ჯუანშერ ბურჭულაძე: დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, პირობას ვდებთ, რომ გავაგრძელებთ მათ ოჯახებზე ზრუნვას

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„პირველ ყოვლისა, ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს და ჩვენი ხელისუფლება პირობას ვდებთ, რომ გავაგრძელებთ მათ ოჯახებზე ზრუნვას. 14 წლის შემდეგ, ცივილურმა სამყარომ დღეს ალბათ საუკეთესოდ გაიაზრა, რომ 2008 წელს უნდა შეენარჩუნებინა მეტად პრინციპული პოზიცია. ეს პრინციპული პოზიცია, ჩემი აზრით, დღესაც შეიძლება იყოს გამოხატული და დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაცია ცივილური სამყაროს მიმართულებით, იქნება ეს კოლექტიური უსაფრთხოება, ევროკავშირი, თუ სხვა ორგანიზაციები“, – განაცხადა ბურჭულაძემ.


ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია.

ასევე წაიკითხეთ:

რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.