„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ თარიღებზე გვიწევს საუბარი, ჩვენ ყველა იმისთვის ვართ შეკრებილები, რომ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე, დანარჩენ სპეკულაციებს თარიღებზე, გთხოვთ, ყველამ თავი შევიკავოთ“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, „რატომ არ აღნიშნავს ის ომის თარიღს 7 აგვისტოს, როდესაც რუსეთის არმია შემოვიდა საქართველოში“.
უხერხული ხომ არ არის, რომ მედვედევის რიტორიკის საპასუხოდ მოდიხართ აქ? - მიმართა ჟურნალისტმა ღარიბაშვილს, რომელიც დღეს დილით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.
„თარიღი 8 აგვისტო არასდროს გამხდარა განხილვის საგანი, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ (მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. რედ.) ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ და საერთოდ, უხერხულია, ჩვენი გმირების ოჯახის წევრები დგანან და ჩვენ ვსაუბრობთ თარიღებზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა პროვოკაციული უწოდა შეკითხვას მის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია.
რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.
საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.