საქართველოში ისრაელის ელჩის, რან გიდორი ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია კარკაძის ქადაგებას ეხმაურება და დეკანოზსს ანტისემიტურ ქადაგებაში ადანაშაულებს.
დღეს გავრცელებულ განცხადებაში ისრაელის ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა საჭირო ზომას, ქვეყანაში ანტისემიტიზმის აღმოცენების შესაჩერებლად.
„ზუსტად ერთი კვირის წინ გამოვხატე ჩემი სურვილი და იმედი, რომ ახალ წელს შევხვდებოდით კიდევ უფრო მტკიცე რწმენით, რომ ქართველებსა და ებრაელებს შორის მეგობრობა ისეთივე მტკიცეა, როგორც ყოველთვის და რომ ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს ქართულ საზოგადოებაში ადგილი არა აქვს.
სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ორშაბათს, 4 იანვარს, ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია, რომელთა ნაწილიც ევროპაში, 1930 წლებში გავრცელებულ ყველაზე სისხლიან ბრალდებებსა და ანტი-ებრაული სიძულვილის პროპაგანდას მოგვაგონებს.
როდესაც კარკაძემ ზემოაღნიშნული ანტისემიტური განცხადებები გააკეთა, ორი კვირაც კი არ იყო გასული ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის და წმინდა სინოდის წევრის, მეუფე იოანე გამრეკელის მიერ ჩატარებული ძალზედ სადავო და პრობლემური ქადაგებიდან, რომლის ნაწილიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც ანტისემიტური,.
მე ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში უკვე საკმარისად დიდი ხანი ვიმყოფები იმის გასაცნობიერებლად, რომ ქართველების უდიდესი ნაწილი არ იზიარებს ასეთ შემზარავ შეხედულებებს. ქართველებს დამსახურებლად აქვთ მოპოვებული სტუმართმოყვარე ადამიანების სახელი მთელ მსოფლიოში. სწორედ ამიტომ ცხოვრობს საქართველოში წარმატებული ებრაული საზოგადოება 2 ათასწლეულზე დიდხანს და, სწორედ ამიტომ, აქ ყველაზე ნაკლებად შეეხო მას ანტისემიტიზმი, ვიდრე სხვა ქვეყნების უმეტესობაში.
30 წლის წინ, მას შემდეგ რაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა, ისრაელი - ებრაული სახელმწიფო - ისწრაფის, რომ სათანადოდ დაუბრუნოს მას ეს სიკეთე და გამოხატავს მადლიერებას, მათ შორის ინვესტიციების განხორციელებით ადგილობრივ ეკონომიკაში, 1500-ზე მეტი ქართველის გადამზადებით ისეთ სფეროებში როგორიც არის მედიცინა, სოფლის მეურნეობა, განათლება და მაღალი ტექნოლოგიები, ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებითა და კოვიდ 19-ის პანდემიასთან ბრძოლაში დახმარების გაწევით”, -აღნიშნულია ისრაელის ელჩის განცხადებაში.
ელჩი ასევე ხაზს უსვამს 2019 წელს საქართველოში ისრაელიდან ტურისტების რეკორდულ რაოდენობის ვიზიტს.
„2019 წელს ისრაელიდან საქართველოს 200,000 სტუმარი ეწვია. ეს არის ტურისტების ყველაზე დიდი ჯგუფი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მას უშუალოდ არ ესაზღვრება. ეს ადამიანები ჩამოვიდნენ აქ იმ იმედით, რომ მათ კვლავ კეთილი განწყობით ელიან და რომ იყო ებრაელი საქართველოში ყოველთვის იქნება საამაყო და არა სასირცხვილო.
მიმდინარე თვეში, 27 იანვარს, აღინიშნება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე. როგორც ისრაელის სახელმწიფოს ელჩი და შვილი 91 წლის მამის, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ მკაფიოდ და ძლიერად გაისმას მისი ხმა და დაგმოს სიძულვილით სავსე ანტისემიტური გამოსვლები. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოხარული ვარ, რომ მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა გააკეთა განცხადება, რომელშიც ის მკაცრად გმობს ილია კარკაძის მიერ წარმოთქმულ სიტყვას და, ასევე, განმარტა მის მიერვე მანამდე გაკეთებული განცხადება, იმედს ვიტოვებ, რომ მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, რომელიც ყოველთვის ღიად საუბრობდა თავის გულწრფელ მეგობრობაზე ებრაელ ხალხთან, თავადაც კიდევ ერთხელ გაიმეორებს ტოლერანტობისკენ მოწოდების ეგზომ საჭირო გზავნილს და დაგმობს ნებისმიერი სახის ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს”, -აღნიშნულია რან გიდორის განცხადებაში.
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია კარკაძის ქადაგება დაგმო საქართველოს საპატრიარქომაც.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საპატრიარქომ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის იოანე (გამრეკელი) განცხადება გმოაქვეყნა.
„ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია კარკაძის ბოლო დროს თქმული ქადაგება სრულად წარმოადგენს უსაფუძვლო ბრალდებებს ებრაელი ერის ან ცალკეული წარმომადგენლების მიმართ. არ ეფუძნება ეკლესიის სწავლებას და გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით. ამასთან, ქართველებისა და ებრაელების ურთიერთთანადგომით სავსე კეთილმეგობრული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა საფუძვლის გარეშე კუსა და მორიელის იგავს არის შედარებული. ამგვარი შედარება შეუსაბამოა, გულსატკენი და დასაგმობი. დეკანოზმა ილიამ მიიღო შესაბამისი შენიშვნა და წუხს ნათქვამი სიტყვების გამო”, -აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის განცხადებით, დეკანოზი ილია ქადაგების გამო საჯაროდ ბოდიშს იხდის.
„აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნით ადრე ჩემ წინააღმდეგ ანტისემიტიზმის ბრალდებით აგორებული კამპანია მართებულად და ობიექტურად შეაფასა ისრაელის ელჩმა საქართველოში, ბატონმა რან გიდორმა და მაგალითი მოგვცა ტოლერანტობისა. ამგვარი ფაქიზი დამოკიდებულებით ჩვენ არა მარტო წარსული კეთილი ურთიერთობის ხსოვნას შევინარჩუნებთ, არამედ მომავალშიც გავაგრძელებთ მას”, - აცხადებს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი.