საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. პრეზიდენტმა აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგო, რის შემდეგაც მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„მინდა, სრულიად საქართველოს გავუზიარო დღევანდელი დღის დიდი მნიშვნელობა. ყველაფერი არ უნდა გადავიტანოთ ტრაგიზმში. ეს არის მნიშვნელოვანი დღეები, ბრძოლები, რომლებიც დამთავრდა ოკუპირებული ტერიტორიებით, ანუ ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ საქართველომ მაინც გაიმარჯვა, რადგან დღეს ჩვენი დამოუკიდებლობა არის უფრო ძლიერი, ჩვენი დემოკრატია არის უფრო ძლიერი, ჩვენი გზა ევროპისკენ არის უფრო ძლიერი და ამდენად, ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ.
დღეს უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ისინი არ უნდა დავივიწყოთ, არ უნდა შევეგუოთ ამ მდგომარეობას, მაგრამ წინ უნდა ვიაროთ. იმისთვის, რომ წინ ვიაროთ, აუცილებელია, ჩვენ ვიყოთ ერთიანი. ერთობის გარეშე ჩვენ ამ გზას ვერ გავივლით, ჩვენ ვერ შემოვიერთებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში, ცხინვალში და ამისთვის უნდა დავივიწყოთ ის ბოღმა, ის სიძულვილი, რომელიც სუფევს ამ ქვეყანაში და ყველას გვძირავს. უნდა ვიაროთ წინ საბოლოო გამარჯვებისკენ.
ისიც მინდა, ვთქვა, რომ ამ ქვეყანაში არავინ არის ომის მომხრე, ახალი ომის მომხრე, მეორე ფრონტის, ეს ყველაფერი არის თემები, რომლებიც მე არ მესმის. ამ ქვეყანაში ყველა არის მომხრე, რომ საქართველო გაძლიერდეს, იყოს ერთიანი, იყოს დამოუკიდებელი. ამ საქართველოს გაუმარჯოს, ამ საქართველოსთვის დაიღუპნენ ეს ადამიანები, ამ საქართველოსთვის სიცოცხლე დადეს და პატივს უნდა ვცემდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია.
რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.
საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.