„რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 14 წლისთავზე, ფინეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ განაცხადა.
„საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს ეკუთვნის“ , - აღნიშნა ჰაავისტომ ფინეთის საგარეო უწყების ინფორმაციით.
ამასთან, „აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტული რეგიონების პროგრესირებად ანექსიას გმობს“ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-14 წლისთავზე, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტული რეგიონების პროგრესირებად ანექსიას“ , - ნათქვამია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ ესტონეთი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ გზას.
„14 წლის წინ, რუსეთმა წამოიწყო სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. როგორც დღეს ვხედავთ, თუ აგრესორს არ დაეკისრა პასუხისმგებლობა, მისი მადა მხოლოდ გაიზრდება. ესტონეთი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ გზას“, - წერს კაია კალასი.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, რუსეთი დღემდე აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას მეზობლების მიმართ.
„14 წლის წინ ამ დღეს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. დღემდე ის აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას მეზობლების მიმართ. სლოვაკეთი უარყოფს მსგავს ქცევას და თვლის არაკანონიერად, სახიფათოდ, უსარგებლოდ და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
კანადის საელჩო საქართველოში რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს.
„რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავზე კანადა კიდევ ერთხელ ადასტურებს მის სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. კანადა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენი ქვეყნები სიამაყით იზიარებენ თანამშრომლობისა და საერთაშორისო მშვიდობისადმი ერთგულებას. მოხარულები ვართ, რომ აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობებისა და მეგობრული კავშირების 30 წლისთავს“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესია საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა
„დღეს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან 14 წელი შესრულდა, ეს აგრესია საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. ჩვენ დავგმეთ მაშინ და ვგმობთ ახლაც. მოლდოვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.