გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან სანთლების ტრადიციული აქცია მოეწყო.
მათივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მემორიალი გვირგვინებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„2008 წლის აგვისტოში საქართველომ უმძიმესი დღეები გამოიარა. დღეს, პატივი მივაგეთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებასა და მომავალს სიცოცხლე შესწირეს. ისინი საქართველოს ყოველთვის ემახსოვრება. მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა დაკარგულ ტერიტორიებს მალე დაიბრუნებს,“ - აცხადებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია.
ასევე წაიკითხეთ:
რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.
საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.