რუსული ოკუპაციის დასასრულებლად და აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ხიდების აღსადგენად საქართველოს სამშვიდობო ძალისხმევა გრძელდება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„დღეს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 14 წელი შესრულდა. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ, ვინც გმირულად დაეცა ჩვენი თავისუფლებისთვის. რუსული ოკუპაციის დასასრულებლად და აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ხიდების აღსადგენად საქართველოს სამშვიდობო ძალისხმევა გრძელდება“, – წერს დარჩიაშვილი.
ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია.
რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.
საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.