შალვა პაპუაშვილი: 14 წელი გავიდა ომიდან, ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს

14 წელი გავიდა ომიდან. ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს. ეს წლები არის, როდესაც ჩვენი სახელმწიფო, დაღუპულთა ოჯახები ყოველდღიურად ვფიქრობდით იმ მსხვერპლზე, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა და სამოქალაქო პირებმა გაიღეს ამ ომის დროს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, იმის გამო, რომ 2008 წელს საერთაშორისო რეაგირება არ ჰქონდა ამ ამბავს, 2014 წელს ვნახეთ რა მოხდა უკრაინაში, შემდეგ 2022 წელს. ეს არის ერთი, მთლიანი აგრესიის ნაწილი. მნიშვნელოვანია, ამ გადმოსახედიდან ვიცოდეთ, რამხელა რისკებია საქართველოსთან დაკავშირებით რუსული აგრესიის მხრივ და სწორედ ამ რისკების გაცნობიერებით იმოქმედა ჩვენმა სახელმწიფომ. 

მნიშვნელოვანია NATO-ს უსაფრთხოების ქოლგა და სწორედ ამიტომ, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ აჩვენოს მზაობა NATO-ს წევრობის და ვფიქრობ, დღეს არსებობს კონსესუსი, რომ საქართველო მზად არის, იყოს NATO-ს წევრი ქვეყანა, საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-ს წევრების მხრიდან. ასევე, მნიშვნელოვანია ეკონომიკური უსაფრთხოების ქოლგა და სწორედ ამიტომ, გაკეთდა განაცხადა ევროკავშირის წევრობაზე. ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად თანხმობაა, რომ საქართველოც იმსახურებდა, მიეღო კანდიდატის სტატუსი ახლავე. მთავარია ახლა ამ პირობების შესრულება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია.

ასევე წაიკითხეთ:

რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.