პროკურატურამ კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის გიორგი გალდავას დაჭრის საქმეზე დაკავებულ ექიმს ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ მას ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკების გამო, ბრალდებულმა სამედიცინო დაწესებულებაში, ერთ-ერთ სამუშაო კაბინეტში სცადა კოლეგის მოკვლა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღიდან გასროლით, რაც ვერ განახორციელა საავადმყოფოს თანამშრომელთა ხელშეშლის გამო. დაზარალებულს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - აღიშნულია ინფორმაციაში.
პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.