ირაკლი ღარიბაშვილი: ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი, თავიდან ვერ აიცილეს ომი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კვლა გაიმეორა, რომ „მოღალატე პოლიტიკურ ძალას საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა კვლავ სურს. პრემიერმა ჟურნალისტების შეკითხვებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე უპასუხა.

„მე გეტყვით მთავარს - თქვენი ტელევიზიების დე-ფაქტო მფლობელის, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი. ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი. მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და ხალხი, ჩვენი სამხედროები.

დღეს რომ გამოდიან და თავს დებენ პატრიოტობაზე, მინდა მათ შევახსენო, აგვისტოს ომის შემდეგ რამდენიმე თვე იყო გასული, 2009 წლიდან სააკაშვილმა დაიწყო რუსული სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემა. მაშინ მოვისმინეთ, რომ რუსულ ფულს სუნი არ ჰქონდა - ეს ერთი; მეორე - სააკაშვილის ხელისუფლებამ ცალმხრივად გააუქმა უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. მესამე - ასევე სააკაშვილის ხელისუფლებამ ომის შემდეგ არავითარი ქმედება არ განახორციელა, რომ სანქციების ორგანიზება გაეკეთებინა, დაეწყოთ მუშაობა, რათა რუსეთს გარკვეული სანქციები დაკისრებოდა ოკუპაციის გამო, ამის ნაცვლად, მათ ცალმხრივად გააუქმეს უვიზო რეჟიმი, რუსულ კომპანიებს სტრატეგიული ობიექტები გადასცეს და შემდეგ მხარი დაუჭირეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„მიუხედავად მრავალი მცდელობისა და გეგმა, ვინც ეს ომი ვერ ააცილა და არ ააცილა ჩვენს ქვეყანას, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი ყოფილიყო, ჩაიშალა და ჩაიშლება ყოველთვის. ამის შემდეგ მათ ნახეს, რომ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა არის მთელს მსოფლიოში საქართველოში, არცერთ ქვეყანაში არ არის ასეთი პროგრესი ასე ვთქვათ და ვინაიდან მათ ვერ მიაღწიეს მიზანს და ვერ გადმოიტანეს მეორე ფრონტი საქართველოში, უნდათ, რამენაირად დააზიანონ ისევ ჩვენი მოქალაქეები. როცა უნდათ, რომ შეაფერხონ ტურიზმი, ტურისტების შემოდინება საქართველოში, ეს ვისზე აისახება? - აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ეკონომიკაზე, ჩვენს ხალხზე, მოქალაქეებზე. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შეკითხვის საპასუხოდ, რატომ არ აწესებს საქართველო სავიზო შეზღუდვებს რუსეთის მოქალაქეებისთვის.