საქართველოში რუსეთის შეჭრიდან მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, ეუთოში აშშ-ის მისია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს თავისი ჯარები ომამდელ პოზიციებზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და გააუქმოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება“. ამ ტექსტთან ერთად, მისია ვიდეოს Twitter-ზე აზიარებს.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დრო, საქართველოს 412 მოქალაქე დაიღუპა, 1747 კი, დაიჭრა.
- დაღუპულია - თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი
- საომარი მოქმედებების გაშუქებისას, დაიღუპა სამი ჟურნალისტი, ექვსი დაიჭრა
- დაიჭრა - 1747 ადამიანი. მათ შორის: 973 სამხედრო მოსამსახურე, 227 პოლიციელი და 547 მშვიდობიანი მოქალაქე
- ომის მიმდინარეობისას, 130 000 ადამიანს იძულებით მოუწია საკუთარი საცხოვრებლის დატოვება. მათგან, 25 000 დღემდე იძულებით გადაადგილებული პირია. ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა, ჯამში, ნახევარ მილიონს აღწევს
- კონფლიქტის ზონაში, სრულიად განადგურდა, დაიწვა და დაინგრა 35 000 სახლი
- ცხინვალის რეგიონში 125 სოფლის ოკუპაცია მოხდა
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია.
რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.