რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წლისთავის დღეს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოითხოვს ქვეყნის ტერიტორიების ნაწილის დეოკუპაციას.
„რუსეთი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, ოკუპაციის ქვეშ ჰყავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოს ამ ტერიტორიებზე. უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. იმის გამო, რომ მსოფლიო საზოგადოებისგან რუსეთმა სათანადო პასუხი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე არ მიიღო, 2014 წელს რუსეთმა გააგრძელა აგრესიული ქმედებები უკრაინაში - დაიკავა ყირიმი და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილი, ხოლო 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი მოქმედებები დაიწყო.
„დარწმუნებულნი ვართ, რომ შესაძლებელია რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის შეჩერება საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის მკაცრი დაცვისა და იმ ქვეყნების სრული მხარდაჭერით, რომელთა წინააღმდეგაც მოსკოვი აგრესიას ახორციელებს. უნდა მოხდეს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილების დეოკუპაცია, ხოლო რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა პასუხი უმკაცრესად უნდა აგონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„ერთად უფრო ძლიერები ვართ საერთო აგრესორის წინააღმდეგ“, - ასევე აღნიშავს უკრაინის საგარეო უწყება Twitter-ზე განთავსებულ განცხადებაში.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია.
რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.
საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.