ამერიკის საელჩომ რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით ვიდეოგზავნილი გაავრცელა. დიპლომატიური მისიის თანამშრომლები და ელჩი კელი დეგნანი საქართველოს მოსახლეობას ქართულ ენაზე მიმართავენ.
„გვახსოვს, როგორ დაიწყო ყველაფერი, გვახსოვს დღევანდელი დღე. გვახსოვს რუსული ჯარის შემოსვლა საქართველოში, არ დავივიწყებთ ათობით ათას დევნილს, არ დავივიწყებთ მსხვერპლს. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის აგრესიის შეკავებას, ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობისთვის მუშაობას, ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდგებით“, - ამბობენ ვიდეომიმართვის მონაწილეები.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია.
რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დრო, საქართველოს 412 მოქალაქე დაიღუპა, 1747 კი, დაიჭრა.
- დაღუპულია - თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი
- საომარი მოქმედებების გაშუქებისას, დაიღუპა სამი ჟურნალისტი, ექვსი დაიჭრა
- დაიჭრა - 1747 ადამიანი. მათ შორის: 973 სამხედრო მოსამსახურე, 227 პოლიციელი და 547 მშვიდობიანი მოქალაქე
- ომის მიმდინარეობისას, 130 000 ადამიანს იძულებით მოუწია საკუთარი საცხოვრებლის დატოვება. მათგან, 25 000 დღემდე იძულებით გადაადგილებული პირია. ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა, ჯამში, ნახევარ მილიონს აღწევს
- კონფლიქტის ზონაში, სრულიად განადგურდა, დაიწვა და დაინგრა 35 000 სახლი
- ცხინვალის რეგიონში 125 სოფლის ოკუპაცია მოხდა