საარჩევნო ბიულეტენიც – ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გააფერადოს კანდიდატის წინ არსებული წრე. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს. რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო. რაც შეეხება დანარჩენ, 48 საარჩევნო უბანს, (მათ შორის არის პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი ერთი უბანიც) აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა ამ შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. სიახლეა გადასატანი ყუთით სარგებლობასთან დაკავშირებითაც – პირველად ამ არჩევნებზე, ის ამომრჩევლებიც გაივლიან მარკირების პროცედურას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას. ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლა. სწორედ ამის შემდეგ შედგება შემაჯამებელი ოქმები, რომელიც დასკანერდება პლანშეტით და გამოიგზავნება პირდაპირ ცესკოში. რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ათივე მუნიციპალიტეტში 185 056-ია“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა. ამასთან, როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა აღნიშნა, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია შუალედური არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა – 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების 55 საერთაშორისო დამკვირვებელი. „არჩევნებს ასევე დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 258 წარმომადგენელი, 22 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 457 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 19 მედიაორგანიზაციის 353 წარმომადგენელი. საკანონმდებლო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით მრავალეტაპიანი სწავლება გაიარეს შესაბამისი საარჩევნო კომისიების წევრებმა და ისინი სრულად არიან მზად ამომრჩევლებს მაღალ პროფესიულ დონეზე მოემსახურონ. საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი – 2 51 00 51 და ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს საშუალება ექნება ინფორმაცია მიიღოს ვიდეოზარის მეშვეობით. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე“, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.  

ადგილი ჰქონდა რამდენიმე სარჩევნო უბანზე მცირე ტექნიკურ ხარვეზს - ცესკო

ადგილი ჰქონდა რამდენიმე სარჩევნო უბანზე მცირე ტექნიკურ ხარვეზს, რომელიც მალევე აღმოიფხვრა და ხმის მიცემის პროცესი არ შეფერხებულა,- ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება   „იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე, გადასატანი ყუთები უკვე გავიდა საარჩევნო უბნებიდან. შეგახსენებთ, რომ პირველად ამ არჩევნებზე, ის ამომრჩევლებიც გაივლიან მარკირებას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას. ეს არის ერთ-ერთი იმ სიახლეებიდან, რომელსაც დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია სთავაზობს ამომრჩევლებს“, - აღნიშნა ნათია იოსელიანმა როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა განაცხადა, ადგილი ჰქონდა რამდენიმე სარჩევნო უბანზე მცირე ტექნიკურ ხარვეზს, რომელიც მალევე აღმოიფხვრა და ხმის მიცემის პროცესი არ შეფერხებულა. „საარჩევნო ადმინისტრაციას გათვალისწინებული და დაზღვეული აქვს ყველა შესაძლო რისკი. შესაბამისად, არცერთ შემთხვევაში არ შეფერხდება ხმის მიცემის პროცესი. გაწერილი გვაქვს შესაბამისი ინსტრუქციები და როგორც საოლქო, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა იციან როგორ უნდა იმოქმედონ ასეთ შემთხვევებში. 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე მისული იყო 22 557 (12,19%) ამომრჩეველი. ამ დროისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა ცაგერში დაფიქსირდა, სადაც მოსულია ამომრჩეველთა 25,3 %. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ საკუთარი არჩევანი. აქვე შევახსენებთ მათ, რომ საარჩევნო სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების, ასევე საარჩევნო უბნის დეტალური მისამართის გასაგებად შეუძლიათ ისარგებლონ ცესკოს ვებგვერდით - cesko.ge. ინფორმაციის მიღება ასევე შეუძლიათ ცესკოს კონტაქტ-ჰაბში, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს, ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51“, - აღნიშნა ნათია იოსელიანმა.  

ცესკო-ს მონაცემებით, 10 მუნიციპალიტეტში მიმდინარე არჩევნებზე 15:00 საათისთვის აქტივობამ 20,25 % შეადგინა

საქართველოს რეგიონებში მიმდინარე შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე, ყველა ოლქის მასშტაბით, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20,25 % შეადგინა. საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი რეგისტრირებული 185 056 ამომრჩევლიდან 37 695-მა უკვე დააფიქსირა. რაც შეეხება კონკრეტულ ოლქებს, 15:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა ცაგერში იყო, სადაც ხმა 3 904-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო რაოდენობის 37,2 %-ია, 25%-იანი აქტივობა (930 ამომრჩეველი) დაფიქსირდა გურჯაანში, თიანეთში 26,1 % (231 ამომრჩეველი), ახალციხეში 33,5 (328 ამომრჩეველი), თერჯოლაში 24,6 % (7 946 ამომრჩეველი), ტყიბულში 19,3 % (1 093 ამომრჩეველი), ქუთაისში 13,3 (3 432 ამომრჩეველი), სენაკში 17,9 % (6 858 ამომრჩეველი), ხობში 23,7 (6 294) ამომრჩეველი. ფოთში 15:00 საათისთვის ხმა 6 679-მა ამომრჩეველმა მისცა, შესაბამისად აქტივობამ 16,5 % შეადგინა.  

საოლქო კომისიაში ერთი საჩივარია შესული - ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას ინფორმაციით, საოლქო კომისიაში ერთი საჩივარია შესული. საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება „ამ დროისთვის ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულია ერთი საჩივარი და ეს არის „სამართლიანი არჩევნების“ საჩივარი, რომელშიც კონკრეტულად მითითებული არის, რომ ამომრჩეველმა ბიულეტენი ვერ მოათავსა ხმის დამთვლელ აპარატში და მას დაეხმარა სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი. საოლქო კომისია განიხილავს ამ საჩივარს შესაბამის ვადებში. რაც შეეხება უბნებზე ვითარებას, 06:45 საათზე ყველა უბანი იყო გახსნილი, ყველა პროცედურა, რაც დაკავშირებული იყო წილისყრის პროცედურებთან, ჩატარდა კანონის დაცვით, ხოლო რაც შეეხება ელექტრონულ ტექნოლოგიებს, იყო მცირედი ტექნიკური ხარვეზები, თუმცა ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია შედეგებზე ამ დროისთვის და ჩვეულებრივად, ყველა საარჩევნო უბანზე პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში”, – განაცხადა სალომე როდონაიამ.  

საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება

საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ეს პირველი არჩევნებია, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს და სწორედ ამიტომ, შეიძლება ითქვას ეს არის საქართველოს არჩევნების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი. „საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება 29 აპრილის არჩევნებს. მიგვაჩნია, რომ ყველა ჩართულ მხარეს შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა საარჩევნო პროცესის წარმატებით წარმართვაში. სწორედ ამიტომ, უპირველესად, მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, მოვიდნენ არჩევნებზე, გააკეთონ არჩევანი და ნახონ, როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. ასევე მივმართავთ ჩართულ მხარეებს - პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას - მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიზაციის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში, დააკვირდნენ არჩევნებს და ჩვენთან ერთად ჩაერთონ ელექტრონული არჩევნების დანერგვაში. საარჩევნო რეფორმის წარმატებით განხორციელება ხომ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის პასუხისმგებლობაა. ჩვენ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას, რადგან არჩევნები საერთო საქმეა. შუალედური და რიგგარეშე არჩევნები 10 მუნიციპალიტეტში იმართება. ამომრჩევლები აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს. სულ გაიხსნა 165 საარჩევნო უბანი. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 117 საარჩევნო უბანზე ტარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 91% იღებს. აქვე მინდა ამომრჩევლებს შევახსენო, რომ განსხვავებული იქნება საარჩევნო ბიულეტენიც - ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გააფერადოს კანდიდატის წინ არსებული წრე. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს. რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო. რაც შეეხება დანარჩენ, 48 საარჩევნო უბანს, (მათ შორის არის პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი ერთი უბანიც) აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა ამ შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. სიახლეა გადასატანი ყუთით სარგებლობასთან დაკავშირებითაც - პირველად ამ არჩევნებზე, ის ამომრჩევლებიც გაივლიან მარკირების პროცედურას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას. ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლა. სწორედ ამის შემდეგ შედგება შემაჯამებელი ოქმები, რომელიც დასკანერდება პლანშეტით და გამოიგზავნება პირდაპირ ცესკოში. რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ათივე მუნიციპალიტეტში 185 056-ია. აღსანიშნავია, რომ არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია შუალედური არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა - 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების 55 საერთაშორისო დამკვირვებელი. არჩევნებს ასევე დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 258 წარმომადგენელი, 22 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 457 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 19 მედიაორგანიზაციის 353 წარმომადგენელი. საკანონმდებლო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით მრავალეტაპიანი სწავლება გაიარეს შესაბამისი საარჩევნო კომისიების წევრებმა და ისინი სრულად არიან მზად ამომრჩევლებს მაღალ პროფესიულ დონეზე მოემსახურონ. დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი - 2 51 00 51 და ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს საშუალება ექნება ინფორმაცია მიიღოს ვიდეოზარის მეშვეობით. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.  

გვინდა, მოვუწოდოთ ამომრჩევლებს, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ არჩევანი ტექნოლოგიების გამოყენებით - ცესკო

საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. დღეს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნა 10 მუნიციპალიტეტში, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. კენჭისყრა დაწყებულია, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. ცესკო მოუწოდებს ამომრჩევლებს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ არჩევანი ტექნოლოგიების გამოყენებით, რადგან მათივე შეფასებით, არჩევნები საერთო საქმეა. ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩევლები დღეს ირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი - სენაკი - ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა განაცხადა, ეს პირველი არჩევნებია, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს. სწორედ ამიტომ, ეს არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთგვარი გენერალური რეპეტიცია 2024 წლის არჩევნებისთვის. შესაბამისად, არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება, თუ როგორ წარიმართება საარჩევნო პროცესი ტექნოლოგიების გამოყენებით. ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება დღევანდელ არჩევნებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩევლების აქტიურობა. „პირველ რიგში გვინდა მოვუწოდოთ ამომრჩევლებს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ არჩევანი ტექნოლოგიების გამოყენებით. ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას, რადგან არჩევნები საერთო საქმეა. რაც შეეხება უშუალოდ საარჩევნო პროცედურებს, შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი. კენჭისყრა სულ 165 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 117 საარჩევნო უბანზე ტარდება. აქვე მინდა ამომრჩევლებს შევახსენო, რომ ასეთ უბნებზე განსხვავებულია საარჩევნო ბიულეტენიც - ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გააფერადოს კანდიდატის წინ არსებული წრე. დანარჩენ, 48 საარჩევნო უბანზე (მათ შორის არის პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი ერთი უბანიც) კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ტარდება, თუმცა ამ შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის. ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლაც. სწორედ ამის შემდეგ შედგება შემაჯამებელი ოქმები, რომელიც პლანშეტით პირდაპირ ცესკოში გამოიგზავნება. პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებულია ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები. გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დღეს ასევე დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში ან შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა. დღეს, მთელი დღის მანძილზე, გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები, ჩვენ მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას, როგორც კენჭისყრის დღის მიმდინარეობის, ასევე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ,“- განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.  

პაპუაშვილი საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებზე: სრულად ჯდება აპრობირებულ წესებთან, ექსპერიმენტმა არ გაამართლა

„შემოთავაზებული წესი სრულად ჯდება იმ აპრობირებულ წესებთან, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაშია - ექსპერიმენტმა, რომელიც ჩატარდა, არ გაამართლა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ცვლილებების შესახებ. „არსებული წესი არის აბსოლუტურად ხელოვნური, რომელიც პრაქტიკაში არ იმუშავებდა. საბოლოოდ, პრაქტიკამ დაადასტურა, რომ მიდგომა, თითქოს, კვალიფიციური უმრავლესობა კონსენსუსის მიღწევის პანაცეაა, ტყუილია. ექსპერიმენტმა, რომელიც ჩატარდა, არ გაამართლა. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს დავუბრუნდეთ და ისეთი წესები მივიღოთ, რაც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია და ახალი გადაწყვეტები არ მოვიფიქროთ. არ გვინდა, რომ ისეთი განსხვავებული წესები გვქონდეს, რაც ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას სცილდება და გარკვეული ექსპერიმენტია საქართველოსთვის, ამის გამართლებას იმით ცდილობენ ხოლმე, თითქოს, საქართველოს სპეციფიკური გამოწვევები აქვს და სპეციფიკური წესები უნდა მივიღოთ - ეს ასე არ არის. ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებებით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგებას - საია პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ერთი მხრივ - ასეთი ექსპერიმენტული წესები არ მუშაობს, მეორე მხრივ კი - არაფერი სპეციფიკური საქართველოში არაა. ქართველი ხალხი დემოკრატიის ისეთივე მოყვარულია, როგორც ევროპის სხვა ხალხები და ის, რაც კარგია სხვა ქვეყნებში, შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ კარგია საქართველოსთვის. ამიტომ, შემოთავაზებული წესი სრულად ჯდება იმ აპრობირებულ წესებთან, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაშია. პარლამენტს აქვს სრული მანდატი, ცესკოს წევრები აირჩიოს და აქ ექსპერიმენტებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.  

ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებებით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგებას - საია

ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებებით „ქართული ოცნება“ აგრძელებს კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგებას და ამცირებს ცესკოს დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ასევე მოუწოდებს პარლამენტს, გაითვალისწინოს სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციები და გადადგას ქმედითი, რეალური ნაბიჯები საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისთვის. „მიმდინარე წლის 8 მაისს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში ბიუროზე დაარეგისტრირეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ცესკოს თავმჯდომარესა და 7 წევრს საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით აირჩევს. არჩევისთვის საჭირო ხმების რაოდენობა კი არსებული 2/3-ის ნაცვლად უბრალო უმრავლესობამდე შემცირდება. ცესკოს დაკომპლექტების მოქმედი წესი, რომელიც „შარლ მიშელის შეთანხმების“ სულისკვეთებით იქნა მიღებული, ითვალისწინებს საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურაზე შეთანხმებას. დარეგისტრირებული ცვლილებების შემდეგ უქმდება კონსენსუსის მისაღწევად პარტიებს შორის მოლაპარაკებების საჭიროება და უმრავლესობას უფლებამოსილება ეძლევა ერთპიროვნულად დააკომპლექტოს ცესკო. გარდა ამისა, კომისიის დაკომპლექტების წესიდან პრეზიდენტის ჩამოშორებით საპარლამენტო უმრავლესობა კანონმდებლობას კვლავ არგებს საკუთარი პარტიის ინტერესებს. გასულ თვეებში ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურული სირთულეების გამო, მმართველმა პარტიამ ამჯერად გადაწყვიტა ამ პროცესში დამოუკიდებელი რგოლის, პრეზიდენტის ინიციატივის არსებითად გაუქმება და ის მხოლოდ იმ ნაწილში დატოვა, თუ პარლამენტი პირველ ჯერზე ვერ შეძლებს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას. ამის საწინააღმდეგოდ, საქართველო კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტი მონაწილეობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე გამწესებაში. ხოლო ამ პირების თანამდებობაზე განწესების თაობაზე პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას არ საჭიროებს სწორედ იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე წარდგინების უფლებას კონსტიტუცია ცალსახად პრეზიდენტს ანიჭებს. პარლამენტში დარეგისტრირებული ინიციატივით კი პრეზიდენტის არსებითი როლი ამ პროცესში იგნორირებულია. „შარლ მიშელის“ დოკუმენტზე ხელმოწერით, საპარლამენტო უმრავლესობამ შეთანხმების შესრულებისა და ამბიციური დემოკრატიული რეფორმების გატარების ვალდებულება აიღო, რაც არამხოლოდ „ქართული ოცნების“ კეთილი ნება, არამედ მისი, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის, მოვალეობაა. ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმიდან მე-2 პუნქტი გულისხმობს სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის ცესკოს დამოუკიდებლობის გაზრდას. ინიცირებული ცვლილებებით კი კონსენსუსის საჭიროების გაქრობა საარჩევნო ადმინისტრაციის საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი პოლიტიკური ხელისუფლებისათვის დაქვემდებარებას უზრუნველყოფს, რაც ინსტიტუტების გაძლიერების ნაცვლად, დაასუსტებს მათ. მიგვაჩნია, რომ ცესკოს დაკომპლექტების 2021 წელს მიღებული წესის უგულებელყოფით „ქართული ოცნება“ უარს აცხადებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რითაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესს, ევროინტეგრაციის პროცესს და იმ მთავარ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებსაც საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არსებული ურთიერთობა ეფუძნება. მმართველი პარტია კვლავ კანონმდებლობის ცვლილების გზას მიმართავს საკუთარი პარტიული ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ამასთან, პრეზიდენტისათვის ცესკოს დაკომპლექტებაში არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული როლის არსებითად შემცირება დამატებით ლეგიტიმურ კითხვებს წარმოშობს კონსტიტუციასთან მისი თავსებადობის თვალსაზრისითაც. საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს: - არ დაამტკიცოს შემოთავაზებული კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ “ქართული ოცნების” ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება; გაითვალისწინოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციები, გადადგას ქმედითი და რეალური ნაბიჯები საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისთვის“,-აღნიშნულია საიას განცხადებაში. ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. „სამართლიანი არჩევნები" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი უფრო მეტად შეამცირებს ცესკოს დამოუკიდებლობას, გაზრდის მასზე მმართველი პარტიის გავლენას და უკიდურესად დააკნინებს პრეზიდენტის როლს კანდიდატების შერჩევის პროცესში. არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის კონსენსუსის წესით არჩევა, ასევე მნიშვნელოვანი წინაპირობაა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტშიც. ამასთანავე, ორი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ინიციატივა სრულიად ეწინააღმდეგება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას, ვენეციის კომისიის/ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილი 12 პირობიდან ერთ-ერთს. „იცვლება და იზღუდება პრეზიდენტის როლი ცესკოს დაკომპლექტების პროცესში. ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების შესარჩევად, პრეზიდენტის ნაცვლად, საკონკურსო კომისიას შექმნის და შემდეგ კანდიდატებს საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე. 9-წევრიან საკონკურსო კომისიაში გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის 1 წარმომადგენლის ყოფნა. პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, მიიღებს გადაწყვეტილებას ცესკოს წევრობის კანდიდატთა წარდგენაზე უარის თქმისა და ხელახალი კონკურსის გამოცხადების შესახებ. ამასთან, თუ პარლამენტის მიერ კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, კენჭი ეყრება კონკურსში მონაწილე პირებიდან ამჯერად უკვე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ცესკოს წევრობის კანდიდატებს, არაუგვიანეს 14 დღის ვადაში. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არაუგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე კონკურსი თავიდან გამოცხადდება", - ნათქვამია „სამართლიანი არჩევნებისა" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ერთობლივ განცხადებაში. „სამართლიანი არჩევნებისა" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს.  

„ქართული ოცნება“ ცესკოს დაკომპლექტების წესს ცვლის

ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის წესში ცვლილებები შევა. ეს პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ამასთანავე, თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ. საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. კანონპროექტის ავტორები პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი არიან. მათო განმარტებით, ცესკოს წევრობისა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის დღეს მოქმედი წესის ანალოგიური სამართლებრივი პრაქტიკა არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არსებობს. პროექტი ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კანონის პროექტების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს. ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს კი პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს. უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაში გათვალისწინებულია საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში პრეზიდენტის ერთი წარმომადგენლის ყოფნა. იმ შემთხვევაში კი, თუ კენჭისყრის შედეგად, ყველა ვაკანსია არ შეივსო, პრეზიდენტი შესაბამისი კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატს წარადგენს და კენჭი პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურას ეყრება. მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები პარლამენტს ასარჩევად პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს, რომელიც მანამდე საკონკურსო კომისიას ქმნის და აცხადებს კონკურსს. რაც შეეხება პარლამენტის მიერ მათი არჩევის წესსა და პროცედურას, ცესკოს თავმჯდომარის და წევრების ასარჩევად პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა თავდაპირველად 2/3-იანი კვორუმით ტარდება. იმ შემთხვევაში, თუკი ცესკოს თავმჯდომარის 2/3-ით არჩევა ვერ ხდება, კენჭი მათ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ეყრება. 2/3-იანი კვორუმით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობას 5-წლიანი ვადით იკავებს, უბრალო უმრავლესობით დამტკიცებული – 6 თვის ვადით. ცესკოს დაკომპლექტების მოქმედი მოდელი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, ეს არის „სახელმწიფოს მიტაცების კლასიკური მაგალითი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, მმართველი გუნდი კონსტიტუციის გვერდის ავლით ცდილობს, მისთვის კომფორტული და უპირატესი გარემო მიიღოს და ეს არის ხელისუფლების შენარჩუნების მაგალითი. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, პრეზიდენტმა ვერ უზრუნველყო თავისი წილი პასუხისმგებლობა, რომ ობიექტური კანდიდატი წარედგინა, რომელსაც მათ შორის, ოპოზიციის მხარდაჭერაც ექნებოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. 8 მაისს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციიდან, პარტია „ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტიის კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება - პრეზიდენტის ნაცვლად, კანდიდატებს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს. ცნობისთვის, გასული წლის 5 აგვისტოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა. მათ შორის იყო ცესკოს მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილიც, თუმცა ის პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე არ წარადგინა. 2022 წლის დეკემბრის ბოლოს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია, პრეზიდენტის წარდგენილმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საკმარისი ხმების რაოდენობა. პრეზიდენტმა განმარტა, რატომ არ წარადგინა გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე  

ცვლილებები, რომლებიც ახლა ხორციელდება, გვაშორებს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

ის ცვლილებები, რომლებიც ახლა ხორციელდება, გვაშორებს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან, რეკომენდაციებისგან, -  ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. „ის ცვლილებები, რომელიც ახლა ხორციელდება მიმართულია პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვისკენ. ეს პირველი მცდელობა არ არის. საინტერესოა, ამ ცვლილების განმარტებით ბარათში წერია, რომ ეს ცვლილება ემსახურება 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას, რაც პირიქით არის. ეს გვაშორებს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან, იმ რეკომენდაციებისგან, რომელიც ევროკავშირმა მოგვცა. არ შეიძლება 1 ნაბიჯი გადადგა წინ და ორი ნაბიჯი უკან, ამით ვინმეს დაუახლოვდე, პირიქით, იქაც ვეღარ იქნები, სადაც იყავი, უკან იქნები. პრეზიდენტი, როდესაც საჭიროდ ჩათვლის, მოგახსენებთ თავის პოზიციას", - აღნიშნავს მსხილაძე. პარლამენტში ინიცირებულია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ცესკო: საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგი დისკრედიტაციული კამპანია მიმდინარეობს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგი დისკრედიტაციული კამპანია მიმდინარეობს. ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებებით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგებას - საია „გვინდა გამოვეხმაუროთ საარჩევნო ადმინისტრაციის მისამართით გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებების, დეზინფორმაციის და დისკრედიტაციის შემცველი განცხადებების მორიგ ტალღას, რომელმაც ბოლო 2 დღეა განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო. საარჩევნო ადმინისტრაცია, ისევე როგორც ამ უწყების წარმომადგენელი კონკრეტული პირები არაერთხელ გამხდარან პოლიტიკოსების თავდასხმის ობიექტი, პერმანენტულად ისმის ბრალდებები, რომ თითქოს ქვეყანაში არჩევნები ყალბდება, რომ ადმინისტრაცია ხელისუფლების ინტერესს ატარებს, თუმცა არასდროს არც ერთ მათგანს არ წარმოუდგენია გაჟღერებული ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტები. ადამიანებს, რომლებიც დემოკრატიის მაღალ სტანდარტებზე საუბრობენ, სამწუხაროდ ავიწყდებათ უდანაშაულობის პრეზუმფცია საარჩევნო ადმინისტრატორებთან მიმართებით და საკუთარი განცხადებებით არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების, არამედ ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტირებას ახდენენ. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამჯერად აღნიშნული კამპანია საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებით დაიწყო, რომელიც ცესკოში პარტია „ლელოს“ წარმოადგენს. საარჩევნო ადმინისტრაციის ნებისმიერმა წარმომადგენელმა და მით უფრო ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, კარგად იცის, თუ რამხელა რესურსი იხარჯება იმისთვის, რომ საქართველოში არჩევნები მაღალი სტანდარტით, პროფესიონალურად ჩატარდეს. კარგად ხედავს იმ სისტემის უპირატესობას, რომლის დანერგვაც ახლა საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარი საზრუნავია. ხედავს იმ აშკარა წარმატებას, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას ამ მიმართულებით აქვს და სამწუხაროა, რომ ყველა ამ წარმატების უგულებელყოფა ხდება პოლიტიკური ინტერესების და პოლიტიკური დღის წესრიგის გამო. საგულისხმოა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას შეხება არ აქვს იმ პროცესთან, რომელიც ამჟამად საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ცესკო არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ხოლო საკანონმდებლო ინიციატივების პოლიტიკური ასპექტების განხილვა და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ჩარევა არ წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებას. ამის მიუხედავად, დაინტერესებული მხარეები აქცენტს საარჩევნო ადმინისტრაციაზე აკეთებენ და უსაფუძვლო ბრალდებების გახმაურებით ცდილობენ საზოგადოებაში შექმნან მის მიმართ უნდობლობა. არსებული რეალობიდან გამომდინარე ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს დისკრედიტაციული კამპანია მიმართულია საარჩევნო ადმინისტრაციის აშკარა წარმატების დასაჩრდილად. სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ თვალნათლივ ნახა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად ჩაატარა შუალედური/რიგგარეშე არჩევნები. ამ არჩევნებმა უმაღლესი შეფასება მიიღო მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლების, უცხო ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების მხრიდან. საარჩევნო პროცესს აკვირდებოდნენ, მათ შორის, იმ პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები, რომლებიც ახლა საარჩევნო ადმინისტრაციის მისამართით დისკრედიტაციულ განცხადებებს აკეთებენ, თუმცა საარჩევნო პროცესთან მიმართებაში კითხვის ნიშნები არ გასჩენიათ. ამის მიუხედავად, ვისმენთ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელიც აზიანებს როგორც უწყებას, ისე მთლიანად საარჩევნო გარემოს. და ბოლოს საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე ამ ეტაპზე დგას უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რაც 2024 წლის პარლამენტის და ყველა მომდევნო საერთო არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებას გულისხმობს. აღნიშნული რეფორმის განხორციელება დაკავშირებულია კოლოსალურ სამუშაოსთან. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში სამართლიანი, გამჭვირვალე და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარებისა და ამ პროცესში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვისთვის. გვინდა მოვუწოდოთ პოლიტიკოსებს, საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა მხარეებს, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა შეაფასონ მხოლოდ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით და ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გამო, რადგან საარჩევნო პროცესის წარმატებით განხორციელება ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესშია“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.  

ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების შესახებ კანონპროექტებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტები, რომლებიც ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. პარლამენტის წევრების, მამუკა მდინარაძის, გივი მიქანაძის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის მიერ წარმოდგენილი პროექტები დეპუტატებს გივი მიქანაძემ გააცნო. „ჩვენ გთავაზობთ ცვლილებებს, რომლითაც პრეზიდენტის ის უფლებამოსილება, რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული 52-ე და 53-ე მუხლებით, შენარჩუნებულია, ამიტომ, პრეზიდენტის წარმომადგენლობა იქნება უზრუნველყოფილი შერჩევით პროცესში, ცვლილებას გთავაზობთ იმ კონტექსტში, რომ უფრო გაიზარდოს საზოგადოების ჩართულობა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ღია და გამჭვირვალე პროცესების საფუძველზე წარედგინოს ერთი კანდიდატურა, რომლის დამტკიცებისთვისაც აბსოლუტურად ვიზიარებთ არსებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკას და სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ხუთი წლის ვადით მოხდეს ცესკო-ს თავმჯდომარის თუ წევრის არჩევა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი არ მოხდება აღნიშნულის განხორციელება, პრეზიდენტს უნარჩუნდება უფლებამოსილება, დანარჩენი წევრობის კანდიდატებისგან შეარჩიოს მისი შეხედულებით ერთ-ერთი და წარუდგინოს პარლამენტს განსახილველად“, – განაცხადა გივი მიქანაძემ. ცვლილებებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ასევე იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი. კანონის პროექტების თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს. ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს კი პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს. უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაში გათვალისწინებულია საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში პრეზიდენტის ერთი წარმომადგენლის ყოფნა. ამავე პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, პრეზიდენტი შესაბამის კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატს წარადგენს და კენჭი პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურას ეყრება. მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ვალდებულებას, რომელიც დღეს მოქმედი კანონმდებლობით არსებობს ცესკოს წევრების, მაგრამ არ არსებობს თავმჯდომარის მიმართ. ცვლილების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეც დაექვემდებარება შესაბამის სერტიფიცირებას. „დღეს, საშიშროება, რომ არჩევნების საბოტაჟი განხორციელდეს, იმ კანონმდებლობით, რაც გვაქვს, ძალიან მაღალია. აქედან გამომდინარე, სწორედ აუცილებლობაა ამ კანონმდებლობის მიღების. პასუხისმგებლობა კონსტიტუციის და მოქალაქეების წინაშე გააჩნია ხელისუფლებას, რომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერია და რომელიც უზრუნველყოფს, მათ შორის, არჩევნების სამართლიანად, გამჭვირვალედ და ორგანიზებულად ჩატარებას“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.  

არ შეიძლება, ცესკოს თავმჯდომარე მუდმივად ექვსი თვით იყოს არჩეული - ვოლსკი

არ შეიძლება, ცესკოს თავმჯდომარე მუდმივად ექვსი თვით იყოს არჩეული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების შესახებ კანონპროექტებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა „პრეზიდენტს იმის რესურსი აქვს, საკითხზე კონსულტაციები მაინც გამართოს. ცესკო-ს საქმიანობაზე კარგი გამოცდილება, საერთაშორისო შეფასებები როცა არსებობს, პრეზიდენტის მხრიდან არასწორი პოლიტიკური ნაბიჯია ამის დაუფასებლობა, დაუნახაობა და მცდელობის გარეშე დატოვება, იქნებ, შეთანხმება მოხდეს. არ შეიძლება, ცესკო-ს თავმჯდომარე მუდმივად ექვსი თვით იყოს არჩეული, როცა მის წინაშე სერიოზული ამოცანებია. ყველა არჩევნებზე ცესკომ მაღალი კვალიფიკაცია აჩვენა, რაც მისასალმებელია. ადამიანი ამ თანამდებობაზე დანიშვნას როცა იმსახურებს და აქცენტების გადატანას ცდილობ, თურმე ოპოზიციის გარეშე ცესკო ვერ უნდა დაკომპლექტდეს და ამავე დროს, მობილიზებულია, საბოტაჟი გაუწიოს პროცესს, ამას სხვა პოლიტიკური კულტურა სჭირდება. ოპოზიციამ ეს ამ დრომდე ვერ გამოიჩინა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. „საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ცესკო-ს თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. 10 მაისს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ცესკო-სთან დაკავშირებულ კანონპროექტს, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.  

მმართველი გუნდი ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესს ისევ ცვლის

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის. ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებზე მედიასთან ისაუბრა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ. მან აღნიშნა, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების ასარჩევად 76 ხმის ნაცვლად, რომლითაც არსებული კანონის მიხედვით ისინი ხუთი წლის ვადით უნდა აირჩნენ, ხმების 3/5 – 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით მოხდება. მიქანაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტის მიხედვით, შესაბამისი კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ ვერც 76 ხმა მოგროვდება, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა. როგორც მიქანაძემ განაცხადა, პრეზიდენტს კონკურში მონაწილე ყველა კანდიდატის სია გადაეცემა და პრეზიდენტი ერთპიროვნულად გადაწყვეტს წარდგენილი სიიდან რომელი კანდიდატი დანიშნოს ცესკოს თავმჯდომარედ თუ ცესკოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე. „ზაფხულში, როცა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების შუალედური შეფასება გამოქვეყნდა, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა გამოთქვა მოსაზრებები საარჩევნო კანონმდებლობაში გატარებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. უახლოესს პერიოდში ევროკომისიამ წინასწარი დასკვნა უნდა დადოს, არ გვინდა არც ერთი კითხვა არსებობდეს - საქართველომ კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად და სამართლიანად უნდა მიიღოს,“ - განმარტა მიქანაძემ სარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების აუცილებლობა. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით, სექტემბერში მიიღებს.  

პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ ეს უკვე მერვე არჩევნებია, სადაც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს საპილოტე რეჟიმში იყენებს. „ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, 2024 წლის საერთო არჩევნებამდე კიდევ ერთხელ გამოვცადოთ ელექტრონული ტექნოლოგიები. არჩევნების მოდერნიზება - ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია და ყველა ჩართულ მხარეს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროცესის წარმატებით განხორციელებაში. სწორედ ამიტომ, უპირველესად, მოვუწოდებთ გორის, კასპისა და გურჯაანის ამომრჩევლებს, იაქტიურონ, მოვიდნენ არჩევნებზე, გააკეთონ არჩევანი და ნახონ, როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. ასევე მივმართავთ ჩართულ მხარეებს - პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას - ერთად შევუწყოთ ხელი ამ მიმართულებით ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას და არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას, რადგან არჩევნები საერთო საქმეა“, - განაცხადა იოსელიანმა. ცესკოს სპიკერის განცხადებით, შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩევლები პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს და გურჯაანის მერს აირჩევენ. შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის და ხმის დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 85.3% მიიღებს. „აქვე მინდა ამომრჩევლებს შევახსენო, რომ განსხვავებული იქნება საარჩევნო ბიულეტენიც - ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გააფერადოს კანდიდატის წინ არსებული წრე. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს. რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო. საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი - 2 51 00 51 და ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს საშუალება ექნება ინფორმაცია მიიღოს ვიდეოზარის მეშვეობით. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე,“ - განაცხადა იოსელიანმა.  

გორი-კასპის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" კანდიდატი 93,4%-ით ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს წინასწარ შედეგებს იმ 103 საარჩევნო უბნის მონაცემების საფუძველზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა. გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატი მხოლოდ „ქართულ ოცნებას" ჰყავდა წარდგენილი. მერობის კანდიდატი 48 წლის გიორგი მაჭავარიანია. ის 2011 წლიდან კანდიდატად წარდგენის დღემდე "სოკარ ჯორჯია გაზის" გურჯაანის სერვისცენტრის ხელმძღვანელი იყო. გორი-კასპის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" კანდიდატი ლიდერობს. „გურჯაანის შემთხვევაში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, გიორგი მაჭავარიანმა მიიღო 14 450 ხმა, ხოლო საპარლამენტო შუალედური არჩევნების ნაწილში, გორი-კასპის მე-15 მაჟორიტარულ ოლქში გვაქვს შემდეგი სურათი – საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, მამუკა ტუსკაძემ მიიღო 1 344 ხმა, რაც მონაწილეთა რაოდენობის 6,59%-ს შეადგენს. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, გიორგი სოსიაშვილმა მიიღო 19 032 ხმა, რაც 93,4 პროცენტია,“ – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, ელექტრონული დათვლის გარდა, კომისიები დამატებით ხელით გადაითვლიან შედეგებს, რაც, კალანდარიშვილის განცხადებით, სანდოობის მნიშვნელოვანი მექანიზმია, ამის შემდეგ კი, შედგება შემაჯამებელი ოქმი. გიორგი კალანდარიშვილის განმარტებით, დღევანდელმა არჩევნებმა დაადასტურა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის, ამომრჩევლებისა და საზოგადოების მზადყოფნა ელექტრონული არჩევნებისთვის უზრუნველყოფილია. ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 43 330-მა ადამიანმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 23,51 პროცენტია. მათ შორის, გორსა და კასპში არჩევნებზე მივიდა 25 627, გურჯაანში კი, 17 703 ამომრჩეველი. კენჭისყრის პროცესი დასრულდა. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა საინფორმაციო ბრიფინგზე აღნიშნა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 43 330-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 23,51%-ია. „მათ შორის გორსა და კასპში არჩევნებზე მივიდა 25 627, გურჯაანში კი 17 703 ამომრჩეველი.“ დღევანდელი დღე ელექტრონული არჩევნების დანერგვის პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია და საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას მშვიდ, სამუშაო ვითარებაში წარმართოს საქმიანობა. ამ ეტაპზე საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო პროცედურები. იმ უბნებზე სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, ხმის მთვლელ აპარატზე ამოიბეჭდება პირველადი შედეგების ამსახველი ამონაწერები და პლანშეტის საშუალებით გადმოიგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. შეგახსენებთ, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცესი 103 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა. ხმის დათვლის პროცედურები დაწყებულია დანარჩენ 30 უბანზე. მას შემდეგ, რაც შედგება შემაჯამებელი ოქმები, დასკანერდება და ასევე პლანშეტის საშუალებით გადმოიგზავნება ცესკოში. რის შემდეგაც, ჩვენ გვექნება საშუალება აღნიშნული უბნებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოვაქვეყნოთ წინასწარი, პირველად შედეგები. შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, ამ დროისთვის მხოლოდ 2 საჩივარია დაფიქსირებული, რომელსაც, რა თქმა უნდა, მოყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა ცესკოს კონტაქტ-ჰაბი, ამომრჩეეველთა კითხვები ძირითადად სიაში თავის გადამოწმებას და საარჩევნო უბნის მისამართის დაზუსტებას შეეხებოდა,“-განაცხადა ნათია იოსელიანმა. შეგახსენებთ, გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გორი-კასპის მაჟორიტარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა საპარლამენტო მანდატი ვადაზე ადრე დატოვა. გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება კი, მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც არჩეულმა მერმა ზურაბ უტიაშვილმა მიმდინარე წლის 8 ივნისს თანამდებობა დატოვა.

რას ითვალისწინებს ცესკოს მიერ დამტკიცებული 2024 წლის სამოქმედო გეგმა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის სამოქმედო გეგმა საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიის გათვალისწინებით შემუშავდა. გეგმაში ასახულია სტრატეგიული ამოცანების შესაბამისი აქტივობები, მათი უმეტესობა წარმოადგენს სიახლეს ან გულისხმობს ახალ მიდგომას, დაფუძნებულია მტკიცებულებებზე და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს ინოვაციურ მიდგომას. „საზოგადოების ინფორმირება და განათლება, სამართალწარმოების პროცესის განვითარება, მართვის ეფექტიანობის ზრდა, შესაძლებლობების განვითარება, საარჩევნო ოპერაციების ჰარმონიზაცია საკანონმდებლო (ტექნოლოგიურ) სიახლეებთან და ტექნოლოგიების გამოყენება საარჩევნო პროცესში - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელთა შესასრულებლად კონკრეტული აქტივობები დეტალურად არის გაწერილი სამოქმედო გეგმაში. აღსანიშნავია, რომ გეგმის დამტკიცებას წინ უძღოდა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელიც განსხვავებული მიდგომით, ინკლუზიურად და თანამშრომელთა მაღალი ჩართულობით ჩატარდა და მიმდინარე წელს განხორციელებული საქმიანობის შედეგების განხილვასა და სამომავლო საქმიანობის დაგეგმვას ითვალისწინებდა. მანამდე კი გაიმართა ინტენსიური შეხვედრები ყველა სტრუქტურული ერთეულისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლებთან. „წინ გვაქვს მნიშვნელოვანი წელი. არჩევნების მოდერნიზების პროცესში 2024 წლის პარლამენტის არჩევნები უმნიშვნელოვანესი ეტაპია. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის უპასუხოს უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებს. გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩართულ მხარეებთან, კიდევ უფრო ინტენსიური იქნება ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანია ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით. მზად ვართ შევასრულოთ სამოქმედო გეგმით გაწერილი აქტივობები და უზრუნველვყოთ მომავალი არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირება,“ - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა სხდომის დასრულების შემდეგ.  

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება

ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიების სარეგისტრაციო პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მისი მიხედვით, საქართველოს პარლამენტის არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ტარდება. „საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიების რეგისტრაციის პროცედურები ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 113-ე მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად. გაცნობებთ, რომ 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე რეგისტრირებული პარტიები: 1. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; 2. „ლელო საქართველოსთვის“; 3. „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – „გირჩი“; 4. „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“; 5. „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“; 6. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; 7. „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“; 8. „კანონი და სამართალი“; 9. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 10. „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“; 11. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“; 12. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“; 13. „პროგრესი და სამართალი“ აკმაყოფილებენ საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობას და საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დროისათვის ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები,“ – აღნიშნულია ცესკოს ინფორმაციაში. როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, აღნიშნულმა პარტიებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ ცესკო-ს თავმჯდომარეს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. „პარტიამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 113-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საქართველოს პარლამენტის არჩევნების წლის პირველი იანვრიდან 15 ივლისამდე პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკო-ს თავმჯდომარეს და განცხადების წარდგენისთანავე მას გადაეცემა მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია ვალდებულია, პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს პირველი აგვისტოსი, ცესკო-ს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. ასევე, შეგახსენებთ, რომ განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ცესკო-სთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო ათი დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც სურთ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა. დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51,“ – ნათქვამია ცესკოს ინფორმაციაში.  

ირაკლი კობახიძე: ვერავინ გვისაბუთებს, როგორ შეიძლება, ცესკოს ოპოზიციონერი წევრი ერთ-ერთი რადიკალური პარტიდან, გარკვეულ ვითარებაში გახდეს ცესკოს თავმჯდომარე

„ვერავინ ვერ გვისაბუთებს, როგორ შეიძლება, რომ ცესკოს ოპოზიციონერი წევრი, რომელიც არის იმავდროულად ერთ-ერთი რადიკალური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, გარკვეულ ვითარებაში გახდეს ცესკოს თავმჯდომარე. შესაბამისად, მე მიკვირს, რომ ვენეციის კომისია ასეთ რეკომენდაციებს იძლევა,“ - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს. კობახიძის თქმით, თუ ვინმეს მიეცემა ცესკოში საბოტაჟის უფლება, არაფერს აღარ ექნება ფასი,„ შესაბამისად, უნდა იყოს მიღებული ისეთი კანონი, რომელიც იქნება შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან.“ „რაც შეეხება 12 პუნქტს და შემდეგ 9 პუნქტს, რამდენი პუნქტი შევასრულეთ ამაზე იყო უამრავი სპეკულაცია. სინამდვილეში, მოხდა რა - ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ, მათ შორის, პარლამენტში უამრავი კანონი მივიღეთ და საბოლოო ჯამში, დღეს გვთხოვენ თუ არ ვცდები 2 პაკეტის მიღებას, მხოლოდ 2 კანონის მიღებას, საიდანაც ჩანს, რომ, თვისობრივად, იმ 12 პუნქტიდან არის ყველაფერი შესრულებული, რისი შესრულებაც შეიძლებოდა იმ კონკრეტულ მომენტამდე. რაც შეეხება ახალ პუნქტებს - კონკრეტულად ცესკოს თემაზე იყო საუბარი. აქ იცით პირადად ჩემი პოზიციაც და იცით ჩვენი სამართლებრივი არგუმენტები, რასაც ვერავინ დაუპირისპირა საკუთარი სამართლებრივი არგუმენტები. ვერავინ ვერ გვისაბუთებს, როგორ შეიძლება, რომ ცესკოს ოპოზიციონერი წევრი, რომელიც არის, იმავდროულად, ერთ-ერთი რადიკალური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, გარკვეულ ვითარებაში გახდეს ცესკოს თავმჯდომარე. როგორ შეიძლება, რაიმე სამართლებრივ ლოგიკაში ჩაჯდეს ეს ყველაფერი. შესაბამისად, მე მიკვირს, რომ ვენეციის კომისია ასეთ რეკომენდაციებს იძლევა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი საპარლამენტო სუვერენიტეტი და, ბუნებრივია, უნდა მივიღოთ მაქსიმალურად სამართლებრივად გამართული და რაციონალური გადაწყვეტილებები ყველა საკითხთან დაკავშირებით. რაც მთავარია, თუ ვინმეს მივცემთ ჩვენ ცესკოში საბოტაჟის საშუალებას, არაფერს აღარ ექნება ფასი. ვიღაცებს შეიძლება, ეს უნდათ, მაგრამ ცესკო უნდა მუშაობდეს გამართულად. ამაზე ვართ პასუხისმგებელი და შესაბამისად, უნდა იყოს მიღებული ისეთი კანონი, რომელიც იქნება შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან,“ - განაცხადა კობახიძემ. „ქართული ოცნება“ ცესკოს არალეგიტიმური თავმჯდომარის და წევრებისთვის ცვლის საარჩევნო კანონმდებლობას. აუქმებს ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობას და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებინებს „ქართული ოცნების“ პარტიულ ცესკოს. ეს ეწინააღმდეგება ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციებს, დემოკრატიული არჩევნების პრინციპს,“ ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სიორიძემ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. საზოგადოებას მოეხსენება, რომ ევროკავშირში სრული გაწევრიანებისთვის საქართველოს განესაზღვრა 9 ძირითადი მიმართულება. ევროკავშირის დათქმა არის სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება არ ასრულებს ამ რეკომენდაციას. საარჩევნო ადმინისტრაციას ტოვებს ლეგიტიმაციის კრიზისში და საფრთხეს უქმნის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. „ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციისკენ გადასადგმელი 9 ნაბიჯიდან ყველაზე მნიშვნელოვანს არა თუ არ დგამს, დგამს უკან. საარჩევნო ცვლილებები, რომელიც გაგზავნილი იქნა ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირში დასკვნისთვის, შეფასდა ამ ინსტიტუტების მიერ და ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას უთხრა: „დახიეთ თქვენი საარჩევნო რეფორმა“. ამის პასუხად, ხელისუფლებამ დახია ვენეციის კომისიის დასკვნა. ევროკავშირის გაცხადებული პოზიციით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარი პრობლემა მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის არარსებობაა. „ქართული ოცნება“ ცესკოს არალეგიტიმური თავმჯდომარის და წევრებისთვის ცვლის საარჩევნო კანონმდებლობას. აუქმებს ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობას და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებინებს „ქართული ოცნების“ პარტიულ ცესკოს. ეს ეწინააღმდეგება ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციებს, დემოკრატიული არჩევნების პრინციპს. მიუხედავად ყველა უკანონო მცდელობისა, არჩევნების ბედს გადაწყვეტს ქართველი ამომრჩეველი,“ - აღნიშნა სიორიძემ. პარლამენტი საარჩევნო ცვლილებათა პაკეტის განხილვას უბრუნდება, რომელიც ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას ითვალისწინებს. ბიუროს გადაწყვეტილებით, „საარჩევნო კოდექსსა” და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში აისახა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გააპროტესტა. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საქმე ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციას შორის ერთ-ერთი საკვანძო საკითხს ეხება, რომელზეც დამოკიდებულია შეძლებს თუ არა საქართველო ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.  

ცესკოში ოპოზიციიდან დანიშნული მოადგილის პოზიცია უქმდება - პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში”ცვლილება მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში” ცვლილება მეორე მოსმენით, 81 ხმით მიიღო. ცვლილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესს ეხება. კანონპროექტი დეპუტატებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ წარუდგინა. კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმის შემოღება ხდება. კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო, იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ 76 ხმით აირჩევენ. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა. ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს კენჭისყრიდან ერთ კვირაში კონკურსში მონაწილე პირთა სია და საკონკურსო დოკუმენტაცია გაეგზავნება. პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან ერთ კვირაში სიაში შემავალ პირთაგან 5 წლის ვადით დანიშნოს კანდიდატები. ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს. ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც ცესკოს პარტიულ წევრთაგან ინიშნება პირი და რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს. გასულ წელს პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაეგზავნა. ვენეციის კომისიამ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს დასკვნა წარუდგინა, თუმცა გივი მიქანაძის განცხადებით, დასკვნა დაცლილია სამართლებრივი არგუმენტაციისგან. მისი თქმით, ცესკოს დაკომპლექტების წესში განხორციელებულმა ცვლილებებმა მხოლოდ ის მოიტანა შედეგად, რომ ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევა 6-თვიანი ვადით ხდება. მისივე მოსაზრებით, 6-თვიანი მოდელი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს. „ჩვენ დავსვით მარტივი კითხვა, რომელ ქვეყანაში გინახავთ მოდელი, რომლის მიღებასაც გვთავაზობენ და რომლის გათვალისწინებით ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს, ფაქტობრივად, 6 თვით ვირჩევთ. 6 თვით დანიშნული ადამიანები რამდენად უზრუნველყოფენ დამოუკიდებლობის პრინციპს, ვიდრე 5 წლის ვადით არჩეულები? პასუხი იყო ცალსახა, რომ არ არსებობს მსგავსი მოდელი. არცერთი არგუმენტი არ ყოფილა წარმოდგენილი, თუ რატომ უნდა დაინერგოს ჩვენთან ასეთი მოდელი. ორწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ არსებულმა მოდელმა ვერ გაამართლა,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ. პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ოპოზიციიდან დაინტერესდნენ, ახალი ცვლილებები უზრუნველყოფს თუ არა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული „ცხრა ნაბიჯით" გათვალისწინებული პირობის შესრულებას. „ევროკავშირის მოთხოვნას ეს ცვლილება აკმაყოფილებს თუ არა? ევროკავშირმა გვითხრა, რომ მათი მოთხოვნაა ვენეციის კომისიის ყველა მოთხოვნის შესრულება," - მიმართა მომხსენებელს „ლელო"-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი მინაშვილის შეფასებით, თუკი ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის და ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციებს, ეს ნიშნავს, რომ ის არ აპირებს ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებას. ოპოზიციას უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა და განაცხადა, რომ „ვენეციის კომისიამ ნამდვილად პოლიტიკური რეკომენდაცია გასცა და მას არანაირი კავშირი სამართალთან არ აქვს... აშკარად შეცდომა არის დაშვებული." მისი თქმით, გასული წლის ზაფხულში კანონმდებლობა იმის გამო შეიცვალა, რომ საქართველოში არ იმუშავა მიღებულმა წესმა. ირაკლი კობახიძე: ვერავინ გვისაბუთებს, როგორ შეიძლება, ცესკოს ოპოზიციონერი წევრი ერთ-ერთი რადიკალური პარტიდან, გარკვეულ ვითარებაში გახდეს ცესკოს თავმჯდომარე ოპოზიციურმა პარტიამ „ლელომ“ კანონპროექტში ოპოზიციის კვოტით დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის გაუქმების შესახებ ჩანაწერი გააპროტესტა. „თქვენ აიღეთ და ვენეციის კომისიის დასკვნა გადააგდეთ ნაგვის ყუთში. ამის შედეგი არის ის, რომ ევროკომისია იტყვის, რომ რეკომენდაცია შესრულებული არ არის. ამ რეკომენდაციის ჩაგდება იქნება თქვენი პასუხისმგებლობა,“ მიმართა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პლენარულ სხდომაზე . ცნობისთვის, ევროკომისიის მიერ საქართველოს წინაშე წარდგენილ „ცხრა ნაბიჯში" არჩევნების საკითხზე წერია: „თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა - განსაკუთრებით 2024 წელს - და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე; საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა." ამასთან, ვენეციის კომისიამ უარყოფითად შეაფასა 2023 წლის ზაფხულში მიღებული ცვლილებებიც და აღნიშნა: „ცესკოს უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის წარდგენის უფლებამოსილების პარლამენტის თავმჯდომარისგან კვლავ საქართველოს პრეზიდენტის გადასცეს." „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანა „ქართულმა ოცნებამ", მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ აირჩია. თავმჯდომარის ასარჩევად მინიმუმ 100 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია კი მისაღებ კანდიდატურაზე შეთანხმებას ვერ ახერხებდა. ამის გამო, გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რანგში ხელმძღვანელობდა. 2023 წლის ივნისში „საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. მანამდე მოქმედი რედაქციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებდა კონკურსს და ქმნდა კანდიდატთა შესარჩევ კომისიას. შერჩეულ კანდიდატებს კი, წარუდგენდა პარლამენტს. ცვლილებების შედეგად, კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის უფლებამოსილება, პირველ ეტაპზე პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცა. ივნისის ცვლილებებით, 100 ხმის ნაცვლად, თავმჯდომარისა და წევრები 76 ხმით არჩევა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებით, აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს.

ელჩი დანიგანი: 2024 წლის არჩევნები არის შესაძლებლობა საქართველოსთვის დემოკრატიის სიძლიერის წარმოსაჩენად

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან საქართველოში რობინ დანიგანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესი იყო. გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ტექნოლოგიების გამოყენებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩასატარებლად. მან ელჩთან საუბრისას ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების, ამ მიმართულებით ამომრჩეველთა ინფორმირებისა და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ვრცლად ისაუბრა. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემოც. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყოველთვის იყო დიდი მხარდამჭერი საარჩევნო ადმინისტრაციის და საარჩევნო პროცესების განვითარების ქვეყანაში, რისი დასტურიც არის ჩვენს არაერთ საერთაშორისო პარტნიორთან არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. სწორედ ამის გამოძახილია დღევანდელი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ქალბატონ ელჩთან. ჩვენ განვიხილეთ 26 ოქტომბრის არჩევნების სამზადისი, ის გამოწვევები და საჭიროებები რომელიც დღეს ინსტიტუციის წინაშე დგას. ვისაუბრეთ საარჩევნო ადმინისტრაციის მნიშვნელოვან როლზე საარჩევნო პროცესებში, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და რა თქმა უნდა თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას. თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები დადებითად შეაფასა და საარჩევნო ადმინისტრაციას მხარდაჭერა გამოუცხადა ამ მნიშვნელოვან საქმეში. „ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ცესკოს საარჩევნო პროცესში აქ, საქართველოში, და ზოგადად ყველგან, მსოფლიო მასშტაბით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლები ასრულებენ უაღრესად მნიშვნელოვან სამუშაოს დემოკრატიული პროცესისთვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს არჩევნები არის შესაძლებლობა საქართველოსთვის დემოკრატიის სიძლიერის წარმოსაჩენად. ჩვენ ასევე განვიხილეთ აშშ-ის მხარდაჭერა ამ პროცესის მიმართ. ჩვენ ცესკოს მხარს ვუჭერთ სხვადასხვა პროგრამით და ამას გავაგრძელებთ მომავალშიც. მხარს დავუჭერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს. ჩვენი რეალური მიზანი, აშშ-ის მიზანია, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი და ქართველებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოიყენონ თავიანთი ხმის უფლება,“ - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა. შეხვედრის დასასრულს გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით მადლობა გადაუხადა ელჩს პირადად ამ საკითხებით დაინტერესებისთვის, გამოხატული ინტერესისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ გამოხატავს. შეხვედრას, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა, ასევე ესწრებოდნენ ცესკოს საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე და აშშ საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი კელი მაკინტოში. ელჩი დანიგანი: ყველას გვინდა, რომ საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ვნახოთ  

პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ცესკოს თავმჯდომარეს ოპოზიციონერი მოადგილე ჰყავდეს

„მე კონსპირაციის თეორიებიც გავიგე, თითქოს ვინმეს [ცესკოს] თავმჯდომარის მოკვლა უნდოდა და ამ შემთხვევაში არჩევნებს ოპოზიცია ჩაიგდებდა ხელში. თუ არჩევნებს არავინ აკონტროლებს, მაშინ ვის რა უნდა ჩაეგდო ხელში? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თავმჯდომარისთვის ოპოზიციონერი მოადგილის შერჩევასთან დაკავშირებით განაცხადა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საჭიროა ცენტრალური კომისიის თავმჯდომარეს ოპოზიციონერი მოადგილე ჰყავდეს, რადგან ამ შემთხვევაში მოსახლეობას განცდა აქვს, რომ პროცესში ყველა მეტ-ნაკლებად ჩართულია. მისივე თქმით, თუ არჩევნების შედეგების მიმართ რაიმე ფორმის უნდობლობა იარსებებს, ეს დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, „ეს არის პირველი ნაბიჯი დესტაბილიზაციისკენ.“ „მნიშვნელოვანია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შერეული იყოს პოზიციისა და ოპოზიციის ხმებს შორის ისეთი თანაფარდობით, რომ წარმოდგენა შეიქმნას, თითქოს, კანდიდატის ირგვლივ რაიმე კონსენსუსი მაინც არსებობდა. გარდა ამისა, ოპოზიციონერი მოადგილე, რომელიც ახალ პროექტში გააუქმეს, საჭიროა. ესეც მოსახლეობას უქმნის განცდას, რომ პროცესში ყველა მეტ-ნაკლებად ჩართულია და საქმის მიმართ მეტი ნდობა უჩნდებათ. მე კონსპირაციის თეორიებიც გავიგე, თითქოს, ვინმეს თავმჯდომარის მოკვლა უნდოდა და ამ შემთხვევაში არჩევნებს ოპოზიცია ჩაიგდებდა ხელში. თუ არჩევნებს არავინ აკონტროლებს, მაშინ ვის რა უნდა ჩაეგდო ხელში? ამ ყველაფრის გამო, ჩვენ ვეტოს ახალ რედაქტირებაში მათ შევთავაზეთ, რომ კონსპირაციის თეორიები დასრულდეს, ცხადია, მე ვისურვებდი, რომ ცესკოს თავმჯდომარეს არაფერი მოუვიდეს. თავმჯდომარეს ეყოლებოდა ერთი მოადგილე და მეორე ოპოზიციური მოადგილე თავის ოპოზიციურ როლში დარჩებოდა, მხოლოდ საქმის კურსში იქნებოდა და ნდობის მხრივ, პროცესს რაღაცას შემატებდა. როდის აქვს ხალხს არჩევნების შედეგის მიმართ უნდობლობა? როცა არ ენდობიან პროცესს ან იმათ, ვინც ამ პროცესს უძღვება, ამიტომ ყველას ინტერესია, რომ რაც შეიძლება მაღალი ნდობა იყოს ცესკოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების მიმართ. თუ არჩევნების შედეგების მიმართ რაიმე ფორმის უნდობლობა იარსებებს, ეს დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოსთვის ძალიან ცუდი იქნება. ეს არის პირველი ნაბიჯი დესტაბილიზაციისკენ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცესკოს კანდიდატთა შესარჩევ კომისიაში, პრეზიდენტის წარმომადგენელმა წევრობა შეიჩერა

პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის სამი კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ფარგლებში გასაუბრება მიმდინარეობს. პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა წევრმა ლევან შენგელიამ კანდიდატთა შესარჩევ საკონკურსო კომისიაში წევრობა შეიჩერა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ გადაწყვეტილებით, სოლიდარობა გამოუცხადა კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციების ორ წარმომადგენელს, ნინო ჩხობაძესა და ზაურ ხალილოვს, რომლებმაც ამ ეტაპზე კომისიაში მუშაობის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს. როგორც შენგელიამ განმარტა ამის მიზეზი ე.წ. აგენტების შესახებ კანონი გახდა, კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კომისიის სხდომის გადადება მოითხოვეს, რადგან 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იწყებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვას, თუმცა მათ დადებითი პასუხი ვერ მიიღეს. „ორმა წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, განცხადებით მიმართა კომისიას და განაცხადა, შეუძლებლობის შესახებ თავიანთი მუშაობისა, ამ კომისიაში. თქვეს, რომ ისინი შეაჩერებენ თავიანთ მონაწილეობას კომისიაში. თავიანთი გადაწყვეტილება დაუკავშირეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვის დაწყებას 15 აპრილს. ესენი არიან ნინო ჩხობაძე და ზაურ ხალილოვი. თხოვნა იყო, რომ ხომ გადაგვედო სხდომა საერთოდ და მერე მიიღებდნენ საბოლოო გადაწყვეტილებას იმ ვითარებიდან გამომდინარე, რასაც ელოდნენ. რადგან ეს გათვალისწინებული არ იქნა, მე როგორც კომისიის წევრი, პრეზიდენტის წარმომადგენელი, ასევე, ვაჩერებ ჩემ მონაწილეობას კომისიაში. ეს გვინდა, რომ აღქმული იქნას, როგორც სოლიდარობის დასტური იმ პოზიციისადმი, რომელიც ზოგადად აქვს საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს,“ - განაცხადა ლევან შენგელიამ. ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მხოლოდ მოქმედი ხელმძღვანელის, გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურაა წარდგენილი. ცესკოს წევრის სამ ვაკანსიის დასაკავებლად კი, ოთხ კანდიდატურას შეაფასებენ. 20 თებერვალს დამტკიცებული ცვლილებებით, საპარლამენტო უმრავლესობას კვლავ შეუნარჩუნდა ბერკეტი, რომ ცესკოს თავმჯდომარე თუ წევრები, 5-წლიანი სრული ვადით, საბოლოოდ - კვლავ 76 ხმით აირჩიოს. ძალაში დარჩა საარჩევნო კოდექსში მანამდე დამტკიცებული, სადავო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს და წარუდგენს პარლამენტს, ნაცვლად პრეზიდენტისა. პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.  

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია

პარლამენტმა 85 ხმით 16-ის წინააღმდეგ, უფლებამოსილების 5-წლიანი ვადით, ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. ამავე ვადით ცესკოს სამი წევრი - მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი დაამტკიცეს. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ წარდგენილ კანდიდატურებს “ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრების გარდა, პოლიტიკური ჯგუფების - “გირჩი“ და “ევროპელი სოციალისტები“ მხარდაჭერაც ჰქონდათ, თუმცა იმის გამო, რომ გასულ სასესიო კვირას რამდენიმე დეპუტატი მივლინებაში იყო, მათი 3/5-იანი კვორუმით არჩევა ვერ მოხერხდა. მმართველი გუნდის ინიციატივით, “საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და კომისიის წევრობის კანდიდატები პარლამენტში შექმნილმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია, ხოლო კანდიდატურები პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარემ წარუდგინა, ნაცვლად პრეზიდენტისა, როგორც ეს საკანონმდებლო ცვლილებებამდე ხდებოდა. 2021 წლის აგვისტოსა და 2022 წლის თებერვალში გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მხოლოდ ექვს-ექვს თვიანი ვადით აირჩიეს, რადგან თანამდებობის 5-წლიანი ვადით დასაკავებლად მას პარლამენტის ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობა მხარს არ უჭერდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა მესამედ ასარჩევად აღარ წარუდგინა. აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა და ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი შეცვალა.